ბაია დვალიშვილი: ''ერთ დიდ ოჯახად ცხოვრება დამთავრდა''
ბაია დვალიშვილი: ''ერთ დიდ ოჯახად ცხოვრება დამთავრდა''
მსახიობ ბაია დვალიშვილთან ინტერვიუ ტრადიციებისა და სტერეოტიპების თემაზე ჩავწერეთ. აღმოჩნდა, რომ მას ამ თემებისადმი საკმაოდ ლოიალური დამოკიდებულება აქვს, მაგრამ მოსწონს ის სახეცვლილება, რასაც ესა თუ ის ტრადიცია განიცდის.

- ტრადიცია შექმნილია მოცემული პირობისა და დროის გამო, წლების განმავლობაში მკვიდრდება, ხანდახან აღარც კი ამართლებს, მაგრამ მექნიკურად ვასრულებთ. თუნდაც ქელეხი ავიღოთ, ეს იყო ნამგზავრი ხალხის ერთგვარი პატივისცემა, მაგრამ მერე არაჯანსაღად განვითარდა, მასშტაბები გაიზარდა, მახსოვს ეზოებში გაშლილი უზარმაზარი ქელეხები. დღეს ვფიქრობ, უფრო მოკრძალებულად აკეთებენ. მამაჩემი ქელეხის სასტიკად წინააღმდეგი იყო, გამაფრთხილა, არ გადამიხადოო, ანდერძიც
კი დატოვა, მეგობარი მოიხსენია, ნოდარ,
შენ გიბარებ, ბაიამ კიდევაც რომ დააპიროს ჩემთვის ქელეხის გაკეთება, შენ გადააფიქრებინეო. მიუხედავად ამისა, მე მაინც გავუკეთე პატარა ქელეხი, არ ვიცი, რატომ. რისი მომერიდა, ტრადიციის დარღვევის, იმ მითქმა-მოთქმის, რაც მოჰყვებოდა ამ ამბავს?! ყველგან მამაჩემის ანდერძით ხომ ვერ ვივლიდი.
ვფიქრობ, ბევრ ტრადიციას ინერციით ვასრულებთ, თუმცა ძალიან მიხარია, რომ დღეს ბევრი ახალგაზრდა უაზრო, ყოვლად სამარცხვინო და ჩემი გადმოსახედიდან ყოვლად ამორალური ქორწილების წინააღმდეგია. ახალგაზრდები საერთოდ არ იხდიან ქორწილს, ან კიდევ ძალიან კრეატიულად აკეთებენ ამას, სასიამოვნო გარემოში ერთობიან, ამახსოვრდებათ ის დღე და არ არის მნიშვნელოვანი, მეორე დღეს მამები და ბაბუები სუფრასა და დახარჯულ ფულს როგორ შეაფასებენ.

- გაგვაცანით თქვენი დამოკიდებულება ქორწინებამდე თანაცხოვრების თაობაზე.
- ჩემი მეგობრების შვილებმა გადალახეს ყველაფერი, აირჩიეს საყვარელი ადამიანი და დაიწყეს მასთან თანაცხოვრება. ჩემი შვილი ჯერ პატარაა, როცა გაიზრდება, ალბათ, მაშინ ეს კიდევ უფრო მარტივად მისაღები იქნება. თანაცხოვრება ქორწინებამდე ნორმალურია, მაგრამ რთულია მშობლისთვის იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ისმის უამრავი კითხვა. ადამიანებმა უნდა იცხოვრონ ერთად, თუმცა არსებობენ წყვილები, რომლებსაც უცხოვრიათ ცალკე, დაქორწინებულან და ნახევარ წელიწადში გაყრილან, რადგან ცოლქმრული ცხოვრება სულ სხვაა, სხვა ვალდებულებაა.

- როგორ ფიქრობთ, ოჯახის უფროსი უნდა არსებობდეს?
- არ ვიცი, ჩემს ოჯახში უფროს-უმცროსობა არ ჰქონიათ განაწილებული. მინდა გითხრათ, რომ ჩემს ბავშვობაში ჩემ გარშემო აბსოლუტური მატრიარქატი იყო, კაცები მუშაობდნენ, ქალები მუშაობდნენ კიდეც და მართავდნენ კიდეც. როცა ქალი იღებს თავის თავზე ყველაფერს, ესეც ზედმეტია. ყველაფერი მე ვაკეთო და გარეთ ვთქვა, ჩემი ქმრის დამსახურებაა-მეთქი, ალბათ, ესეც კომპლექსია.

- კაცისა და ქალის ღალატის სხვადასხვა ასპექტში განხილვას ემხრობით?
- ღალატი ღალატია კაცის მხრიდანაც და ქალის მხრიდანაც. თან, ღალატს უამრავი სახე აქვს და ყველა ძალიან მტკივნეულია. მგონია, რომ მალე კაცისა და ქალის ღალატის განმასხვავებელ ნიშნებზე საუბარი დამთავრდება და დასრულდება იმაზე ლაპარაკიც, რომ ტრადიციებსა და ქართველობას გვართმევენ, არავინ არაფერს გვართმევს.

- რძალდედამთილობის სტერეოტიპი…
- მე დედამთილები არ მყოლია და გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი იქნება კარგად, თუ ყველა იცხოვრებს ცალ-ცალკე, ეს აუცილებლობაა. მერე დედამთილიც, რძალიც, სიდედრიც, სიძეც – კმაყოფილი იქნებიან, ივლიან ერთმანეთთან სტუმრად, შეიკრიბებიან, მოესიყვარულებიან ერთმანეთს და წავლენ სახლებში.
გაგრძელება
7188
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები