ახალგაზრდა დედის, მარიამ ხურცილავას გულწრფელ პოსტს გთავაზობთ. მარიამი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს და მის აღნიშვნასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს გამოეხმაურა:
"ცოტა გრძელი ტექსტი გამომივა, მაგრამ შევეცდები აგიხსნათ ჩემი, როგორც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მშობლის პოზიცია და არა მარტო ჩემი(უამრავი მშობელი ფიქრობს ასე) ჭრელ წინდებთან დაკავშირებით. დამეთანხმებით ბაღის და 1,2,3... კლასის მოსწავლეებს წარმოდგენა არ აქვთ რას ნიშნავს ქრომოსომა და როგორც არ უნდა ვეცადოთ ახსნა ვერ გავაგებინებთ. ამისთვის საჭიროა გარკვეული ასაკი და ცოდნა. ჭრელი წინდების და მზეების გამოფენით ბაღებსა და სკოლებში თქვენდაუნებურად აძლიერებთ სტიგმას და პოზიტიურ დისკრიმინაციას. ბავშვები რეალურად ვერ აღიქვამენ რა ხდება და ჩვენი შვილების „სიმბოლოდ“ მათ წარმოდგენაში რჩება „ნასკი“ და მზე. აქვე ვამტკიცებთ იმასაც რომ საზოგადოებამ უნდა მიიღოს ეს ადამიანები სრულფასოვან წევრებად და ამავდროულად ყოველი წლის 21 მარტს ბაღებსა და სკოლებში ბავშვებს ვაგრძნობინებთ რომ ისინი განსხვავებულები არიან და ეს დღე კონკრეტულად მათ ერთით მეტ ქრომოსომას ეთმობა. ამ დროს თან ვამბობთ რომ ქრომოსომებს არ ვითვლით. ერთმანეთის საწინააღმდეგო ქმედებებია ხვდებით? 21 მარტი არის დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე, მთელი მარტის თვე. რა თქმა უნდა ცნობიერების ამაღლებაზე უნდა ვიმუშაოთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ყველამ, მაგრამ ძალიან დიდი სიფრთხილით. თავის დროზე ამ წინდამ თავისი წვლილი შეიტანა ინფორმაციის გავრცელებაში, თუმცა უკვე ძალიან გამაღიზიანებელია „ნასკთან“ გაიგივება. ჩემი ორივე შვილი ბაღის ასაკისაა, არც ერთი არ გავუშვი 21 მარტს ბაღში. იმის შიში მქონდა, ვინმეს არასწორად არ მიეწოდებინა ინფორმაცია ჩემი უფროსი შვილისთვის თავის ძმასთან დაკავშირებით. რა უნდა აეხსნათ? რატომ არის თავისი ძმის „სიმბოლო“ ნასკი? რატომ არის კონკრეტულად ეს ერთი დღე დაჩისთვის და არა მისთვის? თუ კარგად დაფიქრდებით მიხვდებით რასაც ვგულისხმობ. ასევე მინდა გთხოვოთ, ნუ ეძახით მათ მზის შვილებს, მზეებს. ისინი ჩვენი შვილები არიან ჩემი, ნინოსი, თათიასი, ეკასი და ა.შ, არანაირი მზის შვილები.21 მარტის მილოცვა ასევე არის სრული აბსურდი, ეს არ არის დაბადების დღე ან ახალი წელი რომ მოგვილოცოთ. ცნობიერების ამაღლების დღეა, საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას და არ არის დღესასწაული.მე რასაც ვუყურებ ტელევიზიებში და სოც. ქსელებში ისე ხატავენ სიტუაციას თითქოს ყველაფერი რიგზეა ამ ადამიანების გარშემო, ვარდისფერ სამყაროში ცხოვრობენ. რეალურად ეს ესე არ არის. უამრავი პრობლემისა და გამოწვევების წინაშე ვდგევართ და ნუ დავუმატებთ ამას კიდევ გაუაზრებლად სხვა პრობლემასაც. მადლობა, მათ ვინც წაიკითხავს და გაიზრებს ამ ყველაფერს".