სად შეიძლება იმუშაონ არასრულწლოვნებმა და რომელი ასაკიდან შეუძლიათ დასაქმება - იურისტის განმარტებები
სად შეიძლება იმუშაონ არასრულწლოვნებმა და რომელი ასაკიდან შეუძლიათ დასაქმება - იურისტის განმარტებები
ბევრ უფროსკლასელს ზაფხულში დასაქმება და გარკვეული თანხის დამოუკიდებლად გამომუშავება სურს. თუმცა, არსებობს სხვადასხვა რისკი თუ საკითხი, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, როგორც მოზარდებმა, ასევე მშობლებმა და დამსაქმებლებმა. განსაზღვრულია კონკრეტული სფეროებიც, სადაც შეიძლება ან კიდევ პირიქით, აკრძალულია არასრულწლოვანთა დასაქმება. ამ თემაზე უფრო ზუსტად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, მარიამ გაბროშვილი გვესაუბრება:

mshoblebi

- ხშირად არასრულწლოვნები სხვადასხვა სფეროში დასაქმების სურვილს გამოთქვამენ, რომ საკუთარი შემოსავალი ჰქონდეთ, რაც მისასალმებელია, თუმცა, აუცილებელია, რომ არასრულწლოვნის დასაქმებისას დაცული იყოს საერთაშორისო შეთანხმებებითა და ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ის სტანდარტები, რაც დასაქმების
მინიმალურ ასაკს და სამუშაო პირობებს
უკავშირდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებამდე არასრულწლოვნებს მათი შრომითი უფლებების შესახებ ინფორმაცია ჰქონდეთ.

- როგორია არასრულწლოვანთა დასაქმების პირობები, რა შემთხვევაშია დაშვებული ან პირიქით, რა დროს არ შეიძლება?

- შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში არასრულწლოვნის მონაწილეობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი უმთავრესი შეზღუდვა ასაკობრივი ზღვარის დაწესებაა, რომელიც მიზნად ისახავს, არასრულწლოვნის ინტერესების დაცვას, რათა დასაქმებამ მის ჯანმრთელობასა და ზრდა-განვითარებაზე უარყოფითი ზეგავლენა არ მოახდინოს.
საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლის ასაკიდან. ამდენად, 16 წლიდან არასრულწლოვანს უფლება აქვს დამოუკიდებლად დადოს შრომითი ხელშეკრულება და შეიძინოს შრომით სამართლებრივი უფლება-მოვალეობები.
ასევე, დასაშვებია 16 წლამდე პირთან შრომითი ხელშეკრულების დადებაც, შესაბამისი სპეციალური წესების დაცვით. კერძოდ, 16 წლამდე არასრულწლოვანის შრომით ურთიერთობებში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს თანხმობით, თუ შესაბამისი შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას. ამდენად, 16 წლამდე არასრულწლოვნის დასაქმებისთვის აუცილებელია ორი პირობის არსებობა, კერძოდ, მნიშვნელოვანია გვქონდეს კანონიერი წარმომადგენლის ან მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს თანხმობა და ამასთანავე, შრომითი ურთიერთობა თავისი შინაარსით არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს არასრულწლოვნის ინტერესებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, 16 წლამდე არასრულწლოვანი პირის დასაქმება არ იქნება კანონიერი, თუ შრომითი ურთიერთობა ზიანის მომტანი იქნება, მაგალითად, მისი ფიზიკური განვითარებისთვის.
შრომის კოდექსით გათვალისწინებულია დამატებითი შეზღუდვები 14 წლამდე არასრულწლოვანის დასაქმებასთან მიმართებით. ამ შემთხვევაში კოდექსი პირდაპირ იძლევა იმ სფეროების ამომწურავ ჩამონათვალს, სადაც შესაძლებელია არასრულწლოვნის დასაქმება. კერძოდ, 14 წლამდე არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ სპორტის, ხელოვნების ან კულტურის სფეროში საქმიანობის განსახორციელებლად, ან სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად.

- მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა აუცილებელია?

- როგორც უკვე აღვნიშნე, 16 წლამდე არასრულწლოვანის დასაქმებისას აუცილებელია კანონიერი წარმომადგენლის ან მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს თანხმობა. ასევე, აღსანიშნავია, რომ გაცემული თანხმობა ძალაში რჩება მსგავსი ხასიათის შემდგომი შრომითი ურთიერთობის მიმართაც. შესაბამისად, თუ 16 წლამდე არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელს გაცემული აქვს თანხმობა კონკრეტულ სამუშაოზე, მსგავსი სამუშაოს შემდგომი შესრულებისას კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა საჭირო აღარ იქნება. თუმცა, თუ მუშაობის გაგრძელება ზიანს მიაყენებს არასრულწლოვანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან სხვა მნიშვნელოვან ინტერესებს, არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელს ან მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს ნებისმიერ დროს აქვს უფლება, მოითხოვოს არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა

- არის განსაზღვრული კონკრეტული სამუშაოები, რომლებზეც არასრულწლოვანთა დასაქმება არ შეიძლება?

- დიახ, არასრულწლოვანის დასაქმებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვები ასევე შეეხება სამუშაოს სახეს. კერძოდ, აკრძალულია არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებასთან, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად, ასევე, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაოს შესასრულებლად.
მიუხედავად იმისა, რომ 16 წლის ასაკის მქონე პირს უფლება აქვს, რომ დამოუკიდებლად დადოს შრომითი ხელშეკრულება, კანონმდებლობა ყურადღების მიღმა არ ტოვებს იმ ფაქტს, რომ 16 წლის ასაკის მქონე პირი არის არასრულწლოვანი, შესაბამისად, ადგენს სხვადასხვა სავალდებულო სტანდარტებს სამუშაო საათებთან და პირობებთან დაკავშირებით. ზემოთხსენებულ სამუშაოს შესასრულებლად აკრძალულია როგორც 16 წლის ასაკს მიღწეულ, ასევე, 16 წლამდე არასრულწლოვანის დასაქმება. აღნიშნული შეზღუდვა მიზნად ისახავს, რომ არასრულწლოვანი დაცული იყოს ისეთ სამუშაოს შესრულებისგან, რომელიც შესაძლოა ზიანის მომტანი აღმოჩნდეს მისი ჯანმრთელობისთვის, ზნეობრივი, ფიზიკური ან გონებრივი განვითარებისთვის.

- როგორი უნდა იყოს სამუშაო პირობები, ასაკის გათვალისწინებით?

- სამუშაო პირობები ასაკის მიხედვით განსხვავდება. მაშინ, როდესაც სრულწლოვანი პირის შემთხვევაში სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 40 საათს (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა), შრომის კოდექსის თანახმად, 16 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანის შრომითი დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს და სამუშაო დღის განმავლობაში 6 საათს, ხოლო, 14 წლიდან 16 წლამდე არასრულწლოვანის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს და სამუშაო დღის განმავლობაში 4 საათს.
ამასთანავე, დასაშვებია, რომ არასრულწლოვანმა შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო, მხოლოდ მისი თანხმობის საფუძველზე, რომლის ხანგრძლივობა სამუშაო დღის განმავლობაში ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს, ხოლო სამუშაო კვირის განმავლობაში ჯამურად − 4 საათს. აღნიშნული შეზღუდვების მიზანია, რომ არასრულწლოვანის მუშაობამ ხელი არ შეუშალოს მის განვითარებას და პარალელურად ჰქონდეს საკმარისი დრო განათლების მისაღებად.
გარდა ამისა, აკრძალულია არასრულწლოვანის დასაქმება ღამის სამუშაოზე, რაც გულისხმობს 22 საათიდან 6 საათამდე პერიოდს.

- როდისაა არასრულწლოვანთა დასაქმება არაკანონიერი და რა ტიპის სასჯელია ამისთვის გათვალისწინებული?

- არასრულწლოვანთა დასაქმება არაკანონიერია, თუ არ არის გათვალისწინებული საერთაშორისო შეთანხმებებით და ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ზემოაღნიშნული სავალდებულო სტანდარტები.
არასრულწლოვანის ისეთი სამუშაოს შესრულებაში ჩაბმა ან/და ისეთი სამუშაოს შესასრულებლად გამოყენება, რომელიც მას ხელს უშლის განათლების მიღებაში ან საზიანოა მისი ჯანმრთელობისათვის ან ფიზიკური, გონებრივი, მორალური, ემოციური ან/და სოციალური განვითარებისათვის წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელიც ფიზიკური პირის შემთხვევაში 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

- კერძო კომპანიას ან კერძო პირს თუ შეუძლია სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე დაასაქმოს კონკრეტულ საქმეზე არასრულწლოვანი?

- დიახ, შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით. მაგრამ, თუ შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა აღემატება ერთ თვეს, აუცილებელია შრომითი ხელშეკრულების წერილობითი ფორმის დადება. შესაბამისად, ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, როგორც არასრულწლოვანის, ასევე, სრულწლოვანი პირის დასაქმება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა არ აღემატება 1 თვეს.

- თუ არასრულწლოვანი კონკრეტულ სამუშაოზე განიცდის ჩაგვრას და ირღვევა სამუშაო პირობები, ვის შეუძლია მიმართოს?

- იმ შემთხვევაში, თუ ირღვევა დასაქმებული არასრულწლოვანის სამუშაო პირობები, მას შეუძლია მიმართოს შრომის ინსპექციას, რომელიც მინიჭებული უფლებამოსილებისა და შესაძლებლობის ფარგლებში მოახდენს რეაგირებას მიღებულ შეტყობინებაზე. შეამოწმებს, რამდენად იცავს დამსაქმებელი დასაქმებულთა შრომით უფლებებს და დარღვევის გამოკვეთის შემთხვევაში, გამოიყენებს შესაბამის ადმინისტრაციულ სახდელს დამსაქმებლის მიმართ, როგორიცაა: გაფრთხილება, ჯარიმა ან სამუშაო პროცესის შეჩერება. სახდელის გამოყენებისას ასევე გასცემს მითითებას აღმოჩენილი დარღვევის განსაზღვრულ ვადაში გამოსწორების შესახებ.

- რა პირობები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, რომელთა არასრულწლოვანი შვილებიც დასაქმებას გადაწყვეტენ?

- მნიშვნელოვანია, რომ მშობლებს ჰქონდეთ ინფორმაცია არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების შესახებ, კერძოდ, თუ რა სფეროებშია აკრძალული არასრულწლოვანის დასაქმება, ასევე ფლობდნენ ინფორმაციას სამუშაო პირობების შესახებ, ხომ არ აღემატება დასაქმებული არასრულწლოვანის შრომითი დატვირთვა დასაშვებ ნორმას, რათა დაცული იყვნენ ისინი ისეთი სამუშაოს შესრულებისაგან, რომელმაც შესაძლოა მათ ჯანმრთელობას, გონებრივ ან/და ფიზიკურ განვითარებას საფრთხე შეუქმნას.

- როგორ ხდება არასრულწლოვნისთვის გაწეული სამუშაოს ანაზღაურება?

- არასრულწლოვანის მიერ გაწეული სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით რაიმე სპეციალური მოწესრიგება კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული და განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. შრომის კოდექსის თანახმად, შრომის ანაზღაურება გაიცემა არანაკლებ თვეში ერთხელ, ხოლო ანაზღაურების ყოველი დაყოვნებული დღისათვის დამსაქმებელი ვალდებულია გადაუხადოს დასაქმებულს გადასახდელი თანხის 0.07 პროცენტი. ამასთანავე, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ, დაყოვნებისათვის გადასახდელი პროცენტის ოდენობა, თუმცა, შეთანხმებული ოდენობა არ შეიძლება იყოს კანონის მოთხოვნაზე, ანუ 0.07 %-ზე ნაკლები.
ასევე, იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი ასრულებს ზეგანაკვეთურ სამუშაოს, ანაზღაურდება შრომის ანაზღაურების საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით, რომელიც განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. ზეგანაკვეთური სამუშაო უნდა ანაზღაურდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შემდეგ გადასახდელ ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებასთან ერთად. ანგარიშსწორება შეიძლება განხორციელდეს ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

თამარ იაკობაშვილი

5421
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ანია
0
ყველა მაიმუნობას რო მევროპისგან იღებთ ეგებ ეს გადაგეღოთ? ჩემი შვილი ჰოლანდიაში სკოლიდან მიყავდათ სამუშაოდ არდადეგებზე 12 წლის იყო! რა თავს კი არ იკლავენ მუშაობით რამდნიმე საათი და ცოტაოდენ ფულს იმუშავებენ რომ შრომის და ფულის ფასი იცოდნენ!
10:24 / 28-05-2022
მიშას დროს
0
მინისტრებად იწყებდნენ, ეხლა მოადგილეობიდან, ანუ მიშას დროს ჩამორჩა ოცნება და ამის აღიარებაც არ უნდათ. თავისუფლება მიშას! გრიშას! ვაჟას! და ნიკას... ნიკა უნდა იჯდეს, ჯერ ეხლა არ ჩაჯდა? შეეგუოს, მოეწყოს და მერე იყვიროს სხვამ და ვიყვირებ მეც, თავისუფლება ნიკას!
18:39 / 27-05-2022
მსგავსი სიახლეები