მშობლების მკვლელობაში ბრალდებულს დედ-მამასთან კონფლიქტი ჰქონდა - მამის დაუკითხავად, 21 000 დოლარს დაეუფლა, რომლის ნაწილიც ტოტალიზატორში დახარჯა - მშობლები
მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილის საქმის პროკურორის, გრიგოლ ბიბილაშვილის განცხადებით, ბრალდებულს მშობლებთან კონფქლიტი 2019 წლიდან ჰქონდა. პროკურორის თქმითვე, გიორგი ბეროზაშვილი თვეების წინ, მამის უკითხავად, 21 000 დოლარს დაეუფლა, რომლის ნაწილიც მან ტოტალიზატორში დახარჯა, ნაწილი კი მისი შეხედულებისამებრ.
პროკურორის თქმითვე, გიორგი ბეროზაშვილს სწორედ აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებით წარმოექმნა მშობლებთან კონფლიქტი.
ბიბილაშვილის განმარტებით, მამის მხრიდან თანხის დაბრუნების მოთხოვნა კონფლიქტში გადაიზარდა. პროკურორის განმარტებით, აღნიშნული უთანხმოება დედის მიმართაც გავრცელდა. მისივე თქმით, გიორგი ბეროზაშვილმა ცეცხლი მამის ცხედარს წაუკიდა. გრიგოლ ბიბილაშვილის შუამდგომლობის მიხედვით, მამა-შვილს შორის კონფლიქტი პირადი განაწყენებისა და დაპირისპირების გამო ხდებოდა, რის გამოც, ბეროზაშვილმა მათი მოკვლა განიზრახა.
პროკურორის თქმით, სახლიდან წაღებული ოქრო და ფული გამოძიების მიერ მამის კუთვნილი ავტომობილიდან იქნა ამოღებული. ბეროზაშვილის ავტოფარეხის ჩხრეკისას ამოღებული იქნა სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღები და ხელყუმბარები.მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილს, რომელმაც მკვლელობის შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა მიიღო.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
პროკურატურა დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი ბრალდების შუამდგომლობას დაეთანხმა.
პროკურორ გრიგოლ ბიბილაშვილის განცხადებით, ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებული სისასტიკის ხასიათს ატარებს, შესაბამისად, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს, რის გამოც მის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება უნდა გამოყენებულიყო. ინტერპრესნიუსი