ამინდის გაუარესებისა და ტემპერატურის კლების პარალელურად, ზოგიერთმა მშობელმა აღნიშნა, რომ სკოლებში გათბობა არ ჩართულა, ან ჩართულია, მაგრამ არა საკმარის სიმძლავრეზე და ოთახები არ თბება. "დილას რომ ჩართავენ, შუა დღისას ისევ თიშავენ და ოთახები მაინც გაყინულია" "ჩართულია, მაგრამ იყინებიან ბავშვები. კარს უზარმაზარი ღიობი აქვს ღიად დატოვებული, ფანჯარაც ჩამტვრეული იყო და ორპირში ისხდნენ ბავშვები, სანამ ყველა ავად არ გახდა" "შაბათ-კვირას თიშავენ და ორშაბათს გაყინულ სკოლაში მიდიან ბავშვები" - წერენ მშობლები სოციალურ ქსელებში. თუმცა მშობელთა ნაწილი აღნიშნავს, რომ სკოლაში გათბობასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნიათ.
რეალურად, როდიდან ირთვება საჯარო სკოლებში გათბობა და ვის უნდა მოსთხოვონ ამ პრობლემის მოგვარება მშობლებმა - შეკითხვით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ:
"კონკრეტული თარიღი განსაზღვრული არ არის. სკოლები თავად წყვეტენ და საჭიროებისამებრ, შეუძლიათ ნებისმიერ დროს, როდესაც აცივდება, ჩართონ გათბობა." - გვითხრეს სამინისტროში. თამარ იაკობაშვილი