ბოლო დროს თბილისის მეტროში ხალხის იმხელა ნაკადია, რომ ჭყლეტა და საცობები წარმოიქმნება. როცა ხალხის მასაც დიდია და სიმჭიდროვეც, ამ დროს შეიძლება ჟანგბადის ნაკლებობა იგრძნოთ და შეუძლოდ გახდეთ ან მიწოლის გამო ლიანდაგებში ჩავარდეს. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტროში ვინმე ცუდად გახდა ან ლიანდაგებში ჩავარდა?
არსებობს თუ არა მეტროში სამედიცინო დახმარების კაბინეტი? თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ვიკითხეთ, არის თუ არა მეტროსადგურებზე სამედიცინო პუნქტი და რა უნდა გააკეთოს მგზავრმა, თუ ცუდად გახდება:
"სამედიცინო პუნქტები მეტროსადგურებში არ გვაქვს. თუ მგზავრი ცუდად გახდება მეტროს თანამშრომელი, საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი სასწრაფო სამედიცინო დახმარებას იძახებს და ისინი შესაბამის დახმარებას გაუწევენ." - გვითხრეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში. შესაბამისად, შეუძლოდ გახდომის შემთხვევაში აუცილებლად მეტროს წარმომადგენელს უნდა მიმართოთ, რადგან მიწისქვეშ მყოფი მგზავრები სასწრაფო დახმარებას ვერ გამოიძახებენ.
რა უნდა გააკეთოთ მაშინ, თუ ლიანდაგებში ჩავარდით?
1. გაიქეცით მატარებლის მიმართულებით
თუ ლიანდაგზე ხართ და მატარებელი ჯერ არ ჩანს, მაშინ სასწრაფოდ მოშორდით პლატფორმას და მატარებლის მოძრაობის მიმართულებით გაიქეცით, ანუ იმ მხარეს, სადაც ციფრებიანი ტაბლოა განთავსებული. ასეთ დროს ძალიან დიდი შანსია, რომ მემანქანემ დაგინახოთ და მატარებლის გაჩერება მოასწროს ან კიდევ მეტროპოლიტენის თანამშრომლები დაგეხმარებიან. ასევე, ციფრულ ტაბლოსთან არის რკინის კიბე, რომლითაც ბაქანზე ამოსვლას მარტივად შეძლებთ.
2. არ მიუახლოვდეთ საკონტაქტო ლიანდაგს
როგორც ცნობილია, მატარებელი ორ ჩვეულებრივ სარკინიგზო რელსზე გადაადგილდება, მესამე, საკონტაქტო რელსით კი ენერგიით იკვებება. დაიმახსოვრეთ, საკონტაქტო რელსი ბაქნის კედელზე, მარცხენა მხარესაა განთავსებული და მასთან მიახლოება კატეგორიულად არ შეიძლება. იქ ძაბვა 825 ვოლტია და მიახლოება სიკვდილის ტოლფასია.
3. ნუ გამოიყენებთ სხვა მგზავრების დახმარებას
ნუ ეცდებით პლატფორმაზე დამოუკიდებლად ასვლას. თუ ვინმე ზემოდან გამოგიწვდით ხელს, უარი თქვით დახმარებაზე: საკონტაქტო ლიანდაგიდან დენი ორივეზე გადმოვა. ასევე, უარი თქვით, თუ ვინმე ქურთუკს, საწვიმარს გამოგიწვდით და ასე ეცდება თქვენს ამოყვანას. ყველაზე სწორი იქნება, თუ მომხდარის შესახებ ბაგანზე მდგომი მგზავრები სადგურის თანამშრომელს, პოლიციელს დაუყონებლივ აცნობებენ და ისინი შესაბამის ზომებს მიიღებენ.
4. დაწექით რელსებს შორის
თუ ლიანდაგზე აღმოჩნდით და ხედავთ, რომ მატარებელი უკვე გიახლოვდებათ, მაშინ პირქვე დაუყონებლივ დაწექით რელსებს შორის. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ორ რელს შორის ჩაღრმავებული ადგილია და იქ მატარებლის მიმართულებით დაწექით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ჰაერის ძლიერმა ნაკადმა წინ გადაგაგდოთ. ასევე, თუ ზურგჩანთა გაქვთ, სასწრაფოდ მოიხსენით, რომ მატარებელს არ გამოედოს.
5. დაელოდეთ დახმარებას
დაელოდეთ მეტროს თანამშრომლების დახმარებას და მიჰყევით მათ ინსტრუქციებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონაცემებით, 26 სექტემბრის მდგომარეობით, მეტრო 409 579 ადამიანს ემსახურება. ბოლო დროს დედაქალაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ქუჩები გადაკეტილია და ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალების მარშრუტებიც შეცვლილია. გარდა ამისა, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა დასწრებულ ფორმატში განახლდა და დღის განმავლობაში მეტროში უამრავი ადამიანი იყრის თავს, პიკის საათებში კი გადაადგილება განსაკუთრებით გაძნელებულია.
თამარ იაკობაშვილი