ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის სპეციალური სოციალური პროგრამა მიმდინარეობს. პროცედურა კი ასეთია: დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში პირს/ოჯახს მიენიჭება უსახლკარო პირის ან ოჯახის სტატუსი და სტატუსის მინიჭების შემდეგ, პირის/ოჯახის შეფასება ქულათა შესაბამისი სისტემით მოხდება. ქულების მიხედვით განისაზღვრება თავშესაფრით ან საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობა.
როგორც
თბილისის მერიაში განგვიცხადეს, თუკი ადამიანი უსახლკარო პირად დარეგისტრირდება, მერია თავშესაფრით უზრუნველყოფს, ხოლო თუ უსახლკარო ოჯახის სტატუსი ექნებათ, თბილისის მერია მათ საცხოვრებელ ფართს გარკვეული დროის განმავლობაში გადასცემს. მათ ეს ფართი საკუთრებაში არ გადაეცემათ, გარკვეული დროით, უფასოდ შეუძლიათ სარგებლობა.
რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადამიანი უსახლკაროდ?
არსებობს ქალაქ თბილისის საკრებულოს დადგენილება, რომელშიც ზუსტადაა გაწერილი პროცედურა. ადამიანი უსახლკაროდ ჩაითვლება თუ:
- კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში არის საქართველოს მოქალაქე უწყვეტად, და ამასთანავე, ბოლო 2 წლის განმავლობაში და უსახლკარო პირის სტატუსის მინიჭების მომენტისათვის უწყვეტად რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
- კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას პირი არის სრულწლოვანი;
- არ ფიქსირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება;
- პირის მიმართ არ ფიქსირდება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ფართზე მართლზომიერი მფლობელობის ან უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი;
- პირს არ გააჩნია საკუთრებაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, ხოლო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების არსებობის შემთხვევაში, კომისიის მხრიდან გადაწყვეტილება მიიღება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მარკის, გამოშვების წლისა და მოდელის გათვალისწინებით;
- პირს არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში პირი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის;
- ასევე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში თუ არ გადაუკვეთავს სახელმწიფო საზღვარი 2-ჯერ ან მეტჯერ, გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების, მესამე პირის მიერ დაფინანსებულ სასწავლო პროგრამებსა და კურსებში ჩართვის და სხვა სასწავლო-შემოქმედებითი მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა, რაც დასტურდება განმცხადებლის მიერ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით;
- პირი (თუ ის არის შრომისუნარიანი) რეგისტრირებულია "სამუშაოს მაძიებლად" შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge.
რა შემთხვევაში დარეგისტრირდება ოჯახი უსახლკაროდ?
- კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში ოჯახის თითოეული წევრი არის საქართველოს მოქალაქე უწყვეტად, და ამასთანავე, ბოლო 2 (წლის განმავლობაში ოჯახის წევრთა ნახევარზე მეტი უწყვეტად და ამავდროულად უსახლკარო პირის სტატუსის მინიჭების მომენტისათვის რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე .
- ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ არ ფიქსირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება;
- ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ არ ფიქსირდება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ფართზე მართლზომიერი მფლობელობის ან უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი; შესაბამისი გამგეობის მიერ მოპოვებული ინფორმაციით არ დასტურდება ოჯახის მხრიდან დამოუკიდებლად ბინის ან სხვა ფართის ქირის (იჯარის) კომისიისათვის მიმართვამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში უწყვეტად გადახდის ფაქტი;
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოჯახის არც ერთ წევრს არ გააჩნია საკუთრებაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, ხოლო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების არსებობის შემთხვევაში, კომისიის მხრიდან გადაწყვეტილება მიიღება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მარკის, გამოშვების წლისა და მოდელის გათვალისწინებით;
- ოჯახს არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში ოჯახი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმისთვის;
- შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ფიქსირდება ოჯახის არც ერთი წევრის მიერ სახელმწიფო საზღვრის 2 და მეტი გადაკვეთა (სახელმწიფო ტერიტორიის დატოვება). გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების, მესამე პირის მიერ დაფინანსებულ სასწავლო პროგრამებსა და კურსებში ჩართვის და სხვა სასწავლო-შემოქმედებითი მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა, რაც დასტურდება განმცხადებლის მიერ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით;
- ოჯახის თითოეული უმუშევარი წევრი რეგისტრირებულია "სამუშაოს მაძიებლად" შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge.
ამავე დადგენილებაში ზუსტადაა განსაზღვრული, რა პროცედურების გავლაა საჭირო, რომ პირი ან ოჯახი უსახლკაროდ დარეგისტრირდეს, რის მიხედვით ენიჭებათ სპეციალური ქულები და ასე შემდეგ. დადგენილება შეგიძლიათ,
იხილოთ ვრცლად. თბილისის მერიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ადამიანების თავშესაფრით ან ფართით უზრუნველყოფისთვის სპეციალური თარიღი არ არსებობს და ყველა არსებული რესურსებისა და ქულების მიხედვით დაკმაყოფილდება.
განცხადებით უნდა მიმართოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს.
განცხადებას კი თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა ან პასპორტი) ასლი;
- შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს უსახლკარო პირად რეგისტრაციისთვის მოთხოვნილი გარემოებების არსებობა ან/და განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია.
უფრო ვრცლად, განცხადების ფორმასა და პროცედურებზე
გაეცანით ბმულზე. დამატებითი ინფორმაციისთვის კი შეგიძლიათ მიმართოთ ქალაქ თბილის მერიას ცხელ ხაზზე:
032 272 22 22
თამარ იაკობაშვილი