თუ კორონავირუსი დაგიდასტურდათ და 112-ს ვერ უკავშირდებით, ოჯახის ექიმიც არ გირეკავთ - როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს - მშობლები

თუ კორონავირუსი დაგიდასტურდათ და 112-ს ვერ უკავშირდებით, ოჯახის ექიმიც არ გირეკავთ - როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს

2022-02-09 07:47:46+04:00
საქართველოში კორონავირუსის მზარდი სტატისტიკაა. ბოლო 24 საათში ვირუსი 25 161 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო 51 გარდაცვალების შემთხვევაა. გაზრდილი სტატისტიკის ფონზე, უამრავი ადამიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვერ უკავშირდებიან 112-ს ან კიდევ ისე გადის რამდენიმე დღე, ოჯახის ექიმი არ ურეკავთ და არ ამოწმებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას. სად შეგიძლიათ დარეკოთ, თუ 112-ს ვერ უკავშირდებით, ჯანდაცვის სამნინისტროს მივმართეთ შეკითხვით:

"პირველ რიგში, ადამიანებმა 112-ზე უნდა დარეკონ, მაგრამ თუ ვერ ახერხებენ დარეკვას, მაშინ სპეციალურად შექმნილ საიტზე, https://er.moh.gov.ge/-ზე უნდა დარეგისტრირდნენ ინდივიდუალურად. გარდა ამისა, შეუძლიათ, დარეკონ 15 22-ზე. როდესაც პაციენტი 112-ში რეკავს ან რეგისტრირდება er.moh.gov.ge-ზე, 48 საათის განმავლობაში კოვიდექიმი უნდა დაუკავშირდეს. თუ ამ დროის განმავლობაში ექიმი არ უკავშირდება, შემდეგ უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს 15 05-ზე. ჩვენ ვინიშნავთ მონაცემებს და გადავცემთ მათ, ვისაც უშუალოდ ეხება. 112-ში დარეკვისა და კოვიდექიმის მიმაგრების შემდეგ, პაციენტებს უფასოდ შეუძლიათ საჭირო ანალიზების გაკეთება, რომელზე მიმართვასაც აღნიშნული ექიმი გასცემს." - გვითხრეს ჯანდაცვის სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ თუ ოჯახში რამდენიმე ადამიანს დაგიდასტურდათ კორონავირუსი და მითითებულ საიტზე აპირებთ დარეგისტრირებას, თითოეული წევრის მონაცემი ცალ-ცალკე უნდა შეავსოთ.

თამარ იაკობაშვილი