როგორც ცნობილია, რუსული ესტრადის პრიმადონამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან გამოთქვა პროტესტი ამ ფაქტთან დაკავშირებით და ძალიან მალე ოჯახით ისრაელში გაემგზავრა. მოგვიანებით რუსეთში დაბრუნდა და ბევრს ეგონა, საბოლოოდ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მხოლოდ აუცილებელი საქმეების მოგვარება იყო მიზეზი. ალამ გასაყიდად გაიტანა თავისი სასახლე, სადაც ქმარ-შვილთან ერთად ცხოვრობდა და კვლავ ისრაელში გადაბარგდა.
ამ ფაქტს რუსეთში დიდი კრიტიკა მოჰყვა. თანამემამულეების ნაწილმა გაკიცხა პუგაჩოვა. პრიმადონა არ გაჩუმებულა და მათ საჯაროდ, სოციალურ ქსელში გასცა პასუხი:
"ღმერთო ჩემო! რა ბედნიერება, რომ იმ ადამიანებს ვძულვარ, რომელთაც ვერასდროს ვიტანდი. მე რომ მათ მოვწონებოდი, ეს იქნებოდა იმის მანიშნებელი, რომ ტყუილად მიცხოვრია და მიმღერია. მიზეზი ნათელია. დაე აკრაჭუნონ კბილები. ყმები იყვნენ და მონებად იქცნენ".