სახელი, გვარი: თეიმურაზ (თემო) საჯაია.
ასაკი: 33 წლის.
განათლება: დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სასწავლებელი, სწავლობდა კონსერვატორიაში.
ამჟამინდელი საქმიანობა: არის "საღამოს პოსტის" წამყვანი, თბილისის მერიის ბიგ ბენდის სოლისტი.
ჰობი: ნადირობა, ცხენოსნობა.
- როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?
- საკუთარ თავს - ადამიანს, თავისი ცოდვებით, სიკეთით, სიცუდით, როგორც ყველა...
- ადამიანებს რა ნიშნით აფასებთ?
- სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა ნიშნით ვაფასებდი. მაგალითად, 20 წლის ასაკში ადამიანი ისეთი მაქსიმალისტი ხარ, რომ იდეალისტური იდეები გამოძრავებს. როცა ასაკი გემატება, ხვდები, არანაირი შეფასება საჭირო არ არის - ადამიანში მთავარი ერთგულება და ყოვლისმომცველი სიკეთეა. აქ ნაგულისხმებია ქრისტიანობაც, პატრიოტიზმიც... ერთადერთი, რაც ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ იცვლება, ღირებულებებია: სიკეთე, ერთგულება, მეგობრობა...
- შეგიძლიათ გაიხსენოთ ეპიზოდი, რომელმაც თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა?
- მიმაჩნია, რომ ადამიანის ცხოვრება ერთი ეპიზოდით არ იცვლება. ჩემი ცხოვრებაც ბევრი ეპიზოდით შეიცვალა. ერთ-ერთი იყო, როცა დედა გარდაიცვალა, შემდეგ - როცა მე და მარიტა დავქორწინდით, მერე - ჩემი შვილი გაჩნდა... ეს ყველაფერი 2-3 წელიწადში მოხდა. ადამიანის ცხოვრება ბევრჯერ იცვლება, ბევრჯერ ხდები სხვანაირი...
- როგორ ფიქრობთ, უკეთესი ტელეწამყვანი ხართ თუ მუსიკოსი?
- რა თქმა უნდა, უკეთესი მუსიკოსი ვარ, რადგან ჩემი ერთადერთი და ყველაზე ნამდვილი პროფესია ეს არის. ტელეწამყვანობას რაც შეეხება, საკუთარ თავზე საუბარი რთულია, მაგრამ ვფიქრობ, ნორმალური ტელეწამყვანი ვარ (
იღიმის).
- ვინ არის თქვენი მესაიდუმლე?
- ჩემი ცოლი არის ჩემი მესაიდუმლეც, საუკეთესო მეგობარიც და რაც მთავარია, უახლოესი, ყველაზე საყვარელი ადამიანი. ერთმანეთს ყველაფერს ვუყვებით. არ არსებობს საიდუმლო, რაც მარიტასგან დამალული მაქვს.
- ცხოვრების ამ ეტაპზე, თქვენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევთ?
- ყოველ დილით, როცა ვიღვიძებ და ვხედავ ჩემს შვილს, რომელსაც ჯერ ისევ სძინავს და როგორც კი გაიღვიძებს, გამიცინებს და ჩემს მეუღლეს. ამაზე მეტი მიღწევა ის იქნება, რომ მეორე, მესამე შვილი მეყოლება - ღმერთი როგორც ინებებს, თორემ სოლო კონცერტს "ბლექ სი არენაზე" გავმართავ თუ უემბლის სტადიონზე, დამიჯერეთ, შედარებით ნაკლებ მიღწევად ჩავთვლი (
იცინის).
- დღე-ღამის განმავლობაში რამდენი საათი გძინავთ?
- ძალიან ცოტა ხანი, 5-6 საათი მძინავს, რადგან 9 თვის ბავშვი მყავს: ბედნიერად გამოუძინებელი ვარ (
იცინის)...
განაგრძეთ კითხვა