"ჩემს შვილს შეუძლია, ყოველთვის კარგ ხასიათზე დამაყენოს. უკვე დიდი ბიჭია. როგორც ყველა პატარა, ჩემი შვილიც ძალიან საყვარელია, კეთილი, სულ იცინის. არც მახსოვს, მის დაბადებამდე როგორ ვცხოვრობდი, რას ვაკეთებდი. მან ჩვენი ოჯახის ცხოვრება შეცვალა", - ამბობს
თინათინ წულაძე. როგორი ადამიანები აკვირვებენ, რის გამო იღებს საყვედურებს, რა არის მისი სავიზიტო ბარათი, რა დროს იბნევა და რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1995 წლის 2 აპრილი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მსახიობი, მაგრამ მერე აზრი შემეცვალა, შემეშინდა და გადავიფიქრე. ძალიან რთული პროფესიაა, ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, დიდი პასუხისმგებლობაც ვიგრძენი. დედა მსახიობია, ბაბუა - მსახიობი, მამა - რეჟისორი, ჩემ მიმართ ინტერესი და მოლოდინი დიდი იქნებოდა, სულ გამადიდებელი შუშით დამაკვირდებოდნენ, ამიტომ მსახიობობაზე უარი ვთქვი და მივიღე გადაწყვეტილება, სხვა პროფესია ამერჩია. საბოლოოდ ისე მოხდა, სცენიდან მაინც არ წავსულვარ.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ...ყოველთვის კარგ განწყობაზე ყოფნა.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...არაფერს შევცვლიდი, გარდა იმისა, რომ მეტს წავიკითხავდი იმ ასაკში, როცა საამისოდ მეტი დრო მქონდა.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...ვაკეთებ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს; ბედნიერი ვარ, რომ ამ საქმეს სამსახურს არ ვეძახი, ეს ჩემი ცხოვრებაა.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ხშირად მარტივად ვუყურებ იმ საკითხებს, რამაც შეიძლება დამთრგუნოს; ცუდ ამბებს არ ვაძლევ უფლებას, დამანგრიოს, შემცვალოს. ბედნიერებას მარტივ დეტალებში ვპოულობ.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ...ცოტათი მშიშარა ვარ. პროფესიული კუთხით თავდაჯერებულობა მაკლია. ამ მხრივ ჩემს თავზე ვმუშაობ, იმედი მაქვს, შედეგი მექნება.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...რომ ადამიანი არასდროს განვსაჯო. არ ვიცი, მისi საქციელiს მიღმა რა იმალება, როგორი ცხოვრება აქვს.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...ვხედავ ჩემს შვილს თავისუფალ სამყაროში, ის იქნება ბედნიერი და წარმატებული.
- ვიბნევი...
- ...როცა კომპლიმენტს მეუბნებიან, აღარ ვიცი, რა ვთქვა. ვიწყებ მტკიცებას, რომ ასე არ არის, რომ ეშლებათ და ა.შ.
- ძალიან მინდა...
- ...კარგი დედა ვიყო. ისეთი, როგორიც დედაჩემია. ჯერ ახალბედა ვარ, ბევრს ვფიქრობ, როგორ აღვზარდო ჩემი შვილი. თავად ძალიან კარგი მშობლები მყავს, ყოველთვის მაძლევდნენ დიდ თავისუფლებას და ამავე დროს ზომიერი იყო ჩემი ურთიერთობა მათთანაც და სამყაროსთანაც. მადლიერი ვარ, ეს რომ მასწავლეს. მინდა, ეს ბალანსი ჩემს შვილთანაც დავიცვა.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...არის ტკბილეული. მთელი ცხოვრება ტკბილეულის მიღების კონტროლი მიწევს.
- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ...უზრდელ, თავხედ, დაუნახავ ადამიანებს. როცა თვლიან, რომ თავად სხვა სიმაღლეზე არიან და ზემოდან დაგყურებენ, უზრდელობენ. როცა უფროს ადამიანებს პატივისცემით არ ეპყრობიან.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...ბაღიდან სულ შეყვარებული ვიყავი. რაც შეეხება ნამდვილ სიყვარულს, პირველივე წუთიდან ძალიან ღიად გამოვხატავდი ჩემს ემოციას, ვლაპარაკობდი, არაფერს ვმალავდი. 20 წლის ვიყავი, ჩემი მომავალი მეუღლე რომ გავიცანი.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ...ჩემმა შვილმა. უკვე დიდი ბიჭია, როგორც ყველა პატარა ბავშვი, ჩემი შვილიც ძალიან საყვარელია, კეთილია, სულ იცინის. არც მახსოვს, მის დაბადებამდე როგორ ვცხოვრობდი, რას ვაკეთებდი, ჩვენი ოჯახის ცხოვრება შეცვალა, ის ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანია. მამას და ჩემს შვილს გამორჩეული და განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ, საუკეთესო მეგობრები არიან.
განაგრძეთ კითხვა