ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წელს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ომის მონაწილეებზე 1000 ლარიან, დაღუპულთა ოჯახის წევრებზე კი 500-ლარიან ერთჯერად სოციალურ დახმარებას გასცემდა. აღნიშნული პაკეტი შარშანაც იყო გათვალისწინებული, თუმცა ადამიანებს კვლავ გაუჩნდათ შეკითხვა, კონკრეტულად ვინ მიიღებს მთავრობისგან დახმარებას, რადგან მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა, ბევრი დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 172 მონაწილეა დარჩენილი, რომელთა უმრავლესობის ასაკიც საუკუნეს ითვლის, ან საუკუნეზე მეტია. როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში განგვიცხადეს, სწორედ ეს ადამიანები მიიღებენ სახელმწიფოსგან 1000-ლარიან დახმარებას.
უწყების განმარტებით, ომში დაღუპულების მეუღლეს ან დაბადებიდან შშმ პირს, რომლებიც მათ ბაზაშია, 500-ლარიან დახმარებას გადასცემენ. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 - მდე ჯარისკაცი და მოხალისე იმყოფებოდა, 300 000-ზე მეტი კი, ფრონტიდან ცოცხალი ვერ დაბრუნდა. მათ შორის, ბევრია უგზო-უკვლოდ დაკარგულიც.