მოგეხსენებათ, თამუნა მუსერიძემ გამზრდელი დედის გარდაცვალების შემდეგ, ზრდასრულ ასაკში გაიგო, რომ ბიოლოგიურად სხვა ადამიანების შვილი იყო. დაიწყო მათი ძებნა ყველა შესაძლოს გზით, მაგრამ დღემდე დედ- მამის კვალს ვერ მიაკვლია.
მიუხედავად ამისა, გამოიკვლია ვინ არიან მისი ბებია - ბაბუა, ნათესავები და მათთან აქტიური კონტაქტი დაამყარა და სოციალურ ქსელში ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოქვეყნა. ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა, მაშინ, როცა თამუნამ თქვა, რომ იცის ვინაა ბაბუა, მაგრამ ვერ პოულობს მშობლებს. ამ თემაზე განმარტებას თამუნას სტატუსში წაკითხვათ:
„მოკლედ შევაწუხე მთელი სანათესაო ამ ფოტოების ფრიალით, მაგრამ ყოველ დადებულ პოსტს და ყოველ დაკოპირებულ კომენტარს აუცილებლად მოსდევს ახალი შეკითხვა, "ნათესავები თუ იპოვე, რატომ ვერ პოულობ მშობლებს?" სამწუხაროს ხალხს კომენტარების კითხვა არ უყვარს, ამიტომ კიდევ ერთხელ და იმედია ბოლოჯერ, ნათესავებთან ბოდიშის მოხდით ვწერ გარკვევით და გასაგებად.
ფოტოებში წარმოდგენილი უსიმპატიურესი მამაკაცი არის ჩემი ბიოლოგიური ბაბუა-გენადი ნანავა.
როგორ ვიპოვე?
არსებობს გენეტიკური ტესტი, ancestrydna რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებში იკეთებენ და რომელიც ადგენს წარმომავლობას, შენ მონაცემებს მსოფლიო ბაზაში ინახავს 500 წლის განმავლობაში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გიჩვენებს იმ ნათესავებს, ვისაც გაკეთებული აქვს. მაგალითად: გაიკეთა ბაბუაჩემის ბაბუის დის შვილთაშვილმა. პირდაპირ გიწერს რა სახის ნათესავია. ეს ტესტი მე შარშან გავიკეთე, მაგრამ ახლო ნათესავს არავის ჰქონია გაკეთებული. საბედრიეროდ, რამდენიმე თვის წინ, სრულიად შემთხვევით ამერიკაში გაიკეთა ჩემმა ბიძაშვილმა და ავტომატურად დაგვაკავშირა ერთმანეთს. თუმცა ისტორია აქ არ მთავრდება. გავუკეთეთ ყველა ბიძას, მამიდას, დეიდას. ნათესაური კავშირი ყველასთან დადასტურდა. მაგრამ მამა-შვილური, ან დედა-შვილური არა. აქედან გამომდინარე მივედით იმ დასკვნამდე, ჩემი ბიოლოგიური მამა, ან დედა, სადღაც, ვიღაც ქალისგან არის გაჩენილი. ბიძებს, ბიძაშვილებს, მამიდებს (ან დეიდებს) ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ბაბუა სამწუხაროდ 1951 წელს 33 წლის ტრაგიკულად გარდაიცვალა. ამიტომ არ გვაქვს მშობლებზე ინფორმაცია და სავარაუდოდ, არც მან იცის საკუთარი გვარი.
იმედია, ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა და ყველა დროებით მაინც დავისვენებთ.
აქვე ჩავამატებ. მეორე მსოფლიო ომის მერე, ბაბუა იყო გაგრის სანატორიუმის დირექტორი. დაახლოებით 1949-50 წლებში მუშაობდა რუსთავში," - წერს თამუნა მუსერიძე.
თეკლა ჟვანია
"კახეთში ოჯახს ქალი ჯაჭვით ჰყავდა დაბმული, სხვადასხვა კაცი აუპატიურებდა და გაჩენილ ბავშვებს ყიდდნენ..." - გაშვილების ყველაზე მძიმე შემთხვევები, რომლებზეც თამუნა მუსერიძე საუბრობს და ასი ათასობით დაკარგული ოჯახის წევრი საქართველოში