ნელი ძალიან კარგი ადამიანია. ულამაზესი გოგოა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი ყოფილი ცოლია ''ორი ვარსკვლავის'' პირველ გადაცემას ყველამ ინტერესით ადევნა თვალი. პირველი სეზონისგან განსხვავებით, პროექტის მონაწილეებს ჯერჯერობით მაყურებლის კრიტიკა არ დაუმსახურებიათ. ბევრი მონაწილე კარგად მღერის. ჟიურის განსაკუთრებული მოწონება ნუცა ბუზალაძისა და ილო ბეროშვილის წყვილმა დაიმსახურა.
- პროექტში მონაწილეობამდე ერთმანეთს იცნობდით?
ნუცა:
- ერთმანეთს არ ვიცნობდით, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მთელი ჩემი ოჯახი ილოს იუმორისტული ვიდეოების ფანია. დეიდაჩემსა და ჩემს დეიდაშვილს ილოს ყველა ვიდეო ნანახი აქვთ. მე ყველა ნანახი არ მქონდა, მაგრამ ძალიან მომწონდა და სულ ვფიქრობდი, რომ განსხვავებული და დახვეწილი იუმორი ჰქონდა. ჩემს ოჯახსაც ძალიან უყვარდა და ორმაგად გაუხარდათ, როცა ვუთხარი, ილო იქნება-მეთქი ჩემი მეწყვილე. პირველ გამოსვლას ყველა დიდი ინტერესით ელოდა.
ილო:
- ახლა გამახსენდა ნუცას დედასთან პირველი შეხვედრა. დედამისი რომ ვნახე, მივხვდი, თავს ვაწონებდი, როგორც სიძეები იქცევიან სიდედრთან პირველი შეხვედრისას. ნუცას ვეკითხებოდი, მოვეწონე თუ არ მოვეწონე-მეთქი. სასიმღერო სიძედ ვგრძნობდი თავს. რომ ვრეპეტიციობდით, ნუცას ვეუბნებოდი, დედაშენმა ჯერ არ მოგვისმინოს, კარგად რომ შევასრულებთ, მერე მოვასმენინოთ-მეთქი. თან ვიცი, რომ დედამისი ძალიან კომპეტენტურია სიმღერაში.
- ჟიურის წევრი თეონა კონტრიძე მიიჩნევს, რომ ილო ბეროშვილზე ყველა თბილისელი ნაშა უნდა ეცემოდეს.
ნუცა:
- დიახაც ასე უნდა იყოს.
- ასეთი პარტნიორის გვერდით თავს როგორ გრძნობ?
- არაჩვეულებრივად. თავიდან მონაწილეობაზე რომ დავთანხმდი, სიმართლე გითხრათ, მეშინოდა. ვნერვიულობდი, ჩემი ენერგიით მეწყვილე არ გადამეფარა, მაგრამ ილო იმდენად ამყვა ყველაფერში, რომ მასთან წყვილში ყოფნით ბედნიერი ვარ. ილო არც ერთ პროფესიონალს არ ჩამოუვარდება.
- ილო, რა პროფესიის ხარ?
- კავკასიოლოგი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, მერე ვსწავლობდი კავკასიურ ეთნოლოგიას, მითოლოგიას. ნახევრად ჩერქეზი ვარ, ნახევრად ქართველი და ეს საკითხები ჩემთვის საინტერესოა.
- მართლმადიდებელი ხარ?
- რა თქმა უნდა, ისევე, როგორც მამაჩემი და დედაც უკვე დაახლოებით ექვსი წელია, მართლმადიდებელი გახდა. მანამდე მუსლიმანი იყო.
- ასეთი პროექტების მერე დუეტებს ხშირად აწყვილებენ ხოლმე. ნუცას არ ჰყავს შეყვარებული, შენ კი მეუღლეს, ნელი აგირბას დაშორებულია.
- ახლა დაშორებული ვარ, მაგრამ გვყავს ორი შვილი - 5 წლის სესილი და წლისა და ოთხი თვის ევა, რომლებიც ძალიან მიყვარს. სხვათა შორის, მე და ნუცას გვილაპარაკია, როგორი უნდა იყოს შეყვარებული და ძალიან მომწონს ნუცას ხედვა. ნუცას ტიპური ქართველი ბიჭები არ მოსწონს. ნუცა არაა ის ტიპი, სადარბაზოსთან ჯიპი მიასრიალო, ''აიფონ ექვსი'' აჩუქო და კისერზე ჩამოგეკიდოს. როგორც მუსიკაში, ყველა დეტალს ყურადღებას აქცევს.
- თუ ცდილობ მეუღლესთან შერიგებას?
- ნელი ძალიან კარგი ადამიანია. ულამაზესი გოგოა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი ყოფილი ცოლია. ობიექტური ვარ. ახლა ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ და კარგად გვესმის ერთმანეთის. რაც შეეხება მომავალს, წინასწარმეტყველებას აზრი არ აქვს. არავინ იცის, რა გველოდება. ყველაზე მეტად რაც მიხარია, ისაა, რომ ორი შვილი გვყავს და გვაქვს მეგობრული ურთიერთობა. და იმის იქით რა მოხდება, არ ვიცი.