ბერა ივანიშვილი მშობლებსა და და-ძმებზე
გასულ კვირას ბერა ივანიშვილმა კინო ''რუსთაველში'' ფანებსა და ჟურნალისტებს ახალი კლიპი წარმოგვიდგინა. ბერასთან შეხვედრას მის შემოქმედებაზე შეყვარებული უამრავი გოგონა ელოდა. პრეზენტაციის ბოლოს გათამაშება გაიმართა და ზოგიერთმა მათგანმა ''აიპოდები'' მიიღო საჩუქრად, ზოგიც მხოლოდ დისკით და ბერასთან ფოტოს გადაღებით იყო ძალიან ბედნიერი. ჟურნალისტებს კი რეპერმა რამდენიმე წუთი დაგვითმო.
- როგორია შენი ამერიკული და თბილისური ცხოვრება?
- ყველაზე კარგად თავს საქართველოში ვგრძნობ, ერთი სული მაქვს ხოლმე, თბილისში როდის ჩამოვალ. ჩემი მომავლისთვის და კარიერისთვის ამერიკაში საუკეთესო გარემო მაქვს.
- საქართველოში დარჩენას რამდენ ხანს გეგმავ?
- სამწუხაროდ, თბილისში ძალიან ცოტა ხნით ვარ. დაახლოებით ერთ კვირაში უკან უნდა დავბრუნდე. ახალ ალბომზე ვმუშაობ და მთლიანად მასზე ვარ გადართული.
- ვინ არის შენი სიმღერის შემფასებელი და ვის ასმენინებ ხოლმე?
- ჩემს სიმღერებს პირველად ყოველთვის დედას ვასმენინებ. ჩემი ოჯახის წევრების აზრი ჩემს სიმღერებზე ძალიან მნიშვნელოვანია. მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ შემოქმედება იყო თავისუფლების სიმბოლო. ცხოვრებაში ვიქნებოდი თავისუფალი და ბედნიერი, თუ გამოვიდოდი შემოქმედი და აქედან გამომდინარე, ისინი ყოველთვის მხარს მიჭერდნენ.
- ოჯახი როდის გაკრიტიკებს?
- ამას კონკრეტულად ვერ ვიტყვი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მშობლებს ჩემი წარმატება ჩემზე მეტად გაუხარდებათ და ჩემზე მეტად ეწყინებათ, თუ რაიმე არ გამომივა.
- შენს და-ძმას საზოგადოება ნაკლებად იცნობს. გვიამბე, როგორები არიან ისინი.
- ჩემი უფროსი ძმა საფრანგეთში სწავლობს. ის ჩემი პირველი მეგობარია. რთულია, რომ ერთმანეთს დიდი მანძილი გვაშორებს. ყველაზე იშვიათად მე და ჩემი უფროსი ძმა ვხედავთ ერთმანეთს, მე ამერიკაში ვარ ხოლმე, ის - საფრანგეთშია. საქართველოში როცა ვართ, ერთად ხშირად არც ვიკვეთებით. ჩემს უმცროს დას რაც შეეხება, საზოგადოებამ არ იცის, რომ კარგად მღერის და ჩემთვის ყველაზე საყვარელი მომღერალი ჩემი პატარა დაა.
- ხომ არ იგეგმება, რომ ფართო მაყურებელმა ისიც იხილოს?
- აუცილებლად იხილავს.
- შენთან დუეტის სახით?
- ესეც შესაძლებელია.
- პატარა ძმაზე რას იტყვი?
- ჩემი პატარა, თეთრი დათვია (იცინის).
- ახალ წელს საქართველოში შეხვდი?
- ტრადიცია გვაქვს, სადაც უნდა ვიყოთ მე და ჩემი და-ძმა, ყოველთვის ოჯახში ვიკრიბებით ახალ წელს.
- მეკვლე ვინ გყავთ?
- წინასწარ არ ვგეგმავთ, წელს მე ვიყავი ოჯახის მეკვლე.
- თოვლის ბაბუს ფუნქციას ვინ ითავსებს?
- მე ვითავსებდი. ჩემი პატარა ძმის თოვლის ბაბუა ვიყავი. რამდენიმე წლის წინ პატარა იყო და ვერ მცნობდა, ახლა ხვდება, რომ მე ვარ და უკვე პროფესიონალი გვჭირდება.
- შენ გჯეროდა თოვლის ბაბუის?
- მჯეროდა, დედა ზრუნავდა იმაზე, რომ ჩემთვის ყველაზე ლამაზი და ფერადი ბავშვობა ეჩუქებინა.
- რაზე ოცნებობ?
- ძალიან ბევრი რამ მაქვს ჩემს პროფესიაში გასაკეთებელი, არ მიმაჩნია, რომ რეალიზებული ვარ. ჩემი ოცნებაა, მშობლები ჩემით ამაყობდნენ და ოჯახი არ შევარცხვინო.