თუ თქვენი შვილი არ სადილობს სკოლის ბუფეტში, მაშინ თქვენთვის ნაცნობია სასკოლო ლანჩთან დაკავშირებული საზრუნავი. თანაც პანდემიის გამო სკოლებში ბუფეტები შეიძლება არც წელს გაიხსნას, ამიტომ, რჩევები ბავშვისთვის ლანჩ ბოქსის შედგენაზე, ბევრ მშობელს გამოადგება.
ცუდი არ იქნება, თუ სკოლის მენიუს ბავშვთან ერთად განიხილავთ და წინასწარ გადაწყვეტთ, რა გაატანოთ. ასე თქვენ დარწმუნებული იქნებით, რომ ბავშვი ყველაფერს შეჭამს, უკან არ მოიტანს ან ფულს ჩიფსებზე არ დახარჯავს.
მოზარდის ორგანიზმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი და დაბალანსებული საკვები დღის პირველ ნახევარში. სკოლაში, ბავშვები ბევრ ენერგიას ხარჯავენ, ამიტომ ლანჩი, რომელსაც მას გაატანთ, უნდა იყოს სასარგებლო და დაბალანსებული.
გთავაზობთ სასკოლო ლანჩის 3 ყველაზე ჯანსაღ და სასარგებლო მენიუს:
1. ვრაპი ინდაურის ხორცით
ვრაპები ძალიან მოსახერხებელია საჭმელადაც და ტრანსპორტირებასაც კარგად უძლებს. ბავშვი არ დაისვრის ხელებს, ლავაში არ დაიფხვნება. ინდაური ხორცის სხვა სახეობებს შორის ყველაზე სასარგებლოა, განსაკუთრებით - ბავშვებისთვის. ის ძალიან მარტივი მოსანელებელია და შეიცავს სასარგებლო ვიტამინებსა და მინერალებს. კარგი ამბავი ის არის, რომ საქართველოს ბაზარზე უკვე შემოვიდა
Henry’s kitchen-ის ინდაური ქილაში, რომელშიც ყველა სასარგებლო თვისება შენარჩუნებულია. ქილაში 100% ინდაურის ხორცი ოთხი სახეობითაა წარმოდგენილი და შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი:
- მოთუშული ინდაურის ხორცი;
- ინდაურის მკერდი ზეითუნის ზეთში;
- ინდაურის პაშტეტი;
- შემწვარი ინდაურის ხორცი.
ინგრედიენტები ვრაპისთვის:
- ლავაში 1 ფურცელი
- აისბერგის სალათა 2 ფოთოლი
- შემწვარი (ან მოთუშული) ინდაურის ხორცი 1 ქილა
- 1 ცალი კიტრი
- 1 ცალი პომიდორი
მომზადების წესი:
სალათის ფოთოლი გარეცხეთ და გააშრეთ. დახიეთ ხელით და გადაანაწილეთ ლავაშზე. დაადეთ თხელ სლაისებად დაჭრილი კიტრი და პომიდორი. Henry’s kitchen-ის შემწვარი ინდაურის ხორცი გადაიტანეთ საწურზე, რომ წვენისგან დაიცალოს. შემდეგ, გადაანაწილეთ თანაბრად ლავაშზე და შეახვიეთ. ბოლოების შეკეცვა არ დაგავიწყდეთ!
2. სენდვიჩი ავოკადოთი, ინდაურის პაშტეტითა და ბოსტნეულით
ბუტერბროდი შეიძლება იყოს ჯანსაღიც! მაგალითად, სენდვიჩი ავოკადოთი, ინდაურის პაშტეტით, კიტრით და პომიდვრით. ავოკადო და ინდაურის ხორცი ძალიან სასარგებლო პროდუქტებია ორგანიზმისთვის. კიტრი ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას, პომიდორი კი ნერვული სისტემის მუშაობას არეგულირებს. მთავარია, ბოსტნეული ახალი, სეზონური და ჯანსაღი იყოს.
ინგრედიენტები:
- მთლიანი მარცვლეულის პური 2 ნაჭერი = 50 გრ
- ინდაურის პაშტეტი გემოვნებით
- ავოკადო 100 გ
- პომიდორი 50 გ
- წითელი ხახვი 30 გ
- კიტრი 25 გ
- ისპანახი 10 გ
მომზადების წესი:
- ბოსტნეული გარეცხეთ და გაამშრალეთ. პურის ნაჭრები გახუხეთ მშრალ ტაფაზე (თუ ტოსტერი არ გაქვთ) ორივე მხრიდან 1-2 წთ-ით;
- კიტრი და პომიდორი დაჭერით თხელ სლაისებად, ისპანახის ფოთლები დააცალკევეთ;
- პურის ერთ ნაჭერს, ერთი მხრიდან წაუსვით დაჭყლეტილი ავოკადოს რბილობი, მეორეს - ინდაურის პაშტეტი. ბოსტნეული და ისპანახის ფოთლები გადაანაწილეთ პურის ნაჭერზე;
- დააფარეთ პურის მეორე ნაჭერი, გაჭერით სენდვიჩი შუაზე და ჩადეთ ლანჩბოქსში.
- არ დაგავიწყდეთ ხილი. ვაშლი გარეცხეთ წინასწარ, გაამშრალეთ და ისე ჩადეთ ლანჩ ბოქსში. შეგიძლიათ დამატებით ჩადოთ რაიმე ტკბილიც, მაგალითად ორცხობილა.
3. ხაჭოს ბლინები
ასეთი გემრიელი ბლინები ყველა ბავშვს მოეწონება. ბლინების ცომი და გული მოამზადეთ წინა საღამოს. ბლინებთან ერთად ჩადეთ ხილი. დაჭრილი ვაშლი, მსხალი, ატამი, ყურძენი, მანდარინის ლებნები - აარჩიეთ ის, რაც თქვენს შვილს უყვარს.
ინგრედიენტები:
- ხაჭო 9% ცხიმიანობის 210 გ
- ქიშმიში 2 სკ
- ვანილის შაქარი 15 გ
- არაჟანი 2 სკ
- ხორბლის ფქვილი 230 გ
- სოდა 0,5 ჩკ
- შაქარი 1 სკ (25 გ)
- წყალი 320 მლ
- რძე 3,2%-იანი 185 მლ
- ქათმის კვერცხი 1 ცალი
- მზესუმზირას ზეთი 1 სკ
მომზადების წესი:
- ქიშმიშს დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ წყალი. ფქვილი გაცერით წვრილ საცერში.
- გააკეთეთ შიგთავსი. თასში აურიეთ ხაჭო, არაჟანი და ვანილის შაქარი, ათქვიფეთ მიქსერით ან ბლენდერით. დაუმატეთ ქიშმიში და კოვზით მოურიეთ. შიგთავსს დააფარეთ თავსახური და დატოვეთ მაცივარში.
- მოზილეთ ცომი ბლინებისთვის. ფართო ჭურჭელში ჩაასხით ფქვილი, დაუმატეთ სოდა, მარილი და შაქარი. აურიეთ ყველაფერი. წყალი შეურიეთ რძეს, გაათბეთ 38-40 გრადუსამდე და თანდათან ჩაასხით მშრალ ინგრედიენტებში, მუდმივად ურიეთ. კვერცხს დაუმატეთ მზესუმზირას ზეთი და ცომი. ათქვიფეთ მიქსერით ერთგვაროვან მასამდე.
- შეწვით ბლინები გახურებულ ტაფაზე, როდესაც გაგრილდება, ჩადეთ შიგთავსი და გადაახვიეთ.
ზოგადი რჩევები ლანჩ ბოქსის აწყობისთვის:
- არ გამოიყენოთ მალფუჭებადი პროდუქტები;
- ბრინჯზე, წიწიბურაზე, სალათის ფოთოლზე ან ბრტყელ პურზე დადეთ ხორცი ისე, რომ ლანჩის ყუთში ზედმეტი სითხე არ წარმოიქმნას;
- ყველა ბოსტნეული კარგად გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცით;
- არ გამოიყენოთ ხილი, რომელიც ბევრ წვენს გამოყოფს;
- გამოიყენეთ ლანჩ ბოქსები გამყოფებით, რათა გემოები არ აირიოს.
იმედია, რეცეპტები მოგეწონათ. გემრიელ დღეს გისურვებთ თქვენ და თქვენს პატარას!