როგორი იქნება ნოემბრის ამინდები და როდის ელოდებიან ყინვების დაწყებას - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი - მშობლები

როგორი იქნება ნოემბრის ამინდები და როდის ელოდებიან ყინვების დაწყებას - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

2022-11-01 09:17:15+04:00


საქართველოში მიმდინარე დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განგვიცხადა:

"დასავლეთ საქართველოში ხვალ დილამდე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. შემდეგ კი გამოიდარებს. აღმოსავლეთ საქართველოშიც ხვალ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა კი, დაახლოებით ერთნაირია და დღის საათებში 11-16 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი. თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი +15 გრადუსამდე იქნება. 3 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა დაფიქსირდეს. ტემპერატურა მოიმატებს და როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში14-19 გრადუსის ფარგლებში იქნება. თბილისში კი 3 ნოემბერს +17 გრადუსია ნავარაუდევი. 4 ნოემბერს ამინდი კვლავ უარესდება, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი, ტემპერატურა კი 12-17 გრადუსის ფარგლებში იქნება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 5 ნოემბერს კვლავ გამოიდარებს. ძირითადად, არასტაბილური ამინდია, მაგრამ ჯერჯერობით ტემპერატურს მკვეთრი ვარდნა არ ფიქსირდება. ღამის საათებში საქართველოს მაღალმთიან რაიონებში -5 - 0 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი." - გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.

მისივე თქმით, ნოემბერში საშუალო ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით ერთი გრადუსით მაღალი იქნება:

"ნოემბერში თვის საშუალო ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით ერთი გრადუსით მაღალი და ნორმასთან ახლოს იქნება. ნალექები კი ძირითადად ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში თვის საშუალო ტემპერატურა 11-13 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი 6-8 გრადუსის ფარგლებში." - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

თამარ იაკობაშვილი