თბილისის მერიის მიერ დღეს გავრცელდა მორიგი ვიდეო, თუ როგორ ვანდალურად იქცევიან ახალგაზრდები ქალაქში, ახალგახსნილ სკვერებში. ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. რამდენიმე კომენტარს გთავაზობთ:
- სახლებიდან მოდის ეს აგრესიაც, გაუნათლებლობიდან და აღუზრდელობიდან, უსაქმურობიდან და ძალადობის მაგალითებიდან. მერე კიდევ რამეს დალევენ, მოწევენ და მთლად გიჟდებიან.
- ჩემთვის თითოეული მათგანი არაჯანსაღი გარემოს მსხვერპლია. ამ ვიდეოების გამოქვეყნება კი რეალურ პრობლემას ვერ მოაგვარებს.
- ყველა პიროვნება დაადგინეთ ვინაა და ოჯახს გაუგზავნეთ ჯარიმები. კეთილი ინებონ და გადაიხადონ. ვირის აბანოში უნდა შეყარო ყველა. ოჯახებში არ იზრდებიან? უზრდელები!
- ესეც მთავრობის ბრალია თუ მშობლის და აღზრდის? უნდა დაისაჯოს მშობელთან ერთად.ქუჩაში რომ ჰყავთ შვილები დაყრილი.
- როცა განათლება და აღზრდა პრიორიტეტი არ არის, ასეთ თაობას მოვიღებთ და ამათი შვილები ხომ წარმოგიდგენიათ რა თაობას გაზრდიან.
- ამათ უყვართ სამშობლო? ესენი რო ასე ანგრევენ ყველაფერს, უცხოელს რა უნდა მოთხოვოთ? მარტო არ უნდა დაისაჯონ, კიდევაც უნდა ანაზღაუროს მისმა პატრონმა და ჯარიმაც გადაიხადონ.
- ყველა უნდა მოიძებნოს და უნდა გააკეთებინონ საკუთარი ხელით მერე არ დაამტვრევენ.
- როდესაც არ არის სწორი ღირებულებები, არც სკოლაში და არც სახლში.
დაიწყო თუ არა ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება და ზოგადად, როგორ ხდება მსგავს ფაქტებზე რეაგირება, ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დავუკავშირდით:
"ვანდალიზმის ფაქტებზე რეაგირებას საპატრულო პოლიცია ახდენს, ხელმძღვანელობენ კამერების ჩანაწერებით, დგება ოქმი და მერიის რომელი სამსახურიცაა პასუხისმგებელი კონკრეტულ ობიექტზე, მასთან ერთად იწყება გამოძიება. პატრული იდენტიფიცირებასა და შესაბამის რეაგირებას უზრუნველყოფს. არის მიმართულებები, როდესაც საპატრულო პოლიცია ჩვენ გადმოგვცემს მონაცემებს და ჩვენი სამსახური აჯარიმებს. უფრო კონკრეტულად: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 150² - დედაქალაქის იერსახის დამახინჯება 1) ნახატების თვითნებური შესრულება - ჯარიმა 200 ლარი, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში - 1000 ლარი. 2) განმეორება - 1000 ლარი, კულტურულ ზონაში - 2000 ლარი; 3) გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში - 1000 ლარი." - გვითხრეს თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში.
საპატრულო პოლიციაში კი განგვიცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით მოკვლევა მიმდინარეობს. ზოგადად, კი სასჯელის ფორმა დანაშაულის სიმძიმის მიხედვით ინდივიდუალურად განისაზღვრება.