დედამიწის მოსახლეობამ 8 მილიარდს მიაღწია - ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აზიასა და აფრიკაშია - მშობლები

დედამიწის მოსახლეობამ 8 მილიარდს მიაღწია - ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აზიასა და აფრიკაშია

2022-11-15 07:37:48+04:00
გაეროს ცნობით, მსოფლიოს მოსახლეობამ 8 მილიარდს მიაღწია. გაეროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2030 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 8.5 მილიარდი იქნება, 2050 წელს პლანეტაზე 9.7 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს, ხოლო 2010 წელს - 10.4 მილიარდი. 2050 წლისთვის პროგნოზირებული ზრდის ნახევარზე მეტი კონცენტრირებული იქნება რვა ქვეყანაში: კონგოში, ეგვიპტეში, ეთიოპიაში, ინდოეთში, ნიგერიაში, პაკისტანში, ფილიპინებსა და ტანზანიაში. გაეროსავე ცნობით, დედამიწის მოსახლეობის 7-დან 8 მილიარდამდე ზრდას 12 წელი დასჭირდა, 9 მილიარდამდე ზრდას კი სავარაუდოდ 15 წელი დასჭირდება.

ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აზიასა და აფრიკაშია, ევროპის "წვლილი" კი არადამაკმაყოფილებელია. როგორც წესი, ქვეყნები შობადობის ყველაზე მაღალი დონით, არიან ყველაზე ღარიბი ქვეყნები ამავდროულად, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დაბალია შემოსავალი. ამიტომაც, დროთა განმავლობაში მოსახლეობის გლობალური ზრდა სულ უფრო კონცენტრირდება მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებში, რომელთა უმრავლესობა მდებარეობს აფრიკაში, საჰარის სამხრეთით.

მსოფლიო მოსახლეობის ზრის გლობალური ტენდენცია ნიღბავს დემოგრაფიული მოვლენების მნიშვნელოვან მრავალფეროვნებას, რომელიც არსებობს რეგიონებსა თუ ქვეყნებს შორის. ამის შესახებ ვრცლად ისაუბრა ფლორენს ბაუერმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორმა.

გლობალური მასშტაბით, მოსახლეობის ზრდა საგრძნობლად შენელდა და უკუსვლა იწყო ქვეყნების მზარდ რაოდენობაში, უმეტესწილად ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობის კლება მიგრაციასა და დაბალ შობადობას უკავშირდება. ამ პრობლემის მოუგვარებლად დატოვება საფრთხეს უქმნის ეკონომიკის, სოციალური სისტემებისა და ინფრასტრუქტურის მომავალს.
„მოსახლეობის კლებაზე რეაგირებისას, მთავრობები უმთავრესად აქცენტს შობადობის ზრდის ხელშეწყობისა და მეტი შვილის გაჩენის წახალისების მიზნით ფინანსური დახმარებების გაცემაზე აკეთებენ. მაგრამ ჩვენ დავრწმუნდით, რომ ეს მიდგომა არ მუშაობს. საჭიროა რიგი ღონისძიებების გატარება, რომლებიც ადამიანებს საშუალებას მისცემს, ერთი მხრივ, თავიანთი მომავლის საკუთარ ქვეყანაში შენებაზე იზრუნონ, იმის ნაცვლად, რომ სხვა ქვეყნებში ეძიონ შესაძლებლობები, და, მეორე მხრივ, იყოლიონ იმდენი შვილი, რამდენის სურვილიც აქვთ”, - განაცხადა ფლორენს ბაუერმა

აღნიშნული საჭიროებს იმ გზების გადახედვას, რა გზებითაც ქვეყნები დემოგრაფიულ ცვლილებებთან გამკლავებას ცდილობენ. ფლორენს ბაუერმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რიცხვებსა და აღქმულ საფრთხეებზე გადაჭარბებულ კონცენტრირებას სჯობს ყურადღება დემოგრაფიულ ცვლილებაზე გადავიტანოთ, და აღვიქვათ იგი, როგორც უფრო ძლიერი და ინკლუზიური საზოგადოებების შენების შესაძლებლობა.

შობადობის მაღალი დონე, რაც განაპირობებს გლობალური მოსახლეობის ზრდას, სულ უფრო და უფრო მცირე რაოდენობით ქვეყნებში ფიქსირდება; ფაქტობრივად, მსოფლიო მოსახლეობის უკვე 60 პროცენტი ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც შობადობის კოეფიციენტი ჩანაცვლების დონეზეა შენარჩუნებული ან ამ დონეს ჩამოუვარდება (საშუალოდ 2.1 ბავშვი ერთ ქალზე). მზარდი რაოდენობის ქვეყნებში მოსახლეობის ზრდა შეჩერდა, ან მოსახლეობის კლების ტენდენციაში გადაიზარდა.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მოსახლეობის რაოდენობა მცირდება - შობადობის დაბალი და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლებისა (განსაკუთრებით მამაკაცებს შორის) და ემიგრაციის მაღალი დონის (ძირითადად რეპროდუქციული ასაკის ახალგაზრდებს შორის) ერთობლივი ზემოქმედების შედეგად. სწორედ აღნიშნული ფაქტორების ერთობლიობამ განაპირობა რეგიონში უნიკალური დემოგრაფიული გარემოს შექმნა, რაც ერთი მხრივ შიშისა და შფოთვის საბაბს წარმოადგენს, ხოლო მეორე მხრივ, და სულ უფრო მეტად, დემოგრაფიული ცვლილების გამომწვევი პირველწყაროების დაძლევისა და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობების სასიკეთოდ გამოყენების მიზნით, შემოქმედებითი გადაწყვეტილებების მოძიების სტიმულად გვევლინება.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ქვეყნებს სთავაზობს მხარდაჭერას, დემოგრაფიული ცვლილების შედეგების დასაძლევად, დემოგრაფიული მდგრადობის უზრუნველყოფის რეგიონული პროგრამის მეშვეობით. გარდა ამისა, 2021 წლის დეკემბერში, სოფიაში გამართულ მინისტრთა კონფერენციაზე გადაწყდა დემოგრაფიული მდგრადობისადმი მიძღვნილი ათწლეულის გამოცხადება, რაც იმ ღონისძიებების გატარებას ემსახურება, რომლებიც ქვეყნებს ცვალებად დემოგრაფიულ გარემოში წინსვლისა და წარმატების საშუალებას მისცემს.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), „დემოგრაფიული მდგრადობის პროგრამის“ მეშვეობით, მხარს უჭერს მთავრობებს, შეიმუშავონ ყოვლისმომცველი პოლიტიკა დემოგრაფიულ ცვლილებასთან გასამკლავებლად, რომელიც დაფუძნებული იქნება მტკიცებულებებსა და ადამიანის უფლებებზე. დემოგრაფიული მდგრადობის ათწლეულს საფუძველი ჩაეყარა სოფიაში, 2021 წლის 1-2 დეკემბერს გამართულ მინისტრთა კონფერენციაზე, სახელწოდებით „ევროპის დემოგრაფიული მომავლის შენება”, და მის მიზანს წარმოადგენს ღონისძიებების შემუშავება და გატარება, რომლებიც ქვეყნებს სწრაფი დემოგრაფიული ცვლილებების ფონზე განვითარების საშუალებას მისცემს.