წიგნის ჩუქების თვესთან დაკავშირებით გამომცემლობა
„პალიტრა L“ პატარა ერთგულ მკითხველებსა და მათ მშობლებს სიახლეებსა და სიურპრიზებს უმზადებს. მსოფლიოს მასშტაბით 23 აპრილს წიგნის ჩუქების დღეს აღნიშნავენ, გასული წლიდან კი საქართველოში აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდა და ლიტერატურული საზოგადოება მას განსაკუთრებულად აღნიშნავს.
„პალიტრა L"-მა დაიწყო კამპანია „ეს წიგნი ეკუთვნის“... - რომლის ფარგლებშიც დაგეხმარებათ, საჩუქრის ადრესატს სწორად შეურჩიოთ საკითხავი ლიტერატურა და საყვარელი ადამიანი გაახაროთ, წიგნი ხომ საუკეთესო საჩუქარია!
კამპანიის ფარგლებში „პალიტრა L“ გვთავაზობს 5 საბავშვო და მშობლებისთვის განკუთვნილ წიგნს, რომელიც თქვენს პატარებს გაამხიარულებს და განვითარებაში დაეხმარება:
ლელა ცუცქირიძე „პალიტრა L-ის“ კონკურსის „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორის“ ერთ-ერთი გამარჯვებულია.
„ფისო ფიო-ფიო და სხვები“ არის წიგნები პატარებისა და უფროსებისთვის, რომელიც ორივე თაობას კომუნიკაციის უკეთ დამყარებასა და შემეცნების პროცესის გახალისებაში ეხმარება.
ფისო ფიო-ფიო, კეთილი ფუტკარი ზუუ, წიწილა წია-წია, ცელქი ჭუჭულები, დათუნიები დუდულა და დადალა, თიკანი კიკინა - პატარა ყველას ამ წიგნში გაიცნობს, ყველა მისი მეგობარი გახდება და ერთად ითამაშებენ. წიგნის მხიარულ პერსონაჟებთან ერთად გატარებული დრო ბავშვებს არასდროს დაავიწყდებათ.
წიგნის პირველი ნაწილი შედგენილია პატარებისთვის, ხოლო მეორე - უფროსებისთვის, რომლებიც გაეცნობიან, როგორ უნდა წარმართონ შემეცნებითი თამაშები და როგორ დაგეგმონ მომდევნო აქტივობები. აღსანიშნავია, რომ ლელა ცუცქირიძის წიგნში აღწერილი აქტივობები გამოცდილია „ამონაშვილის აკადემიაში“.
„ამბები კატა კოტოსი“ ასევე „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი 2021-ის“ გამარჯვებულია. მხიარული ფისოს ისტორიების ილუსტრაციები კი ბავშვებისთვის ახალი აღმოჩენა იქნება, რადგან ა გიგოლაშვილმა ისინი პლასტილინისგან შექმნა. მათ მაგალითზე კი შეიძლება, პატარასაც გაუჩნდეს სურვილი, ზღაპრის პერსონაჟები თავადაც გამოძერწოს.
კოტო მფრინავი კატაა, რომელიც სიკეთით, სამართლიანობითა და მზრუნველობით გამოირჩევა. მას უყვარს თავისუფლება, სილაღე და უსამართლობასთან ბრძოლა. კოტო პატარა მკითხველისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი პერსონაჟი გახდება.
ჩვენს ქვეყანაში შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხი ჯერ კიდევ კრიტიკულად დგას. ერთ-ერთი მიზეზი ინფორმაციის ნაკლებობაა, რომელიც საბოლოოდ, მთელ რიგ პრობლემებს ქმნის. დავით ალთუნაშვილი, რომელიც ასევე „პალიტრა L-ის“ კონკურსის გამარჯვებულია, შეეცადა, უფარფლებო თევზის - რიტოს მაგალითზე ბავშვებისთვის სწორად მიეწოდებინა შშმ თანატოლების ცხოვრება.
რიტო გონიერი და ნიჭიერი თევზია, რომელიც ყველას ყურადღებას სწრაფად იქცევს, მიზეზი კი ისაა, რომ მას ფარფლები არ აქვს და ცურვა არ შეუძლია. მიუხედავად ამისა, მეგობრების დახმარებითა და თანადგომით რიტოს ლურჯ ოკეანეში დაუვიწყარი თავგადასავლები ელოდება, რასაც პატარა მკითხველი მხიარულ თევზებთან ერთად გამოცდის.
„ნათიას და თათიას თავგადასავალი“ შოთა იათაშვილის პოსტმოდერნისტული ნამუშევარია, რომელიც გათვლილია როგორც უმცროსი, ისე უფროსი ასაკის მკითხველზე. თუ უმცროსი თაობა ნათიასა და თათიას საოცარი თავგადასავლითა და ჯადოსნური სამყაროთი ისიამოვნებს, უფროს თაობას გოგონების ისტორიებში შეხვდება პარალელები ნიცშესთან, ძმებ გრიმებთან, დავით გურამიშვილთან, შოთა რუსთაველთან და სხვა.
წიგნი თანამედროვე საბავშვო მწერლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.
სტიუარტ ფოსტერის ნამუშევარი მოზარდებისთვისაა, რომლებიც განიცდიან ემოციების ზღვას, ყველაფერს უფროსებზე უფრო მძაფრად აღიქვამენ, აკვირდებიან საკუთარ თავს და სხვებს, ეძებენ როლურ მოდელებს და ამავდროულად ცდილობენ, იყვნენ ინდივიდუალურები.
პროექტი „იდეალური მშობლები“ მოზარდ მკითხველს სხვადასხვა საინტერესო ცხოვრებისეულ კითხვაზე გასცემს პასუხს. წიგნი 11 წლის სემის ამბავს გვიყვება, რომელიც წლების განმავლობაში მინდობით აღზრდაში იმყოფება და სახლიდან სოციალური მუშაკის თანხლებით გადის. სემი წლების განმავლობაში სხვადასხვა ოჯახს იცვლის და ახლაც, კიდევ ერთ ახალ სახლში გადაჰყავთ, სადაც 6 წლის რეილიც ცხოვრობს. საინტერესოა, როგორ შეძლებს სემი ოცნების ასრულებას, ჰქონდეს ოჯახი და ნამდვილი სახლი? ის მეგობართან ერთად პატარა „პროექტს“ იწყებს.
წიგნი მსოფლიოს მასშტაბით ბესტსელერად იქცა და ათასობით მოზარდს დაეხმარა უამრავ კითხვაზე პასუხის პოვნაში. იმედი გვაქვს, ამას საქართველოშიც შეძლებს.
#აჩუქეწიგნი #23აპრილი #პალიტრაL #წიგნისაუკეთესოსაჩუქარია