„მცდარია მსჯელობა, რომ კოვიდის ახალი შტამი მსუბუქად მიმდინარეობს“ - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა
„რადიო თავისუფლებას“ განუცხადა.
„ძალიან გაზრდილია მომართვიანობა. განსაკუთრებით ბოლო სამი დღეა. ძირითადად ორსულები და 60 წელს ზევით პაციენტები გვყავს. მცდარია მსჯელობა, რომ კოვიდის ახალი შტამი მსუბუქად მიმდინარეობს. უნდა გავიაზროთ, რომ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ნებისმიერმა ვირუსულმა ინფექციამ შეიძლება, რომ პაციენტის მდგომარეობა მიიყვანოს დამძიმებამდე. რეალობა ასეთია. ბოლო პერიოდში, შემიძლია გითხრათ, რომ კოვიდ-პაციენტების რაოდენობა, ფაქტობრივად, მინიმუმამდე იყო დასული, მაგრამ უკანასკნელი სამი დღეა, შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტების მომართვიანობამ ძალიან იმატა. ორჯერ იმაზე მეტი პაციენტი გვყავს, ვიდრე საწოლები გვქონდა გამოყოფილი. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში იკლო კოვიდ-პაციენტების რაოდენობამ და კლინიკა მუშაობის კვლავ ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, კლინიკაში კოვიდ-განყოფილებისთვის დავიტოვეთ 15 საწოლი. დღეს უკვე გვყავს 30 პაციენტი. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ექვსი პაციენტი კი კრიტიკულია“, - აცხადებს რატიანი „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტრევიუში.
გამოცემა სხვადასხვა სპეციალისტთან ბოლო დღეების ეპიდვითარებას მიმოიხილავს. როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე გამოცემასთან საუბრისას ამბობს, ქვეყანაში დღითიდღე იმატებს კოვიდ-ინფიცირების მაჩვენებელი, თუმცა ლეტალობის შემთხვევები არ გაზრდილა.
„არ არის გაზრდილი ლეტალობის მაჩვენებელი და ის კვირის განმავლობაში, სტაბილურად 0-2-ია. შესაბამისად, კორონავირუსის ამ მუტაციის მიმდინარეობა, რომელიც უფრო მეტი გადამდებლობით ხასიათდება, საბედნიეროდ არ ხასიათდება უფრო მეტი ლეტალობით“. - ამბობს ივანე ჩხაიძე.
იხილეთ სტატიას სრულად