სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა დასახელების "ქინდერის“ შოკოლადის პროდუქტების ბაზრიდან ამოღების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს და განმარტავს, კონკრეტულად, რომელი თარიღის პროდუქციას ეხება ცვლილება:
"მიმდინარე წლის 7 აპრილს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიიღო შეტყობინება სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტებში სალმონელას სავარაუდო არსებობის შესახებ.
სააგენტომ კონკრეტული პარტიების გამოვლენისა და ამოღების პროცედურები მყისიერად დაიწყო - იმპორტიორ კომპანიებს მიაწოდა ინფორმაცია საეჭვო პარტიების შესახებ და დაავალა შოკოლადის პროდუქტის (ბრენდი: Uovo Maxi, აღწერილობა: KSOR MAXI; K2,5X12 PC CHR RUS 2 დამზადების თარიღი 15.10.2021, ვარგისიანობის ვადა 12.07.2022, პარტიის № L288R03) რეალიზაციიდან ამოღება ან/და ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება/გამოთხოვა, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და გატარებული ქმედებების თაობაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება.
გარდა ამისა, სააგენტოს ინსპექტორები ჩაატარებენ არაგეგმურ ინსპექტირებასა და ზედამხედველობას აღნიშნული შოკოლადის იმპორტიორ ბიზნესოპერატორებთან.
ევროპაში - დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში სალმონელას ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების "ქინდერის" შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით დაბინძურების ფაქტთან. აღნიშნულთან დაკავშირებით განხორციელდა სურსათის სხვადასხვა ქვეყნის ბაზრიდან გამოთხოვა, რეალიზაციის აკრძალვა და მომხმარებელთა ინფორმირება.“ - ნათქვამია განცხადებაში.
ცოტახნით ადრე ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა ზაზა წერეთელმა მშობლებს ინფექციის სახიფათო წყაროზე აფრთხილებს. როგორც ჯანდაცვის სპეციალისტი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ცნობილი ტკბილეული, "ქინდერ სიურპრიზი" იდენტიფიცირებულია, როგორც "ინფექციის სავარაუდო გზა".
როგორც
სურსათის ეროვნულ სააგენტოში განგვიცხადეს, აღნიშნული შეტყობინება სწრაფი განგაშის სიგნალით წუხელ მიიღეს, დაიწყო შესაბამისი მოკვლევა და აღნიშნული პარტიის იდენტიფიცირება.
"შეტყობინების მიღებისთანავე სააგენტომ შესაბამისი მოკვლევა და ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყო. დაწყებულია კონკრეტული პარტიების გამოვლენისა და ამოღების პროცედურა." - გვითხრეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
თამარ იაკობაშვილი
"ქინდერ სიურპრიზის" შოკოლადის კვერცხები საშიში ინფექციის წყარო აღმოჩნდა, რის გამოც ევროპის ქვეყნები მის გაყიდვებს აჩერებენ - ზაზა წერეთელი მშობლებს აფრთხილებს