"სასტიკად უსწორდებოდნენ, თავსა და ზურგში ფეხებს ურტყამდნენ... ძიძა გარეთ იყო გასული..." - ბათუმის ერთ-ერთ კერძო საბავშვო ბაღში ბავშვი თანაჯგუფელებმა სცემეს - მშობლები
ვიდეო, თუ როგორ ურტყამენ ბათუმის ერთ-ერთ კერძო საბავშვო ბაღში 5 წლის აღსაზრდელს ჯგუფელები, დღეს გავრცელდა სოციალურ ქსელში და მშობლების აღშფოთება გამოიწვია. ვიდეო დაზარალებული ბავშვის დედამ ატვირთა სოციალურ ქსელში და ბაღის დირექციასა და ძიძებს მოსთხოვა პასუხი:
"ბაღში გვითხრეს, რომ ბავშვებმა იხუმრეს და აუცილებლად გამოსწორდება სიტუაციაო. მსგავსი შემთხვევა სხვა დროსაც იყო, მაგრამ დალაპარაკებით მოვაგვარეთ. ახლა ბაღში მისვლას ვერ ვახერხებ იმიტომ, რომ საქართველოში არ ვიმყოფები. ეს ბავშვური ჩხუბი აღარ არის, სადისტურად სცემდნენ. ბავშვების მშობლებსაც შევეხმიანე, ერთის მშობელი ძალიან შეწუხდა. როგორც ვიცი, ოჯახური პრობლემების გამო, დირექტორმაც დატოვა ბაღი და ძიძებმაც. თუ ოჯახური პრობლემები ჰქონდათ, რამდენი დღეც სჭირდებოდათ, საერთოდ უნდა დახურულიყო ბაღი, ჩვენ გავუგებდით. ბავშვების უყურადღებოდ დატოვებას, ბაღის დახურვა არ ჯობდა? ჩემი შვილის ჯგუფის ძიძაც გარეთ იყო გასული და ასეთი ფაქტი დაფიქსირდა. ეს დიდხანს გრძელდებოდა, უბრალოდ ყველა კადრი ვერ ამოვიღე. ვინ იქნებოდა პასუხისმგებელი, ჩემს შვილს რომ რაიმე დამართნოდა? სასტიკად უსწორდებოდნენ, თავსა და ზურგში ფეხებს ურტყამდნენ. როცა ერთი ძიძა გადის ოთახიდან, მეორე აუცილებლად უნდა ჩაენაცვლოს", - ამბობს ბავშვის დედა.
ჩვენ დავუკავშირდით აღნიშნული საბავშვო ბაგა-ბაღის დირექციასაც. დირექტორმა ის ფაქტი, რომ ძიძები და თავად იგი სამსახურში არ იმყოფებოდნენ, უარყო და გვთხოვა, რამდენიმე წუთში დავკავშირებოდით. თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჩვენთან კონტაქტზე აღარ გამოვიდა.
ბათუმის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებაში გვითხრეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა მათ კომპეტენციაში არ შედის, რადგანაც საქმე კერძო საბავშვო ბაღს ეხება, თუმცა თავად ფაქტს აღმაშფოთებელი უწოდეს. იგივე განგვიცხადეს ქალაქ ბათუმის მერიაშიც. ვიდეოს, ობიექტური მიზეზების გამო, არ ვაქვეყნებთ.