ამ ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეო უზბეკეთშია გადაღებული, ქორწილში.
როგორც გაირკვა, გასამხიარულებლად პატარა სახალისო კონკურსი გაუმართეს ნეფე-პატარძალს. გაკვანძული ბაფთები უნდა გაეხსნათ და ამაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. პატარძალმა დავალებას უფრო სწრაფად გაართვა თავი და გახარებულმა ხელიც აწია, თუმცა სიძემ, როგორც ჩანს, ვერ აიტანა მარცხი და ამდენი ხალხის თვალწინ ხელი დაარტყა მომავალ ცოლს. გოგონამ ძლივს შეიმაგრა წონასწორობა, სიძემ კი ჩვეულად გააგრძელა დარბაზისკენ ყურება, ვითომ არაფერი მომხდარა და ქორწილიც გაგრძელდა.
ვიდეოს, გასაგები მიზეზების გამო, უამრავი გაზიარება და კომენტარი აქვს. პატარძლის ბედით ბევრი დაინტერესდა და ისიც ადვილი გამოსაცნობია, როგორი ბედი ელის ამ მამაკაცთან თანაცხოვრებისას. სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანაში ქალების ბედი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, როგორი მეორე ნახევარი შეხვდებათ და ხშირად, მათი სიცოცხლეც კი.
ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიის თანახმად, ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ სასიძოთი სამართალდამცველები დაინტერესდნენ და წვრილმანი ხულიგნობის გამო საქმეც აღძრეს. მეორე ვერსიით, ინციდენტის შემდეგ გოგონა მშობლებმა წაიყვანეს და ქორწინებაც ჩაშალეს. თუმცა რომელი ვერსიაა უფრო ზუსტი, ჯერჯერობით უცნობია.
P.S. რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ სიძემ სიჩუმე დაარღვია და ჟურნალისტებს გაესაუბრა: "თავი ვერ შევიკავე და ხელი გამექცა". ასევე აღნიშნა, რომ ამიერიდან ასე აღარ მოიქცევა.
მას ხულიგნობისთვის სასჯელიც ელოდა, თუმცა ცოლის თხოვნით, შემდგომი გარჩევები ამ საქმეზე შეწყდა. იმედი ვიქონიოთ, არ ინანებს ცოლი ამ გადაწყვეტილებას.