"ბებიაჩემმა ჩემს უფროს შვილს უთხრა: შენ დარჩი აქ და დედაშენი გავაგდოთო... არ დამკლებია არც სილის გაწნა, არც ჯოხი და არც ქამარი..." - რეალური და მძიმე ისტორია ახალგაზრდა ქალზე
"ბებიაჩემმა ჩემს უფროს შვილს უთხრა: შენ დარჩი აქ და დედაშენი გავაგდოთო... არ დამკლებია არც სილის გაწნა, არც ჯოხი და არც ქამარი..." - რეალური და მძიმე ისტორია ახალგაზრდა ქალზე


ნატალია გოგაძე თავის დროზე ჩვილ ბავშვთა სახლში აღმოჩნდა, სადაც ბიოლოგიურმა დედამ, როგორც ახსოვს, ერთხელ მიაკითხა. 6 წლისა სხვა თავშესაფარში გადაიყვანეს, მერე გააშვილეს და ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას ბიოლოგიური დედა ეძებდა...

ნატალიას მონაყოლიდან ჯერჯერობით, მხოლოდ მცირე ნაწილის დაბეჭდვის უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს, რადგან ისტორია მძიმეა და თანაც, არ მინდა, ბიოლოგიური მამის ძიების პროცესში შეეშალოს ხელი...

- გორში დავიბადე. სოფელ ხიდისთავიდან არის ბიოლოგიური დედა. 5 თვემდე, ფაქტობრივად, მეზობლის სახლში გამზარდა, სახლში ვერ მივყავდი გარკვეული მიზეზების გამო და ჩემს სანახავად იქ მოდიოდა.
იმ პერიოდში დედა ვეტექიმად მუშაობდა
სოფელში და მთელი დღე ჩემთან რომ ყოფილიყო, ამისთვის ვერ იცლიდა.

ერთხელაც, ის ქალბატონი, რომელიც ჩემზე ზრუნავდა, ცუდად გახდა, ყურადღებას ვეღარ მაქცევდა და დედამ, ალბათ, სხვა გზა რომ ვერ ნახა, თელავის ჩვილ ბავშვთა სახლში წამიყვანა. ანკეტაში, რომელიც იქ შეავსო, წერია:

"დედა - ლიანა გოგაძე არჩილის ასული, 25 წლის. მამა - საგზაო ინჟინერი..." ასევე, აღნიშნული იყო, რომ დედამ შემოიყვანა ბავშვი დროებით აღსაზრდელად და ამის შემდეგ წერია ჩემი სახელი: ნატალია როინის ასული, მაგრამ გვარი არც აქაა დაფიქსირებული, ანუ დედის გვარზე ვიყავი.

როცა, დაახლოებით, 5 წლის გახლდით, მახსოვს, მოვიდა ჩემს სანახავად და დედაც დავუძახე, გავეტირე კიდეც... ამის შემდეგ დედა და დეიდაჩემი სასწავლებლად წასულან რუსეთში, მე კი, დაახლოებით, ერთ წელიწადში გადამიყვანეს წყნეთის ბავშვთა სახლში, რადგან უკვე სასკოლო ასაკის ვიყავი - ეს მოხდა 1986 წელს. 2 წელი ვისწავლე იქ, პირველი-მეორე კლასი დავამთავრე, მერე კი - გამაშვილეს.

- როგორც ამბობთ, ამ პერიოდში მოინათლეთ...


- დიახ, ბავშვთა სახლში მოაწყვეს მასობრივი ნათლობა. იმ პერიოდში, შაბათ-კვირას, ჩვენთან ორი ახალგაზრდა გოგო მოდიოდა: ერთი გამხდარი და ერთიც - ცოტა პუტკუნა, ისინი ხატვას გვასწავლიდნენ. სხვათა შორის, ამ ბავშვთა სახლში გავატარე ბავშვობის საუკეთესო წლები, მერე ისეთი ლაღი აღარასდროს ვყოფილვარ... გვასწავლიდნენ ცეკვას, სიმღერას, წერა-კითხვას და ა.შ. ვმართავდით კონცერტებსაც და ერთხელ ფილარმონიაშიც კი გამოგვიყვანეს, მე გუნდთან ერთად "ჩემო კარგო ქვეყანა" ვიმღერე...

მოკლედ, ნათლობის დროს, გამხდარმა გოგომ ჩემზე თქვა: ამას მე მოვნათლავო, მერე კი ოქროს ყელსაბამი და ჯვარი დამკიდა, რომელსაც უკანა მხარეს ეწერა "ჩვენთან არს ღმერთი". მან მომიტანა ფანქრები, ფლომასტერები, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავდა მაშინ და მოუთმენლად ველოდი შემდეგ შაბათ დღეს, რომ შევხვედროდი ადამიანს, რომელმაც სითბო მაგრძნობინა... იმ დღეს, ჩემი ნათლიის ნაცვლად მოვიდა ცოლ-ქმარი, უკვე ასაკში მყოფი ადამიანები, რომლებიც ეძებდნენ ბავშვს, კონკრეტულად კი - ბიჭს (რადგან საკუთარი შვილი გარდაცვლიათ 16 წლის ასაკში, სისხლის გათეთრებით), მაგრამ დირექტორმა მათ ჩემი თავი შესთავაზა...

- რატომ? ხომ იცოდა, რომ დროებით ჰყავდით დედას დატოვებული?


- ეს ფურცელზე კი ეწერა, მაგრამ ჩემთან არავინ მოსულა, არავის მოუკითხავს. მხოლოდ ერთხელ, როგორც გადმოცემით ვიცი, ვიღაც ორი ქალი ყოფილა, ვითომ ბებია და დეიდაო, მაგრამ არ მახსოვს. ჰოდა, რომ ნახეს, მომკითხავი არავინ მყავდა, ეტყობა ამიტომაც გადაწყვიტეს ჩემი გაშვილება. ამ წყვილისთვის დირექტორს უთქვამს, - გოგოა, მაგრამ არავინ აკითხავს და თუ სურვილი გექნებათ, წაიყვანეთ, გაზარდეთო. ვითომ მადლი გააკეთა ჩემთვის, სინამდვილეში კი ამის მერე ბავშვური სილაღე დავკარგე... მე ნათლიას ველოდებოდი მთელი გულით. დღემდე მინდა, ვნახო ეს ადამიანი, რომელმაც ყოველგვარი ანგარების გარეშე, ჩემში ბავშვი დაინახა, მოვეწონე ან უბრალოდ შემიყვარა და საკუთარი ნებით მომნათლა. სხვათა შორის, ის ნათლობის ჯვარი და ყელსაბამი მომხსნეს ბავშვთა სახლში, ვითომ არ დაკარგოსო და მას მერე თვალითაც აღარ მინახავს. გული მწყდება, რომ დავკარგე, ვერ მოვუფრთხილდი, სხვებს დავუთმე...

- რატომ ამბობთ, რომ გაშვილების შემდეგ თქვენი ბავშვობა დასრულდა?


- იმდენად მორცხვი ვიყავი, რომ ეს ყველაფერი, უნებურად, სიჯიუტეში გადამდიოდა. დედობილმა სახლში მიყვანისთანავე ჩამავლო ხელი და ველურივით აბაზანაში შემაგდო; ისე დამბანა, როგორც რომელიმე ცხოველს დაბანდნენ და ამის შემდეგ ავითვალწუნე. ერთი კვირის მერე, ისევ წყნეთში რომ ამიყვანა, აღარ მინდოდა იქიდან წამოსვლა, მაგრამ, აბა, მე ვინ რას მკითხავდა?.. თანაც, მაშინ მახსოვს, ერთ-ერთმა ძიძამ ჩემზე უთხრა: ეს ისეთი ჯიუტი ბავშვია, ცემა სჭირდება ხოლმეო და ეს ჩაიხვიეს ამათმაც, მას მერე არ დამკლებია არც სილის გაწნა, არც ჯოხი და არც ქამარი...

განაგრძეთ კითხვა
4561
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
მსგავსი სიახლეები