1-5 ივნისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და საქართველოს ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ატარებს გოგი თოდაძის სახელობის
„თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების მეორე საერთაშორისო ფესტივალს“, რომელშიც მონაწილეობას გამომცემლობა „პალიტრა L-ც“ მიიღებს.
სპეციალურად ფესტივალისთვის „პალიტრა L-ის“ სტენდთან საბავშვო ლიტერატურაზე 50%-მდე ფასდაკლება გავრცელდება. ამასთან, პატარა მკითხველს შესაძლებლობა ექნება, ახალი წიგნების შესახებ შეიტყოს.
ფესტივალის ფარგლებში, 1-ელი ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით, 12-დან 18 საათამდე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის ფოიეში მოეწყობა საბავშვო წიგნების გამოფენა-გაყიდვა.
საბავშვო წიგნების გამოფენა-გაყიდვის ყოველი დღე დატვირთული იქნება ახალი საბავშვო წიგნების პრეზენტაციებით, რომლებსაც გამომცემლები და ყველასთვის საყვარელი საბავშვო ავტორები წარმოადგენენ.
„პალიტრა L“ მუდამ ზრუნავს ხარისხიანი საბავშვო ლიტერატურის თარგმნასა და პატარა მკითხველისთვის მრავალფეროვანი არჩევანის შეთავაზებას. ეს დღეებიც ჩვენთვის გამორჩეულია და წარმოდგენილები ვიქნებით როგორც თანამედროვე ავტორებით, ისე კლასიკური საბავშვო ლიტერატურით, რომელიც ბავშვების ყველა თაობას უყვარს,“ - აღნიშნეს „პალიტრა L-ში“.
ასევე, 4 ივნისს 12:30 საათზე თუთა ჯგუშია, გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ კონკურსის - „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი 2021-ის“ გამარჯვებული წარადგენს თავის ლექსების კრებულს,
„კარგად ყოფნის წესები“, რომელიც პატარა მკითხველს საინტერესო და აქტუალური თემების შესახებ სხარტად და სახალისოდ მიაწვდის ინფორმაციას და მათი ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნებს.
როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, ლექსების კრებული ეხება ურთიერთობებს, ცხოველების მიმართ დამოკიდებულებებს და სხვადასხვა აქტუალურ თემას, იქნება ეს ბიჭებისთვის სკოლაში გრძელი თმის გამო არაერთგვაროვანი რეაქციები თუ სტერეოტიპული მიდგომები.
თუთა ჯგუშიას თქმით, მას სურს, რომ პატარა მკითხველმა როგორც მეგობარი, ისე მიიღოს და კრებულის პრეზენტაციისგან სწორედ ასეთი მოლოდინი აქვს.
„ჩემი ყველაზე დიდი ნატვრაა, რომ ბავშვებმა ჩემში როგორც მხოლოდ წიგნის ავტორი კი არ დაინახონ, უფრო მეგობრად და „თანამზრახველად“ მიმიღონ. ძირითადად, სულ ასეთი მოლოდინი მაქვს ხოლმე. ლექსები ძირითადად, მათგან ნაკარნახევი წესებითა და იმ სურვილებით არის შესრულებული, რასაც ისინი აჟღერებენ ხოლმე უფროსები ვცდილობთ, გადავაკეთოთ და ჩვენს ყალიბში მოვაქციოთ ხოლმე. ალბათ, ბავშვებს ლექსების კრებულის წაკითხვის შემდეგ გაუჩნდება განცდა, რომ ვიღაც მათ ენაზე საუბრობს. შეიძლება, ამბიციურად გამომდის, მაგრამ ჩანაფიქრი სწორედ ეს იყო“, - აღნიშნა თუთა ჯგუშიამ.
ავტორის საბავშვო ლექსების კრებული წიგნის ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი.
R