გაიგეთ, რას ნიშნავს ქალთა მხარდამჭერი პროექტი Mama Bono, რომელიც საქართველოში პირველად განხორციელდება
გაიგეთ, რას ნიშნავს ქალთა მხარდამჭერი პროექტი Mama Bono, რომელიც საქართველოში პირველად განხორციელდება
თუკი იმ ადამიანთა შორის ხართ, ვინც ფიქრობს, რომ დედობისა და კარიერის შეთავსება ძალიან რთულია, მაშინ თქვენთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია გვაქვს. საქართველოში ქალთა მხარდამჭერი პროექტის Mama Bono-ს განხორციელება იწყება. ეს გახლავთ პროექტი, რომელიც დეკრეტში მყოფი ქალებისა და ახალბედა დედების მხარდაჭერასა და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვას ისახავს მიზნად. საქართველოში მისი ინიციატორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის CR & PR მენეჯერი, მარკეტერი თამთა ასლანიშვილია. მასზე თამთა ასლანიშვილის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით MBC და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა
და განვითარების ცენტრი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ერთობლივად მუშაობს.
ზოგადად, მსოფლიოში და განსაკუთრებით, საქართველოში ქალებს შესაბამისი
სამსახურის პოვნა და პირადი შემოსავლის გამომუშავება ხშირად უჭირთ. აღნიშნულს თავისი მიზეზებიც აქვს. ხშირად ისინი ისეთ ასაკში ხდებიან დედები, რომ დასაქმებისთვის საჭირო ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებას ვერ ახერხებენ და ბავშვების წამოზრდის შემდეგ საქმიანობის დაწყება უჭირთ. ხდება ისეც, რომ ქალები აქტიურ საქმიანობას ეწევიან, თუმცა დეკრეტული შვებულების შემდეგ ვეღარ ახერხებენ სამსახურებში დაბრუნებას.
სწორედ ამ გამოწვევის გადასალახად მარკეტერმა თამთა ასლანიშვილმა, რომელიც ამჟამად თავადაც დეკრეტულ შვებულებაშია, დაიწყო პროექტის Mama Bono-ს განხორციელება. პროექტი თავდაპირველად იაპონელებმა განახორციელეს, შემდეგ ის კი ესპანურმა კომპანიებმაც დაიწყეს. საქართველოში მუშაობის პროცესში იაპონელების მიერ მოფიქრებულმა პროექტმა გარკვეული ცვლილება განიცადა. როგორც პროექტის ავტორი გვიყვება, იაპონელების მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ქალებს დეკრეტულ შვებულებაში დიდი ხნის განმავლობაში უწევთ გასვლა და შემდეგ უკან ეკონომიკაში დაბრუნება უჭირთ. ამიტომ პროექტის ფარგლებში ისინი კვირაში რამდენიმე საათის განმავლობაში სოციალურ საწარმოებს და სხვადასხვა კომპანიაში მუშაობენ და შესაბამის ანაზღაურებასაც იღებენ. საქართველოში კი ქალებს განსხვავებული გამოწვევები აქვთ. აქ ხშირად დედებს საერთოდ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ იმუშაონ. შესაბამისად, საჭირო სამუშაო გამოცდილება ვერ უგროვდებათ, რომ შვილების წამოზრდის შემდეგ, აქტიური ეკონომიკური საქმიანობა დაიწყონ. მათ კონკრეტული ახალი უნარების შესწავლა სჭირდებათ, რაც მარტივი არაა.
სწორედ ამიტომ პროექტის ფარგლებში დეკრეტში მყოფი დედების გადამზადება დაიწყება, ჩატარდება ტრენინგები და ვორქშოფები, შემდეგ კი ისინი სხვადასხვა კომპანიაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან. საქართველოში ეს პროექტი სოციალური ხასიათის იქნება, რადგან გადამზადება სრულიად უფასოა. პირველ წელს MBC სრულად აფინანსებს გადამზადების ხარჯებს.
„პირველ რიგში, პროექტში პოტენციურად მონაწილე დედების შესახებ გვჭირდება გარკვეული სტატისტიკური ინფორმაცია. უნდა განვსაზღვროთ მათი საჭიროებები და შესაბამისად დავგეგმოთ მათი გადამზადების საკითხი. ამ მიზნით, კითხვარების შევსება მიმდინარებს. გვინდა, რაც შეიძლება მეტმა დედამ მიიღოს მონაწილეობა, შეავსოს და საკუთარი საჭიროებების შესახებ გაგვიზიაროს ინფორმაცია. შედეგად ჩვენ უკეთ დავგეგმავთ ტრენინგებსაც და სტაჟირებასაც. გვექნება შეთავაზებები მათთვისაც, ვისაც ფიზიკურ სივრცეში ტრენინგებზე დასწრება და მუშაობა არ შეეძლება, იმიტომ რომ ბავშვს ვერ ტოვებს. ამ ყველაფრის განსასაზღვრად მოვუწოდებთ ყველას, რომ კითხვარი შეავსონ,“ -აღნიშნავს თამთა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში პროექტი „დედები დედებისთვის“ კონცეფციის მატარებელია და გადამზადების პროცესში ტრენერებად ჩართულები იქნებიან დედები, რომლებმაც ამ გამოწვევების გადალახვა უკვე შეძლეს და დღეს აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობაში არიან ჩართული.
Mama Bono-ს პროექტის კითხვარის შევსება შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი.
R
148
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები