ტეხასის დაწყებით სკოლაში, სადაც 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები სწავლობენ, ნამდვილი სასაკლაო მოეწყო. ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია 18 ბავშვი და სამი მასწავლებელი. ასევე მოკლულია თავდამსხმელი.
როგორც გაირკვა, თავდამსხმელი 18 წლის სალვადორ რომასი იყო, რომელიც ჩრდილოეთ დაკოტიდან გადავიდა ტეხასში და ადგილობრივ სკოლაში სწავლობდა. თავისი სრულწლოვანების დღეს მან იყიდა იარაღი, რომლითაც სოციალურ ქსელშიც ამაყობდა. თავდასხმამდე ერთი საათით ადრე კი უცნობს მისწერა სოციალურ ქსელში, რომ რაღაცის ჩადენას აპირებდა. შეკითხვაზე: "რას?" უპასუხა: "11-ის მერე გაიგებ".
ამის შემდეგ მან ჯერ თავის ბებიას ესროლა, რომელიც ახლა კრიტიკულ მდგომარეობაშია, მერე კი მანქანა გაიტაცა და დაწყებით სკოლას მიადგა.
ამ დროს სკოლაში საზაფხულო არდადეგებისთვის ემზადებოდნენ. უჩვეულო დღე ჰქონდათ - ბავშვები ზოოპარკში წაიყვანეს, მერე კი უნდა დაეჯილდოებინათ. ბავშვები გაპრანჭულები იყვნენ საზეიმოდ...
სალვადორს ჯავშანჟილეტი ეცვა. ის შეიჭრა სკოლაში და ეზოსა და შენობაში გაუხსნა ცეცხლი მოსწავლეებს და მასწავლებლებს. სანამ სპეცრაზმი ადგილზე გამოჩნდებოდა და მას მოკლავდნენ, მან უდიდესი ტრაგედიის დატრიალება მოასწრო.
ჯერჯერობით არ საუბრობენ თავდასხმის მოტივებზე, თუმცა სოციალურ ქსელში გამოჩნდა ინფორმაცია, თითქოს სალვადორს ბავშვობაში სკოლაში ჩაგრავდნენ და ამის გამო წყენა ჰქონდა ჩადებული.
ამერიკაში გლოვაა გამოცხადებული.