თრომბექტომია - იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი და რთული სამედიცინო შემთხვევის წარმატებული დასასრული
თრომბექტომია - იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი და რთული სამედიცინო შემთხვევის წარმატებული დასასრული

მსოფლიოში ინსულტის შედეგად ყოველწლიურად ხუთ მილიონამდე ადამიანი იღუპება. ეს დაავადება ზრდასრული მოსახლეობის ინვალიდობის ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს. ინსულტი პირველად ჰიპოკრატემ აღწერა და დაახასიათა, როგორც სისხლის სიმცირით გამოწვეული, სხეულის ნაწილების უეცარი დამბლა. მას შემდეგ, ინსულტის მიმართ ინტერესი არ ნელდება, რადგან ის სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზებს შორის მე-3 ადგილზეა.

იშემიური ინსულტის მკურნალობის უახლესი მეთოდია - ენდოვასკულური თრომბექტომია, რომელიც საქართველოში მხოლოდ რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაშია ხელმისაწვდომი. თრომბექტომია თავის ტვინის სისხლძარღვიდან თრომბის ამოღებას გულისხმობს, რაც პაციენტის უნარშეზღუდულობის გარეშე ცხოვრების გაგრძელების ალბათობას 4-ჯერ ზრდის.

მწვავე ინსულტის ეფექტურად
სამართავად აუცილებელია, როგორც სამედიცინო პერსონალის
კვალიფიკაცია, ისე ჰოსპიტლის ტექნიკური აღჭურვილობა. მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც პაციენტი თავსდება, ფუნქციონირებდეს ინსულტის სპეციალიზირებული მიმართულება, დანერგილი იყოს დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, როგორიც არის სისტემური თრომბოლიზისი და ენდოვასკულარული თრომბექტომია.

სწორედ ამ კომპონენტების ერთობლიობამ განაპირობა 67 წლის პაციენტის, გივი ვარდოშვილის წარმატებული მკურნალობა. როგორც მისი შვილი, ალექსი ვარდოშვილი გვიამბობს, პაციენტმა „ნიუ ჰოსპიტალსში“ კარდიოლოგიური ოპერაცია ჩაიტარა, რის შემდეგაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ინსულტის ნიშნები დაუფიქსირდა:

„ქირურგიული ჩარევიდან მესამე დღეს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მორიგე ექიმმა შენიშნა, რომ მამას ხელი წაერთვა და მეტყველების პრობლემა შეექმნა. ნევროლოგმა ხათუნა სიჭინავამ მდგომარეობა შეაფასა და სწრაფი რეაგირება მოახდინა. გადაუღეს თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია და დადასტურდა, რომ საძილე არტერია დათრომბილი ჰქონდა. მყისიერად ჩატარდა თრომბექტომია, მოხდა თრომბის ამოტუმბვა და საძილე არტერიაში სტენტის ჩადგმა. ოპერაციის შემდეგ, მამამ მალევე გაამოძრავა კიდურები და მეტყველებაც ეტაპობრივად აღუდგა. რომ არა კლინიკის პერსონალის ასეთი სწრაფი, მაღალპროფესიონალური რეაგირება და „ნიუ ჰოსპიტალსში“ ინსულტის მართვის გამართული პრაქტიკა, მამას ისტორია შეიძლება ასე არ დასრულებულიყო“.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ თრომბექტომია რამდენიმე მეთოდით ხორციელდება. ნეიროქირურგი ცოტნე ჩხიკვიშვილი, რომელსაც პროფესიული პრაქტიკა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 15-მდე სამედიცინო დაწესებულებაში აქვს გავლილი, განმარტავს, რომ მეთოდის შერჩევა პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად ხდება. სწორედ მან განახორციელა წარმატებით ენდოვასკულარული თრომბექტომია გივი ვარდოშვილთან:

„ზოგადად, ინსულტის მართვაში მთავარია დროული დიაგნოსტირება და შესაბამისი ჩარევა. დაგვიანებული მკურნალობის შედეგად მიღებული ფატალური შედეგი, მსოფლიოში აქტუალური საკითხია. საქართველოში კი განსაკუთრებით მწვავედ დგას, რადგან კლინიკების დიდ ნაწილს შესაბამისი მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა არ აქვთ. სწორედ ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი სიმპტომების დაფიქსირებისთანავე მოხვდეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ინსულტის ცენტრი ფუნქციონირებს. საპასუხისმგებლოა მიმღები ბრიგადის როლიც, რადგან სწორედ მათ უნდა ამოიცნონ ნიშნები და შესაბამის განყოფილებაში გადაამისამართონ. ყოველი წუთი და წამი გადამწყვეტია იმ პაციენტისთვის, რომლის ტვინსაც სისხლი არ მიეწოდება. შესაძლებელია ოპერაციამ წარმატებით ჩაიაროს, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდეს, რადგან გასული იყოს იმაზე მეტი დრო, ვიდრე ტვინს უსისხლოდ ყოფნა შეეძლო,“ - განმარტავს ცოტნე ჩხიკვიშვილი.

უახლესი პროტოკოლებით, ინსულტის სამართავად მაქსიმალური პერიოდი 24 საათია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პაციენტი თავსებადია ამ ვადასთან. დაყოვნების პერიოდი სხვადასხვა კრიტერიუმზეა დამოკიდებული, მათ შორის კი უმთავრესია ის, თუ დამხმარე სისხლძარღვები რამდენად კარგად აკომპენსირებენ თავის ტვინში სისხლის მიწოდებას მაშინ, როცა მთავარი არტერია დაბლოკილია.
ცოტნე ჩხიკვიშვილის თქმით, სამი ძირითადი სიმპტომია, რომელთა აღმოჩენისთანავე პაციენტი ინსულტის ცენტრში უნდა მოთავსდეს, ესენია:
  • სისუსტე კიდურებში (მოძრაობის დაქვეითება სხეულის ცალ მხარეს)
  • ასიმეტრიული სახე (ცალ მხარეს ჩამოშვებული სახე)
  • მეტყველების დარღვევა (გაურკვეველი საუბარი)

ექიმის თქმით, „ნიუ ჰოსპიტალსში“ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინსულტის
ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც თავის ტვინის ყველა სისხლძარღვოვანი დაზიანების მართვა,
ერთ სივრცეში ხორციელდება, როგორც გეგმიურ ისე გადაუდებელ შემთხვევებში.

R

504
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
მსგავსი სიახლეები