როგორ უნდა ჩააბაროთ მართვის მოწმობის გამოცდა რეალურ გარემოში, როცა სასწავლო ავტომობილით ქუჩაში სიარულის უფლება არ გაქვთ: "რეალურ პირობებში გადასაადგილებლად მოსწავლეები არ გაჰყავთ"
როგორ უნდა ჩააბაროთ მართვის მოწმობის გამოცდა რეალურ გარემოში, როცა სასწავლო ავტომობილით ქუჩაში სიარულის უფლება არ გაქვთ: "რეალურ პირობებში გადასაადგილებლად მოსწავლეები არ გაჰყავთ"


26 აპრილიდან მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულო გახდა. თეორიული საკითხების ჩაბარებასთან ერთად, მომავალ მძღოლებს ქალაქის ქუჩებში მოუწევთ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება. თუმცა, საინტერესოა, სად და რა პირობებში უნდა ისწავლოს მოქალაქემ ქალაქში მოძრაობა, როცა ქვეყანაში სასწავლო ავტომობილით ქუჩაში სიარული აკრძალულია. არც ლიცენზირებული ინსტრუქტორები არსებობენ, არც ლიცენზირებული ავტოსკოლები გვაქვს, რომლებსაც უფლება ექნებოდათ მოსწავლეებისთვის მანქანის ტარების პრაქტიკული კურსი ქუჩებში ჩაეტარებინათ. უფრო ვრცლად თემაზე ირაკლი იზორია, ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორი გვესაუბრება

"ევროკავშირის მოთხოვნის თანახმად, ჩვენი მართვის მოწმობა ევროპული ქვეყნების მართვის მოწმობებს უნდა
გაუთანაბრდეს, რაც ძალიან კარგია. აღნიშნული მოთხოვნა, გარკვეულწილად, ავტოსაგზაო შემთხვევებს შეამცირებს, თუმცა სწავლებასთან დაკავშირებით პრობლემაა. საქართველოში ლიცენზირებული ავტოსკოლა არ გვაქვს. ლიცენზიას ადრე განათლების სამინისტრო ანიჭებდა, თუმცა ახლა ეს სისტემა საერთოდ მოშლილია. უბრალოდ, 300-მდე ავტოსკოლაა რეგისტრირებული და არარეგისტრირებულთა რაოდენობა 1000-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ ავტოსკოლების თემა უკონტროლოა. თუ არ გვექნება ლიცენზირებული ავტოსკოლები, თუ გადამზადებული და სერტიფიცირებული ინსტრუქტორები არ გვეყოლება, მაშინ ვინ უნდა ასწავლოს ადამიანებს მანქანის მართვა? დარჩება ისევ ძველი მეთოდი, რომლის შემთხვევაშიც კონკრეტულ წესებს აზეპირებინებდნენ და მერე ეს ადამიანები ქუჩაში რომ გამოდიოდნენ, ავტოსაგზაო შემთხვევების მონაწილეები ხდებოდნენ. ამიტომ, ეს საკითხი პრობლემურია. რეალურად, საქართველოში მხოლოდ რამდენიმე ავტოსკოლა შეიძლება მოიძებნოს, სადაც მატერიალურ-ტექნიკური ბაზით სრულად არიან აღჭურვილნი და როგორც თეორიული, ასევე
პრაქტიკული მიმართულებებით სრულყოფილად მუშაობენ. თუმცა, როგორც აღვნიშნე, მათი რაოდენობა მცირეა. ეს საკითხი ჯერჯერობით პრობლემად რჩება და ძალიან რთულია რჩევის მიცემა, სად და როგორ უნდა გაიარონ ადამიანებმა პრაქტიკული სწავლება, რადგან რეალურად, როგორც აღვნიშნე, ლიცენზირებული ავტოსკოლები არ არსებობს. 300-მდე ავტოსკოლა, როგორც შპს, ისეა დარეგისტრირებული, თუმცა არც მათ გააჩნიათ რაიმე ლიცენზია. მაგრამ, არსებობენ ისეთები, რომლებიც საერთოდ არსად ფიქსირდებიან და თვითნებურად აქვთ გახსნილი, ზოგს კორპუსებში, ზოგს ნაქირავებ ფართებში და უტარებენ, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს. ამას არავინ აკონტროლებს და არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც განათლების სამინისტრო პასუხისმგებლობას არ იღებს. ლიცენზირებული ავტოსკოლები უნდა იყოს, სადაც სავალდებულო საათები იქნება გათვალისწინებული. გერმანიის მაგალითს თუ ავიღებთ, 180-200 საათია სავალდებულო, რომლის გავლის შემდეგ, ადამიანს სერტიფიკატი ეძლევა და მხოლოდ ამის მერე დაუშვებენ გამოცდაზე. მოქალაქე თუნდაც სასწავლო ავტომობილზე რომ დასვა და ქუჩაში გაიყვანო, როცა ლიცენზირებული ავტოსკოლა არ არის და როცა ინსტრუქტორი გადამზადებული არ გვყავს და მას შესაბამისი ნებართვა არ აქვს, გამოდის, რომ სამართალდარღვევაა და პატრული, გაჩერების შემთხვევაში, ავტომობილის მართვის მოწმობის გარეშე გადაადგილებაზე დაგაჯარიმებთ. ავტოსკოლებს ისედაც გაუჭირდებათ ქუჩაში გადაადგილება, რადგან კანონში წერია, რომ თუ გამომცდელი ქუჩაში გაიყვანს მომავალ მძღოლს და ამ დროს, საგზაო შემთხვევა მოხდება, პასუხისმგებლობა ინსტრუქტორს ეკისრება. შესაბამისად, ხშირად ამ ვალდებულებას ინსტრუქტორები თავიანთ თავზე არ იღებენ და რეალურ პირობებში გადასაადგილებლად მოსწავლეები არ გაჰყავთ."- ამბობს ირაკლი იზორია.

აღნიშნულ თემაზე დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც განგვიცხადეს, რომ ავტოსკოლების რეგულირება მათ კომპეტენციაში არ შედის:

"ზუსტად იმავე მარშრუტებზე, რა მარშრუტებიც ჩვენ გვაქვს შედგენილი, გზაზე სწავლება დაუშვებელი და აკრძალულია. ავტოსკოლებს სხვა მარშრუტები აქვთ შედგენილი, რომლებზეც მოქალაქეები ისწავლიან. ავტოსკოლები ამას მუნიციპალიტეტებთან ათანხმებენ, თუმცა როგორ რეგულირდება საკითხი, ჩვენს კომპეტენციაში არ შემოდის." - განაცხადეს სამინისტროში.

საკითხზე რამდენიმე ავტოსკოლას მივმართეთ. ერთ-ერთ დაწესებულებაში განგვიცხადეს, რომ ჯერჯერობით ქალაქის ქუჩებში სასწავლო მიზნით გადაადგილების უფლება არ აქვთ და ქმედება დაჯარიმებას ექვემდებარება. შესაბამის ნებართვას კი საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოდან ელოდებიან. კიდევ ერთ ავტოსკოლაში განგვიცხადეს, რომ შესაბამისი ლიცენზია აქვთ, რომლითაც ქალაქის ქუჩებში, კონკრეტულ მარშრუტებზე სწავლების მიზნით გადაადგილების უფლება აქვთ. საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზეც განგვიცხადეს, რომ საკითხზე მოქალაქეებმა კონკრეტულ ავტოსკოლებს უნდა მიმართონ და გაარკვიონ, რა ფორმით უზრუნველყოფენ სწავლებას.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2022 წლის 26 აპრილიდან, "B" და „BE" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ნაწილი ორეტაპიანი გახდა. პირველი ეტაპი ჩატარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.

თამარ იაკობაშვილი

5835
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
შორენა
1
არავინ არ გიშლით ქუჩაში სასწავლო ავტომობილით სიარულს და მოძრაობის სწავლას. აკრძალეს მხოლოდ საგამოცდო მარშუტზე სასწავლო სვლა. რადგანაც დაამუღამებენ 2 მარშუტს, როგორც მოედანს ამუღამებენ და რეალურად მანქანებს შორის ვერ დააპარკინგებენ ავტომობილს და მართვის მოწმობას იღებენ. ეს რომ არ მოხდეს, ჩვენივე უსაფრთხოებისატვის. და კიდევ, ჟურნალისტი რომ ხარ, არ უნდა კადრულობ დე იმას, რომ ტყუილი ინფორმაცია ჩადო სათაურში და თავიდანვე არასწორად დასვა საკითხი.
13:02 / 07-05-2022
ხათუნა შედანია
0
კანონის მიღება იყო მხოლოდ თქვენი საქმე? ნუ, კანონიც პარლამენტს ეხება, რა თქმა უნდა! როგორ უნდა მოხდეს ამის აღსრულება რეალობაში, იფიქრეთ ამაზე? თუ აღიარეთ ბარემ, რომ აღარ გინდათ ამდენი მძღოლი და მხოლოდ ფულის საჭრელი მანქანები ააგუგუნეთ!!!!!!
23:43 / 06-05-2022
მსგავსი სიახლეები