"რამდენ რამეს იტევს ეს სახელი და გვარი საქართველოსთვის, მსოფლიოს მუსიკალური სამყაროსთვის…" - ცნობილი ქართველი პიანისტი ლექსო თორაძე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რამდენ რამეს იტევს ეს სახელი და გვარი საქართველოსთვის, მსოფლიოს მუსიკალური სამყაროსთვის…" - ცნობილი ქართველი პიანისტი ლექსო თორაძე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა
ცნობილი მუსიკოსის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მისი კოლეგები და თაყვანისმცემლები გამოეხმაურნენ.

ნიკოლოზ რაჭველი:
"ლექსო… ვაიმე… ვაააააააახ…
სიმწრისგან არ ვიცი რა გავაკეთო…
დღის მანძილზე უჩვეულოდ ცუდი წინაგრძნობა მქონდა, მაგრამ ამას როგორ წარმოვიდგენდი… ლექსო თორაძე…
რამდენ რამეს იტევს ეს სახელი და გვარი საქართველოსთვის, მსოფლიოს მუსიკალური სამყაროსთვის… და ჩემთვის… მე ჩემი ლექსო დავკარგე დღეს… ძალიან ახლობელი, ძალიან…"


ალექსანდრე (ლექსო) თორაძე დაიბადა თბილისში, 1952 წლის 30 მაისს, კომპოზიტორ დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში. შემოქმედებითი გზის დასაწყისში უკვე ყველამ იცოდა, რომ მუსიკაში თავის სათქმელს იტყოდა და შესაბამის ადგილსაც დაიკავებდა. მან უკვე ცხრა
წლის ასაკში დაუკრა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

თბილისის ცენტრალური სამუსიკო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1969 წელს ჩაირიცხა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, 1970-1975 წლებში სწავლობდა პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ხოლო 1978 წელს დაამთავრა ამავე კონსერვატორიის ასპირანტურა.
1969 წელს პიანისტი მუსიკოს-შემსრულებელთა ამიერკავკასიისა და საკავშირო კონკურსების ლაურეატი გახდა; 1975 წელს იტალიაში ა. კასაგრანდეს სახელობის საერთაშორისო კონკურსში მიიღო III პრემია, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ვან კლაიბერნის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე – II პრემია.

1983 წლიდან მუსიკოსი ცხოვრობდა აშშ-ში და ეწეოდა ნაყოფიერ საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას; აღიარებული იყო როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი ვირტუოზი პიანისტი; მის შესრულებას ახასიათებდა მასშტაბურობა, რომანტიულობა, არტისტული ტემპერამენტი; ხშირად მართავდა გასტროლებს უცხოეთის ქვეყნებში; თანამშრომლობდა მსოფლიოს გამოჩენილ დირიჟორებთან; რეგულარულად
მონაწილეობდა ფესტივალებში.

1991 წელს ლექსო თორაძე გახდა ქ. საუთ-ბენდის (ინდიანას შტატი) უნივერსიტეტის პროფესორი და აქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელმაც აღიარება მოიპოვა, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობითმა ცენტრმა; ამ ცენტრში თავიანთ ოსტატობას სრულყოფენ ახალგაზრდა ნიჭიერი პიანისტები -საქართველოდან, რუსეთიდან, მაკედონიიდან, სერბეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ლექსო თორაძის მუსიკალური სტუდიის წევრები და აღზრდილები აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწევიან (აშშ, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, გერმანია, პორტუგალია, საფრანგეთი და სხვ.), მონაწილეობენ პრესტიჟულ ფესტივალებში მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან და დირიჟორებთან ერთად. 2005 წელს პიანისტი და მისი აღზრდილები საკონცერტო გასტროლებით საქართველოსაც ეწვივნენ.

ლექსო თორაძეს ორი ვაჟი ჰყავს – ალექსანდრე და დავითი. დღეს ერთი გუნდს ხელმძღვანელობს, მეორე კი, მამის მსგავსად, პიანისტია.
291
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები