ბავშვობაში მშობლებმა ცურვაზე მიიყვანეს. რამდენიმე წლის შემდეგ, ქალთა წყალბურთის გუნდშიც თამაშობდა. 17 წლიდან უკვე თავად მუშაობდა ცურვის მასწავლებლად. ბოლო რამდენიმე წელია ფიტნესინსტრუქტორია. მისი დილა ადრიანად იწყება. მხოლოდ შაბათ-კვირას ისვენებს, სხვა დღეებში მუდმივად სპორტდარბაზშია. 41 წლის იყო, ვარჯიში რომ დაიწყო, მას შემდეგ მოცურავე, ბოდიფიტნესის მიმდევარი, ფიტნესინსტრუქტორი, წარმატებული სპორტსმენი, არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული
მაკა ხიზანიშვილი სულ ყურადღების ცენტრშია. ბოლო დღეებში მისი პერსონა კიდევ უფრო გააქტიურდა, რადგან სოციალურ ქსელში სხვადასხვა პლატფორმაზე მისი ცეკვის ვიდეოები გამოჩნდა და ბევრი დაინტერესდა ამ ქალბატონის ვინაობით.
- მაკა, ბოლო ხანს, განსაკუთრებით ბევრი ნახვა აქვს ვიდეოებს, სადაც თქვენ გივი სიხარულიძესა და გია ჯაჯანიძესთან ერთად ცეკვავთ. როგორც ჩანს, გიას გადაცემაში იყავით მიწვეული. სოციალურ ქსელში აქტიური ხართ, მაგრამ ამდენი გამოხმაურება მგონი, არც ერთ თქვენ ვიდეოს არ მოჰყოლია. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
- დიახ, ეს ვიდეოები, რომ დავდე, არც ველოდი ასეთ გამოხმაურებას. რამდენიმე დღის წინ ტელევიზიიდან დამიკავშირდნენ, გადაცემაში მიმიწვიეს და მითხრეს, რომ 4 დღის განმავლობაში გადაღებები გრიგოლეთში იქნებოდა. დავთანხმდი, სამსახურიდან გავეთავისუფლე და ასე აღმოვჩნდი გრიგოლეთში, კარგ სასტავთან ერთად. მათ შორის იყო: გივი სიხარულიძე, ასმათ ტყაბლაძე, მაესტრო მორისი, მისი და და ა.შ. ერთ-ერთი ჩაწერის მერე, მორისმა მუსიკა ჩართო. ავცეკვდი. მოვიდნენ გია, გივი და ყველამ, ასე ვთქვათ, სპონტანურად ვიცეკვეთ, ეს დაგეგმილი არ ყოფილა. რაც შეეხება ხალხის რეაქციას, მიზეზი ალბათ ის არის, რომ ვიდეოებზე "სელებრითებთან" ერთად ვარ, ჩემმა ვიზუალმაც იმოქმედა, ვერ გაარკვიეს, ქალი ვარ თუ კაცი. ისეთ კომენტარებს წერენ, რომ... მაგრამ მე არ ვკითხულობ, უბრალოდ მეუბნებიან ხოლმე. იმდენი კომენტარია, რომც მინდოდეს, ფიზიკურად ვერც წავიკითხავ. შეჩვეული ვარ, ყურადღებას არ ვაქცევ.
- როგორც ჩანს, აუზზე ხშირად დადიხართ, უკვე კარგი ნამზეური გაქვთ...
- ზაფხულს არ ველოდები და როცა ამინდები გამოდის, მარტიდან ვირუჯები. აუზზე ძირითადად შაბათ-კვირას დავდივარ, ოთხშაბათს 5 საათიდან ვმუშაობ და მანამდე თუ მოვასწრებ 1-2 საათით გასვლას. სოლარიუმში არასდროს ვყოფილვარ. გვიან შემოდგომამდე ვირუჯები და ფერი დიდხანს მიმყვება.
- ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ბევრი ცდილობს ზამთარში მომატებული კილოგრამები დაიკლოს და ფიტნესდარბაზში მიდის. პანდემიის პერიოდში ონლაინცხოვრებამ კიდევ უფრო მეტი დააყენა ამ პრობლემის წინაშე. ასეა?
- ახლა და მანამდეც, როცა სპორტდარბაზები გაიხსნა, მომხმარებელმა იმატა. ბევრი მწერს, მაგრამ ვაღარავის ავიყვან, რადგან ძალიან ბევრი ხალხი მყავს. კორონავირუსის გადატანის შემდეგ, არა მხოლოდ წონის მატება, არამედ ბევრს ფილტვებისა და სუნთქვის პრობლემა აწუხებს. რაც ამ სფეროში ვმუშაობ, მხოლოდ ამ ზაფხულის განმავლობაში არ მოიმატა მომართვიანობამ. ახალი წლის შემდეგ, 1-2 კვირა "მკვდარი სეზონია", მაგრამ ვარჯიში ამ პერიოდშიც ბევრმა დაიწყო. ბუმია დარბაზში. მოდიან კაცებიც, ქალებიც, ბავშვებიც. ერთი 11 წლის ბავშვი ჩემთანაც დადის, დედასა და ძმასთან ერთად და მთელ ოჯახს ვავარჯიშებ. ბავშვებს ისეთ ვარჯიშებს ვაკეთებინებ, სადაც მუხლსა და ხერხემალზე დატვირთვა არ მოდის, მაგრამ ზოგადად, ადრეულ ასაკში ვარჯიშს არავის ვურჩევ. ვარჯიში სასურველია 16 წლიდან, როცა ხერხემალი უკვე ჩამოყალიბებულია. საერთოდ, კორონაგადატანილები მალე იღლებიან, მაგრამ რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ, ნელ-ნელა ეს პრობლემა იხსნება. კორონას გადატანის შემდეგ, ასევე ბევრმა ძალიან მოიტანა წონაში. ასე რომ, ძირითადად, ეს ორი პრობლემაა. პირადად მე, პანდემიის პერიოდში სულ აქტიური ვიყავი, არ გავჩერებულვარ და სხვებსაც ვეუბნებოდი: ივარჯიშეთ, სუფთა ჰაერზე გადით-მეთქი, მაგრამ ზოგი ისე იყო დაპანიკებული, მგონი, სახლიდან სულ არ გადიოდა. მთელი ეს პერიოდი ვირუსი არ შემხვედრია, ალბათ ეს ვარჯიშის დამსახურებაა, კარგი იმუნიტეტი მაქვს. მომატებული მომართვიანობის გამო, ვფიქრობ, ჩემი დატვირთული რეჟიმი მთელი ზაფხული გაგრძელდება. ერთი სული მაქვს, შინ მოვიდე და დავისვენო.
განაგრძეთ კითხვა