12 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი ბებიის დღის ოფიციალურად დაწესებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებას განიხილავდა. მოქალაქე მიხეილ სახვაძე საკანონმდებლო წინადადებით 17 სექტემბერს ბებიის დღის დაწესებას ითხოვდა და თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ასე
განმარტავდა:
- 1906 წლის 17 სექტმბერს არის დაბადებული გენიალური ქართველი მსახიობი სესილია თაყაიშვილი;
- მოქალაქის თქმით, სწორედ სესილია თაყაიშვილმა შექმნა დაუვიწყარი სახეები "მე, ბებია, ილიკო და ილარიონში" ოლღა ბებიას სახით და "ნატვრის ხეში" მარადიას სახით.
- ბებია და ბარაქიანი შემოდგომა, რთველი, ჩურჩხელა, თათარა, ფელამუში – ეს ყველაფერი ქვეყანაში ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
როგორც საქართველოს პარლამენტში განგვიცხადეს, მოქალაქის აღნიშნული ინიციატივა არ იქნა მხარდაჭერილი"
"საკანონმდებლო წინადადება არ იქნა მხარდაჭერილი. ავტორი უქმე დღედ გამოცხადებას არ ითხოვდა, საკანონმდებლო წინადადება კი მიმართვა უნდა იყოს კანონში ცვლილების შეტანაზე. ავტორს ოფიციალურ დღედ გამოცხადება სურდა. ეს კანონში ცვლილებას არ მოითხოვს და საკანანმდებლო წინადადების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. კომიტეტზე სხვა დროსაც გვქონდა მსგავსი წინადადებები, უბრალოდ ძალიან ბევრი უქმე დღე გვაქვს და დამატებითი უქმე დღის დაწესება მიზანშეწონილი არ არის." - განაცხადეს ჯანდაცვის კომიტეტში.
თამარ იაკობაშვილი