"ჩემი ქმარი სამაგალითოა... ეს უბრალოდ კიდევ ერთი განსაცდელია ჩვენი ოჯახისთვის" - თურქი ბიზნესმენის ცოლისა და მისი 22 შვილის დედის განცხადება - მშობლები
როგორც ცნობილია, ბათუმში მცხოვრები თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დაკავებულია. როგორც საქართველოს ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის საცხოვრებელ მისამართზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები.
ეს ის ბიზნესმენია, რომელიც სახელი გაითქვა ე.წ. ბავშვების ქარხნით. ის და მისი რუსი მეუღლე კრისტინა ოზთურქი (გაგარკინა) 105 შვილის ყოლას გეგმავენ და ამ ეტაპზე 22 ჰყავთ, სუროგატი დედებისგან გაჩენილი. გალიფს ასევე ჰყავს შვილები პირველი ქორწინებიდან და კრისტინასაც ქალიშვილი წინა ურთიერთობიდან, რომელიც ასევე ბათუმში ცხოვრობს დედასთან ერთად.
კრისტინა სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და იქვე გამოეხმაურა მეუღლის დაპატიმრებას:
"ჩემი ქმარი სამაგალითოა. ძალიან მოსიყვარულეა, მზრუნველი, ყოველთვის და ყველაფერში სამართლიანი. ყველა, ვინც მის გარშემოა, ვინც მას იცნობს, მხოლოდ კარგს ამბობს მასზე - ყოველთვის ზრუნავს თავის ოჯახზე, მეგობრებზე, თანამშრომლებზე, ეხმარება გაჭირვებულებს. რამდენი კეთილი საქმე გააკეთა და კიდევ ბევრს გააკეთებს. ახლა გული მაქვს თითქოს გაჩერებული მოლოდინით. თითქოს სახლში ყველაფერი გაიყინა მის არყოფნაში. მაგრამ მაგრად უნდა ვიდგე, რადგან გარდა იმისა, რომ ცოლი ვარ, ასევე ვარ დედა და ბავშვებისთვის უნდა ვიყო ძლიერი.
გუშინ ვიკას გამოსაშვები ჰქონდა სკოლაში, ჩვენ კი ვერ წავედით. როგორ ავუხსნა მომხდარი ბავშვს? სად ვიპოვო ძალები?
არ მინდა არავითარი კომენტარის მიცემა მიმდინარე მოვლენებზე, რადგან მჯერა მართლმსაჯულების, მჯერა იმის, რომ ყველაფერი მალე უკან დარჩება საშინელი სიზმარივით. ჩემი ქმარი მალე იქნება სახლში ჩემთან და ბავშვებთან. დიდი მადლობა გალიფის უფროს შვილებს, რომლებიც ჩამოვიდნენ მის მხარდასაჭერად. მადლობა ყველას, ვისაც ჩემთან ერთად არ ეძინა მთელი ღამე, ვინც გვეხმარება, ვინც ჩვენ გვერდითაა. მადლობა ყველას. ვერ წარმომიდგენია, როგორ გავუმკლავდებოდი ყველაფერს მარტო. მადლობა ყველას! ეს უბრალოდ კიდევ ერთი განსაცდელია ჩვენი ოჯახისთვის, რომელსაც აუცილებლად გავუმკლავდებით ერთად!