გიორგი ბახუტაშვილი ორსულ ცოლს საუზმეს უმზადებს ''ჩემი ცოლის დაქალებში''ცოტნე ცოტაშვილის როლის შემსრულებელი გიორგი ბახუტაშვილი ივნისში მამა გახდება. მსახიობს ამ ეტაპზე პრესასთან ურთიერთობაში ტაიმ-აუტი აქვს აღებული, ამ სასიამოვნო სიახლეზე მის მეუღლესთან, თაკო შოშიაშვილთან მომავალი მამის გარეშე ვისაუბრეთ.
- სექტემბერში გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. მეც და გიორგიც იმ ეტაპზე გახლდით, როცა ძალიან გვინდოდა ბავშვი და ფეხმძიმობის ამბავმა სასწაულად გაგვახარა.
- როგორი ორსულობა გაქვს?
- საერთო ჯამში, კარგი. პირველი სამი თვე მსუბუქი ტოქსიკოზი მქონდა, მაგრამ მერე ამანაც გადამიარა და აქამდე ნორმალურად მოვედი. ამ ბოლო დროს, გაზაფხულზე გავცივდი, ვირუსი შემხვდა და ექიმთან სირბილმა მომიწია, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა.
- რამდენად პრეტენზიული ორსული ხარ, აწვალებ გიორგის?
- სხვათა შორის, არა. რომ ჰყვებიან, შუაღამისას მინდება რაღაცებიო, ეს ჩემთვის უცხოა. ალუჩა ისედაც მიყვარდა და ახლაც განსაკუთრებულად მინდა. ვიყიდეთ ამას წინათ, მაგრამ ეტყობა, თურქული იყო, არ ვარგოდა, ჰოდა, ახლა ქართული ალუჩის შემოსვლას ველი.
- როგორია გიორგი შვილის მოლოდინში?
- გიჟივითაა უკვე (იღიმის). პირველი თვეები მალე გავიდა, ბოლო ორი თვე კი ძალიან იწელება. ექოსკოპიაზე ბავშვის 3D ფოტოები მოგვცეს და იმას უყურებს ხოლმე, არის განხილვა: შენ გგავს, მე მგავს და ა.შ.
- თუ განებივრებს ან გეხმარება საქმეში?
- კი, კი. პირველი სამი თვე, ტოქსიკოზი რომ მქონდა, დილაობით საუზმეს მიმზადებდა, თავბრუ მეხვეოდა და ვერ ვდგებოდი, არ შემეძლო ჩემით მომზადება, გიორგი კი ამ მხრივ მანებივრებდა, საწოლში მოჰქონდა, მივირთმევდი და მერე ვდგებოდი. ახლაც, როცა სახლშია, ცდილობს, რაშიც შეუძლია, დამეხმაროს.
- სქესი უკვე იცით, სახელი?
- სქესი ვიცით, გოგოა, მაგრამ სახელი ჯერ არ გვაქვს მოფიქრებული, შერჩევის პროცესში ვართ.
- სანამ სქესს გაიგებდით, გიორგის, როგორც მამას, ბიჭი ხომ არ უნდოდა?
- არა, ჩემთვისაც და გიორგისთვისაც სქესს არანაირი მნიშვნელობა არ
ჰქონდა, მით უმეტეს, რომ პირველი შვილია. 12 კვირის რომ გავხდი და შესაძლებელი იყო სქესის დაახლოებით გაგება, გვითხრეს გოგოაო, გიორგიც როგორც გოგოს, ისე ეფერებოდა, მამიკოს გოგოო, ეუბნებოდა. შემდეგ ექოსკოპიაზე გვითხრეს ბიჭიაო, რაზეც გიორგის საოცარი რეაქცია ჰქონდა, ამ სიტყვების გაგონებაზე მიუბრუნდა ექიმს და უთხრა, - უკაცრავად, წესიერად ნახეთ, თუ შეიძლება, რა (იცინის). გოგოზე ვიყავით განწყობილნი და ბიჭი რომ გვამცნო, გიორგის საოცარი შეფასება ჰქონდა. ზუსტად დღეს ვიყავი ბოლო ექოსკოპიაზე და მითხრეს, გოგოაო. როგორც ჩანს, წინა ექოსკოპისტი შეცდა.