"მამუკა სცენაზე ბნელ 1990-იანებში გამოჩნდა და ხალხს მაშინვე თავი შეაყვარა. ძალიან ბევრი ქარცეცხლი გაიარა, მაგრამ საზოგადოებას, მსმენელს მუდამ პოზიტიური ახსოვს... გარკვეული პერიოდი სცენიდან წავიდა, მაგრამ ხელოვნება მისთვის უმთავრესი იყო...", - ასე ეხმაურებიან ცნობილი ხელოვანები უსაყვარლესი კოლეგის - მამუკა ონაშვილის დაღუპვას...
დიდი მწუხარების მიუხედავად, რამდენიმე მათგანმა მამუკა ონაშვილზე ლამაზი მოგონება გაგვიზიარა...
დათო როსტომაშვილი:
- არ ვიცი, რაღა უნდა ვთქვა... ამ პატარა ქვეყანაში რამდენი ტრაგედია ტრიალებს. გუშინ, გუშინწინ მე და მამუკა ერთად ვიყავით და დღეს უკვე გარდაიცვალა. განადგურებული ვარ, ყველა სიტყვა ზედმეტია..
ეს უნიჭიერესი ადამიანი ძალიან დააკლდება მთელ საქართველოს და მით უმეტეს - მუსიკალურ საზოგადოებას... კაცი, რომელმაც იცოდა ურთიერთობა, მეგობრობა, სიყვარული...
მამუკა სცენაზე ბნელ 1990-იანებში გამოჩნდა და ხალხს მაშინვე თავი შეაყვარა. ძალიან ბევრი ქარცეცხლი გაიარა, მაგრამ საზოგადოებას, მსმენელს მუდამ პოზიტიური ახსოვს... გარკვეული პერიოდი წავიდა სცენიდან, მაგრამ ხელოვნება მისთვის უმთავრესი იყო.
ნებისმიერი ადამიანის გამხიარულება შეეძლო, რაც უნდა ცუდ ხასიათზე ყოფილიყო... სიკეთით სავსე ადამიანი და მართლა ვეღარაფერს ვამბობ, მეც ძალიან ცუდად ვარ...
ნუგზარ კვაშალი:
- მე და მამუკას მამა, ძალიან კარგი ადამიანი - გელა ონაშვილი ვმეგობრობდით და მამუკა ჩემს თვალწინ გაიზარდა... ეს იყო უნიჭიერესი კაცი! დიდი ხომ იყო და დიდი იყო ის ყველანაირად - დიდი სიყვარულით, სიკეთით, იუმორით, მართლაც უნიკალური პიროვნება.
მამუკა ჩემზე 16 წლით პატარა იყო... ჯარიდან რომ ჩამოვიდა, იმდენად გამხდარი და ტანწერწეტა იყო, ყველა მის სიგამხდრეზე წუხდა...
ვერ გამოვყოფ, რა მიმართულებით უფრო ნიჭიერი იყო - როგორც მომღერალი თუ მხატვარი... ბოლოს ხატვა დაიწყო, რადგან წონის მკვეთრი მატება მოძრაობაში ხელს უშლიდა.
საოცარ ნახატებს ქმნიდა, ნახატებშიც მისი უდიდესი სიყვარული იყო ჩაქსოვილი ადამიანების მიმართ... უიშვიათესია, მაგრამ იბადებიან ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი გამოუდით, რასაც კი ხელს ჰკიდებენ. სწორედ ასეთი იყო ჩვენი უსაყვარლესი მამუკა.
განაგრძეთ კითხვა