ინგლისის დედოფალი, ელისაბედ II სხვადასხვა შინაარსის წერილს მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან იღებს. მათ შორის, ბევრი ბავშვიც სწერს, თუმცა 16 წლის კირილ ვორონინმა მას სრულიად განსხვავებული და მოულოდნელი წერილი გაუგზავნა.
ეს ამბავი გაცილებით ადრე, 2020 წელს დაიწყო. როდესაც მსოფლიოში პანდემია მძვინვარებდა, მედიაში ბანკირის, მაქსიმ ვორონინის ოჯახიდან გაქცევის შესახებ დაიწყო აქტიური განხილვა. კაცმა შვილი და ცოლი, რომელსაც მძიმე გინეკოლოგიური დაავადება აქვს, მიატოვა. ქალს ძვირადღირებული ოპერაციის ჩატარება სასწრაფოდ სჭირდებოდა, თუმცა მისმა ქმარმა არანაირი ხარჯი არ გაიღო და ცოლ-შვილი მძიმე მდგომარეობაში დატოვა. ამის შემდეგ მისმა 14 წლის შვილმა გადაწყვიტა, რომ პრობლემის მოგვარება თავის თავზე აეღო.
ბიჭი აქტიურად იღებდა ვიდეოებს და სოციალურ ქსელში აქვეყნებდა. ამ გზით მამისთვის ხმის მიწვდენას ცდილობდა, თუმცა საპასუხოდ მხოლოდ ერთი რამ მიიღო: "ნუ მარცხვენ და დედაშენი შეიბრალე." - უთხრა მამამ.
მდიდარი მამის დახმარების გარეშე დარჩენილ ოჯახს უცხო ადამიანების მხარდაჭერის იმედი ჰქონდა და ექიმებთან გადაუდებელი ოპერაციისთვის დაიწყეს კონსულტაცია. ამ მომენტიდან ორი წელი გავიდა და როგორ ფიქრობთ, კირილმა თავი დაანება მამასთან შეხვედრის მცდელობას? სულაც არა!
ვორონინის ვაჟმა, რომელსაც მიმდინარე წლის აპრილში 16 წელი შეუსრულდა, ყოველთვიური ალიმენტის ოდენობის გადახედვის შესახებ შეიტანა მოთხოვნა, რადგან ის თვლის, რომ მამამისს იმაზე გაცილებით მეტის გადახდის შესაძლებლობა აქვს, ვიდრე უხდიდა. მაგრამ, პროცესი ისევ შეჩერდა და რეალური სარგებელი ვერ ნახა. ამიტომაც, 16 წლის ბიჭმა მოულოდნელი რამ გააკეთა. მან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ II-ს მიმართა.
მაქსიმ ვორონინი ფლობს ხუთვარსკვლავიან სასტუმროს გერმანიაში, აქვს ბიზნესი ლონდონსა და საფრანგეთში. ასევე, აქვს ძვირადღირებული უძრავი ქონება აშშ-ში და ციხესიმაგრე იტალიაში. ამიტომაც, ბიჭმა მოიფიქრა, რომ ამერიკისა და ინგლისის პირველ პირებს სანქციების დაწესება სთხოვოს.
"მიმაჩნია, რომ მამაჩემმა ეს და სხვა უძრავი ქონება ახალ მეუღლეს ალიმენტის ვალდებულებებისგან თავის დაღწევის მიზნით გადაუფორმა, ამიტომ ვითხოვ, რომ ეს გარიგება უკანონოდ იქნას აღიარებული." - წერს ბიჭი მიმართვაში.
კირილი კვლავ აგრძელებს წერილების გაგზავნას მაღალჩინოსნებისთვის და ითხოვს, მამის ქონება დააყადაღონ ან მკაცრი სანქციები დაუწესონ. ჯერჯერობით, ბიჭს ოფიციალური პირებისგან პასუხი არ მიუღია, თუმცა, როგორც ჩანს, გაჩერებას არ აპირებს.