თბილისის მერია 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის, აქტიური დასვენების, გართობისა და რეკრეაციის ხელშეწყობის მიზნით, მასშტაბურ საზაფხულო პროგრამას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, პროგრამა ითვალისწინებს, რომ თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს პერიოდულად შესთავაზოს მათი ინტერესების გათვალისწინებით სხვადასხვა ახალგაზრდული სერვისები: ლაშქრობები, საველე-ბანაკები (კემპინგი); საჯომარდო ტურები; ველოტურები თბილისთან ახლო მარშუტებზე; კარტინგი, მინი გოლფი, სასროლეთი (ლისის მიმდებარე ტერიტორია); მუნიციპალური საცურაო აუზი (ზღვის უბანში).
"პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები უზრუნველყოფილნი იქნებიან კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურებით, კვებით, ტრანსპორტით, ეკიპირებით და საჭირო აღჭურვილობით. პროგრამის მიზანია, ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს სერვისები და მათი დაინტერესება გაიზარდოს ჯანსაღი აქტივობებით. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, კონკრეტული პროგრამების შეთავაზება ახალგაზრდებისთვის, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ახალი სპორტული მოედნების გახსნა, სპორტის ხელშეწყობა არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამით ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდება", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, პროგრამაში 5 000-მდე ახალგაზრდა ჩაერთვება და მონაწილეთა რაოდენობა, მოთხოვნის შესაბამისად, ეტაპობრივად გაიზრდება.
თბილისის მერის ინფორმაციით, პროგრამა 30 ივნისს დაიწყება და 30 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. მსურველებს ელექტრონული რეგისტრაციის გავლა 8 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით, ვებგვერდზე -
www.youthtbilisi.ge შეეძლებათ.
როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, შერჩევისას რაიმე კრიტერიუმები არ არსებობს და მონაწილეობას მიიღებენ ის ახალგაზრდები, რომლებიც პირველ ეტაპზე დარეგისტრირდებიან. მათივე განმარტებით, მოთხოვნიდან გამომდინარე, შესაძლოა ადგილები კვლავ დაემატოს.
გარდა ამისა, მონაწილეობისათვის საჭიროა მხოლოდ ელექტრონული რეგისტრაცია და დეტალებზე თავად დაგიკავშირდებიან.
მერიაში ასევე გადავამოწმეთ, ეს პროგრამა თბილისში რეგისტრირებული ახალგაზრდებისთვისაა თუ ყველასთვის, ვინც დედაქალაქში ცხოვრობს, სადაც განმარტეს, რომ მონაწილეობა ყველას შეუძლია და ის სრულიად უფასოა.
თამარ იაკობაშვილი