საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა არსებობს, რომლის მიზანია დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, შობადობის მატერიალური წახალისების მეშვეობით. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს გვერდზეა გამოქვეყნებული.
ამ პროგრამის ბენეფიციარია ბავშვი (ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში - ბავშვები), რომლის ბიოლოგიური დედა/ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს საქართველოს იმ რეგიონში, სადაც ბავშვის (ბავშვების) დაბადების წლის წინა მე-2 ან მე-3 წელში წლიური ბუნებრივი მატების საშუალო დადებითი მაჩვენებელი (ამ მაჩვენებელს განსაზღვრავს სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური) არ ფიქსირდება ან ეს მაჩვენებელი არ აღემატება 200-ს და ამ ბავშვის (ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში - ერთ-ერთი ტყუპისცალი) დაბადების დღის მდგომარეობით, იგი არის მისი ბიოლოგიური დედის რიგით მესამე ან შემდეგი ცოცხლადშობილი შვილი.
დადგენილებით განსაზღვრული პირობების გარდა, ბავშვი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, ხოლო მშობელი საქართველოს მოქალაქე / საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე.
2021 წელს აღნიშნულ პროგრამაში ჩართული იყო გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონები (მიმდინარე წლის მონაცემებით, 2022 წელს პროგრამაში ახალი რეგიონის ჩართვა გათვალისწინებული არ არის).
ვის აქვს ფულადი დახმარების მიღების უფლება?
ფულადი დახმარების მიღებაზე უფლება ენიჭება ბავშვთან ფაქტობრივად მცხოვრებ ბიოლოგიურ დედას/ბავშვთან ფაქტობრივად მცხოვრებ ბიოლოგიურ მამას/ბავშვთან ფაქტობრივად მცხოვრებ სხვა კანონიერ წარმომადგენელს.
რა სახის დოკუმენტებია საჭირო ფულადი დახმარების დასანიშნად?
ფულადი დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადება (ყველა საჭირო დოკუმენტებთან ერთად) წარედგინება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს ახლად დაბადებული ბავშვის ბიოლოგიური დედის/ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
- ბავშვის/ბავშვების მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (საჭიროების შემთხვევაში - საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა);
- კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ მიმართვას ახორციელებს მშობლების გარდა სხვა კანონიერი წარმომადგენელი;
- მაძიებლისა და სხვა შვილების დაბადების მოწმობები;
- საჭიროების შემთხვევაში სხვა დოკუმენტი, რომელიც საჭიროა სოციალური დახმარების უფლებრივი საკითხის გასარკვევად.
რა თანხას შეადგენს ბენეფიციარზე გათვალისწინებული დახმარება?
ფულადი დახმარება ინიშნება სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში, განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის სააგენტოში წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან (ბავშვის 2 წლის ასაკის შერულების თვის ჩათვლით) და შეადგენს: მაღალმთიან რეგიონში ფაქტობრივად მცხოვრებთათვის - 200 ლარს, ხოლო ხოლო სხვა დასახლებაში ფაქტობრივად მცხოვრებთათვის - 150 ლარს. (მეორე და მესამე ტყუპების შეძენის შემთხვევაში დახმარებით ისარგებლებს მხოლოდ ერთ-ერთი ტყუპისცალი).
რა შემთხვევაში წყდება ფულადი დახმარების გაცემა და როგორ შეგიძლიათ მისი თავიდან დანიშვნა, სრულად შეგიძლიათ იხილოთ
სოციალური მომსახურების სააგენტოს გვერდზე. როგორც
ჯანდაცვის სამინისტროში განგვიცხადეს, პროგრამაში არ მონაწილეობს აჭარა და ქვემო ქართლი, სხვა დანარჩენ შემთხვევაში, თუკი ბავშვი აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ უკლებლივ ყველა მოთხოვნას, მშობელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სოციალური მომსახურების სააგენტოში უნდა მივიდეს და დეტალური ინფორმაცია მიიღოს, ეკუთვნის თუ არა მას ეს დახმარება.
თამარ იაკობაშვილი