"განსაკუთრებული რისკის ქვეშ 4 წლამდე ბიჭები არიან" - რატომ ასეირნებენ ბავშვებს საბელზე გამობმულს
"განსაკუთრებული რისკის ქვეშ 4 წლამდე ბიჭები არიან" - რატომ ასეირნებენ ბავშვებს  საბელზე გამობმულს


ჩინეთში მშობლებს ბავშვები სპეციალური საბელით დაჰყავთ და ეს არც თუ ისე იშვიათი შემთხვევაა. მიზეზი კი საგანგაშო სტატისტიკაა, რომლის მიხედვითაც ამ ქვეყანაში ბავშვებს იპარავენ. სახელმწიფო პროგრამა „ერთი ოჯახი - ერთი შვილი“ ჩინურ ოჯახებს აიძულებდა, ქალიშვილებზე უარი ეთქვათ. ტრადიციების მიხედვით, მხოლოდ ვაჟი იყო ოჯახის იმედი და მხარდამჭერი. ამ დამოკიდებულების გამო, ერთი პერიოდი ექიმებს ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს ბავშვის სქესის დასახელებაც კი აეკრძალათ. მაგრამ, სიტუაციას არც ამან უშველა: გოგონებს კლავდნენ ან შავ ბაზარზე ჰყიდდნენ. მეტიც, ბავშვებით ვაჭრობა საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა. მაგალითად, ევროპელი მშობლები ბავშვების შვილად
აყვანისთვის ბავშვთა სახლებს ხუთი ათას
დოლარზე მეტს უხდიდნენ. შავ ბაზარზე კი ფასი ხუთჯერ მეტი იყო. ამ მიზნით, ქუჩაში ბავშვებს იტაცებენ და ჰყიდიან.

ჩინეთში ყოველწლიურად 200 000 ბავშვი იკარგება და მათგან მხოლოდ 1% ბრუნდება სახლში. ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო რადიო ჯერ კიდევ 2013 წელს იტყობინებოდა. ქვეყანა ოფიციალურ სტატისტიკას არ ინახავს - ეს თემა ბოლო დრომდე ტაბუდადებული იყო. ათი წლის წინ, ბავშვს გაუჩინარების პირველ დღეს საერთოდ არავინ ეძებდა და პოლიციაც საქმეს ირიდებდა, გამოძიებას არ იწყებდა და ბავშვს ,,დაკარგულის” სტატუსს არ ანიჭებდა. ახლა ეს მიდგომა შეიცვალა და პოლიცია დაკარგული ბავშვის ძიებას განცხადებიდან პირველივე საათებშივე იწყებს.
ორგანიზაციაში „ძვირფასო, სახლში დაბრუნდი“ დაკარგული ბავშვების მშობლები გაერთიანდნენ და ამ ორგანიზაციის ვებგვერდს ყოველდღიურად 200 ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობს. ბევრი განცხადება შედის, ზოგს ძებნის დიდხნიანი ისტორია აქვს და შვილის პოვნის იმედს მაინც არ კარგავს, ზოგი კი ახლო წარსულში აღმოჩნდა პრობლემის წინაშე. ჩინეთში ბავშვების მოპარვაზე წლების განმავლობაში კანონმდებლობა გამკაცრდა. 2018 წელს კრიმინალური დაჯგუფება ბიჭების გატაცებისა და გაყიდვის ბრალდებით გაასამართლეს და ორი სიკვდილით დასაჯეს, დანარჩენს კი პატიმრობა მიუსაჯეს. ქვეყანამ საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სისტემა შექმნა, რომელიც მშობლებისა და თავშესაფარში მცხოვრები ობოლი ბავშვების დნმ მონაცემთა ბაზას მოიცავს და ამ გზით ცდილობენ, ბავშვები ბიოლოგიურ მშობლებს დაუბრუნონ. რისკის ჯგუფში ძირითადად ოთხ წლამდე ასაკის ბიჭები შედიან.
2016 წელს მშობიარობის მკაცრი შეზღუდვების მოხსნამ და ტოტალურმა ვიდეოთვალთვალმა გატაცებების რაოდენობა შეამცირა. თუმცა, ქალაქებში, სადაც მილიონობით ადამიანია, ბავშვებს მაინც ექმნებათ დაკარგვის საფრთხე. ამიტომაც, მშობლები მათ სპეციალური საბელით ატარებენ.

mshoblebi

2015 წელს მთელი ქვეყანა ერთმა ემოციურმა ვიდეომ შეძრა და კიდევ ერთხელ დაარწმუნა ადამიანები, რა საფრთხეს წარმოადგენს ჩინეთში ბავშვების მოპარვა. ქალს პატარა გოგონაზე საბელი ჰქონდა მობმული და როგორც ძაღლი, ისე მიჰყავდა. ამ საქმით საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ და აღმოჩნდა, რომ ბავშვი ბებიასთან ერთად თამაშობდა. თუმცა, ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გამოდიან მსგავსი ფორმით ბავშვები. ეს ტენდენცია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაშიც გავრცელდა და იმ ადგილებში, სადაც ბევრი ხალხია, მშობლები უსაფრთხოების აღნიშნულ გზას ირჩევენ. პრაქტიკა აჩვენებს, რომ საბელები სულ უფრო პოპულარული ხდება და ბავშვების დაკარგვას ამ ფორმით აზღვევენ.

mshoblebi

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, საქართველოში ბავშვების დაკარგვა, რა თქმა უნდა, ხშირი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტრო წლების მიხედვით დაკარგულთა სტატისტიკას აქვეყნებს და საჯარო ინფორმაციის სახით დებს. თუ 2021 წლის სტატისტიკას გადავხედავთ, ამ წლის განმავლობაში 42 არასრულწლოვანი დაიკარგა, მათგან 35 იპოვეს, 1 ბავშვი გარდაცვლილი ნახეს, 6 კი მოსაძებნი დარჩა. 2020 წელს 24 არასრულწლოვანი დაიკარგა და მათგან 18 იპოვეს, 6 კი მოსაძებნი დარჩა. 

2022 წლის იანვრიდან 2022 წლის 30 ივნისამდე პერიოდში ყველაზე მეტი ბავშვი იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაიკარგა. უფრო ზუსტად კი, 13 ბავშვი გაუჩინარდა, რომელთაგანაც 12 იპოვეს.

სტატისტიკურ მონაცემებს ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:

არასამთავრობო ორგანიზაციის "თანადგომა" ფსიქოლოგი, ტრენერი, პროგრამების მენეჯერი ხათუნა ხაჟომია გვესაუბრება, რა უნდა ასწავლოთ ბავშვს, თუ დაიკარგება:

- პირველ რიგში, პატარაობიდან ისე უნდა აღვზარდოთ, რომ მან აუცილებლად იცოდეს, სახლიდან გასვლის შემთხვევაში, უფროსი, იქნება ეს მშობელი, ბებია-ბაბუა თუ სხვა, აუცილებლად ჩააყენოს საქმის კურსში. ეზოშიც რომ ჩადიოდეს სათამაშოდ, მაღაზიაში თუ იქვე, სახლის მახლობლად, უფროსმა ამის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეს. რაკი ბავშვი დამოუკიდებლად გადაადგილდება, საკვებს თავად იღებს, ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, რომ უკვე გაიზარდა და მეტიც, მოსწონთ, რომ მცირე ასაკში მარტო მიდის სათამაშოდ, მაღაზიაში თუ ასე შემდეგ. თუმცა, ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ.
თუ ბავშვი ოჯახთან ერთადაა წასული და დაიკარგა, იმ ადგილას უნდა გაჩერდეს, სადაც ოჯახის წევრებს ჩამორჩა. მშობლები როცა აღმოაჩენენ, რომ შვილი მათ გვერდით არ არის, სავარაუდოდ, ეცოდინებათ ის მიმართულება, რა მიმართულებითაცაა წასული. თუ ბავშვი ადგილს არ შეიცვლის, ადვილად იპოვიან. ხოლო, თუ სიარულს დაიწყებს, პოვნის პროცესს გაართულებს.
კიდევ ერთი წესი სახელის დაძახებაა. ბავშვი სადაც არ უნდა დაიკარგოს, გარდა იმისა, რომ უნდა ავუხსნათ, დადგეს იმ ადგილას, სადაც აღმოაჩინა, რომ სხვებს ჩამორჩა, ასევე უნდა ვასწავლოთ, რომ უფროსების, იმ ადამიანების სახელები, რომლებთან ერთადაცაა წამოსული, ხმამაღლა დაიძახოს. ესეც კარგი საშუალებაა, რომ უფროსმა იპოვოს. გარდა ამისა, თუ ბავშვი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილშია დაკარგული, აუცილებლად უნდა მოძებნოს პატრული, დაცვის თანამშრომელი, ფორმიანია ადამიანი, რომელიც უფრო სანდოა, ვიდრე უცხო. აუცილებლად უნდა ვასწავლოთ, რომ უცხო ადამიანებთან ურთიერთობისას, ფრთხილად იყოს. დაკარგვის შემთხვევაშიც, უფროსს არსად არ უნდა წაჰყვეს. თუ დახმარება სჭირდება, პატრულის გამოძახება ან კიდევ ნომერი თუ იცის, მშობლებთან დარეკვა სთხოვოს. ეს ის ძირითადი წესებია, რაც ბავშვმა დაკარგვის დროს უნდა იცოდეს. თუმცა, პრევენციისთვის, აუცილებელია, რომ მშობლებმა ყურადღება არ მოადუნონ. რა თქმა უნდა, გასეირნება ძალიან კარგია, მაგრამ ყურადღება ყოველთვის მნიშვნელოვანია.

altბავშვს თუ ეს ეცოდინება, დაიცავთ დაკარგვისგან და ძალადობისგან - სპეციალისტის საჭირო რჩევები



10248
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
მსგავსი სიახლეები