ლადო ჭიქაშვილი ქართულ ინტერნეტსივრცეში კომედიური პერსონაჟ ინეზა კემულარიათი გაიცნეს. ამ მეგრელი ქალბატონის პაროდიით უამრავ ადამიანს ეხმიანება და საკუთარ სათქმელს ასე ამბობს... ლადოს ვიდეოები სოციალურ ქსელში დიდი მოწონებით სარგებლობს და მის მორიგ სკეტჩს დიდი ინტერესით ელოდებიან. აქვე ინტერესი ჩნდება, ვინ არის და როგორია ამ პერსონაჟის მიღმა ადამიანი, რომელმაც საზოგადოებასთან ურთიერთობა ასეთი ფორმით გადაწყვიტა. როგორც ლადო გვეუბნება, სამეგრელოდანაა, დაიბადა პატარა და ძალიან საყვარელ სოფელ ნოსირში, სადაც ძალიან შეიყვარა ეს ულამაზესი მხარე. იქაურობამ, როგორც ადამიანს, მნიშვნელოვანი თვისებები განმივითარა. რა თქმა უნდა, მშობლების დიდი დამსახურებაცაა ის, რომ ვარ დამოუკიდებელი, ბრძოლისუნარიანი და პოზიტიური ადამიანი“, - ამბობს ლადო, რომელსაც Ambebi.ge ბერლინში დაუკავშირდა.
- ფართო საზოგადოებას თავი იუმორით გააცანით. შექმენით პერსონაჟი, ვისი საშუალებითაც მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებით...
- დიდი მადლობა ინტერესისთვის. ადამიანები ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე დაბრკოლებებს ვაწყდებით. ბევრჯერ გვტკივა, გვიხარია… ბედნიერებაა თუ გვერდს გიმაგრებენ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, რეალობასთან მარტოს გვიწევს შეჯახება. ჩემ შემთხვევაში "ინეზა“ არის ადამიანი, რომელიც ყველაზე რთულ მომენტშიც კი მახსენებს, რომ ცხოვრება მშვენიერია! "ინეზა“ ჩემთვის რეალობის დიდი მაგალითია...
- პროფესიით მსახიობი ხომ ხართ?
- ყოველთვის მინდოდა, ვყოფილიყავი მსახიობი. სამწუხაროდ, ჩემი რეალობიდან გამომდინარე, ვერ შევძელი ამ პროფესიას გავყოლოდი, რადგან თავის გადასარჩენად მუდმივად მიწევდა საცხოვრებელი ადგილის და პროფესიის მორგება. ვერ ვპოულობდი შესაძლებლობას, რომ საოცნებო პროფესიისთვის დრო დამეთმო... "ინეზა“ ახლა იმაში მეხმარება, რომ ვიცხოვრო ჩემს ოცნებებში და არასდროს დავკარგო იმედი.
- ამჟამად ემიგრაციაში ხართ. რა არის ამის მიზეზი?
- ძალიან მიყვარს ჩემი საქართველო, მაგრამ ამ ეტაპზე მჭირდება გარემო, სადაც დამოუკიდებლად და ჩემი შრომით შევძლებ დავეხმარო ოჯახს და ვიბრძოლო საკუთარი მიზნის მისაღწევად. მიღებული ცოდნით და გამოცდილებით, აუცილებლად დავბრუნდები სამშობლოში და ოჯახთან ერთად ვიცხოვრებ, რადგან ვიცი, რა რთულია ემიგრანტობა და განშორება იმასთან, რაც შენია და რაც ძალიან გიყვარს.
განაგრძეთ კითხვა