ოჯახის დანგრევის მიზეზი ხშირად ის არის, რომ ქალს არაფრის მოთმენა არ უნდა, მამაკაცი კი ''ველად არის გავარდნილი'' ქალბატონი ლალი ბადურაშვილს ინტერვიუსთვის შიმ ვესტუმრეთ. ის სიყვარულის არსზე საინტერესოდ გვესაუბრა.
- ქალბატონო ლალი, როგორ გგონიათ, სიყვარული რამდენჯერ მოდის?
- ზოგისთვის ერთხელ, ზოგისთვის - ხუთჯერ, გააჩნია, ვინ რას მოისაზრებს სიყვარულში. მე მგონია, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში 2-3ჯერ შეიძლება შეგხვდეს ადამიანი, რომელიც შენში ამ გრძნობას გააღვივებს.
ერთი ნახვით სიყვარულის მჯერა. ასეთი გრძნობა ადამიანს 16-17 წლის ასაკში ატყდება თავს. არავინ იცის, რა იწვევს მას. სხვათა შორის, ხშირად ვკითხულობ ფსიქოლოგიურ წიგნებს. ფსიქოლოგებს აქვთ რამდენიმე ვარაუდი, მაგრამ ერთ აზრზე ვერ შეჯერდნენ. როგორც ჩანს, კაცი (ქალი), რომლითაც ვიხიბლებით, ჩვენს ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს მოცემულ მომენტში: გარეგნობას, იუმორს, სილაღეს, განათლებულობას და ა.შ.ალბათ მიზიდულობის კანონიც უდიდეს როლს ასრულებს.
- გოგონები ეძებენ პრინცს. ბიჭებსაც სურთ პრინცესის პოვნა?
- ბიჭისთვის უფრო ადვილია არჩევანის გაკეთება. თუ ქალიშვილი წესიერია, მისი ერთგული იქნება და გარეგნულადაც არა უშავს, საკმარისია იმისთვის, რომ მასთან ერთად ოჯახი შექმნას. აი, გოგონა სიცოცხლის ბოლომდე რომანტიკოსად რჩება, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ გვერდით ჰყავდეს მრავალი ღირსებით შემკობილი გმირი. შეიძლება, მამაკაცი იყოს ინტელექტუალი, ახოვანი, თვითრეალიზებული, მაგრამ შეუძლებელია, ყველა სფეროში მიაღწიოს იმ იდეალს, რომელსაც ქალი მისგან მოითხოვს. წარმოიდგინეთ, რა რთულია, იყო ქმარი!
ჩვენი თაობა ძალიან განათლებულია, რადგან სულიერ საზრდოს წიგნებში ვნახულობდით. თქვენ ახლა ათასი გადაცემა გაქვთ, როდესაც ჩვენ შავ-თეთრ ტელევიზორში ერთი პროგრამის ყურება შეგვეძლო. მე მესმის, რომ ინფორმაციის ადვილად და სწრაფად მოპოვება გსურთ, ყოველდღიურობის ტემპიც აჩქარდა, თუმცა წიგნთან დაშორებამ ცხოვრებისადმი ადვილი მიდგომა გამოიწვია. ერთხელ პროფესორ მეგობართან დავიწუწუნე: ''ჩვენი შვილები ცოტას კითხულობენ''. მან კი მიპასუხა: ''ჰოდა, ძალიან კარგი!'' გავოცდი. მერე ამიხსნა, რომ წიგნების კითხვა იწვევს რომანტიზმს და სულს აღრმავებს. ამ უხეშ და დაუნდობელ ცხოვრებაში ეს რომანტიზმი და სულიერი სისათუთე სასაცილოდ ჩანს. რაც უფრო ნაზია პიროვნების სული, მით უფრო ადვილია მისი გატეხა.
თუ დიდ მოთხოვნებს არ წაუყენებ ადამიანს, იმედგაცრუებულიც ნაკლებად დარჩები.
- დღეს ოჯახის შექმნა და მისი დანგრევა აქტუალური პრობლემებია...
- რა დიდი სიყვარულიც უნდა აკავშირებდეს წყვილს, ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ყველაფერს ცვლის. ქალიც და მამაკაციც მზად უნდა იყვნენ კომპრომისისთვის. ოჯახის დანგრევის მიზეზი ხშირ შემთხვევაში ხდება ის, რომ ქალს არაფრის მოთმენა არ უნდა, მამაკაცი კი ''ველად არის გავარდნილი'' და ისე იქცევა, თითქოს უცოლო იყოს. უმნიშვნელოვანესია ფინანსური მხარე. მამაკაცი აუცილებლად დასაქმებული უნდა იყოს. ქართველების უმეტესობას თავმოყვარეობა აქვს და თავს იკავებს დაოჯახებისგან, არ სურს, ცოლს ჩამოეკიდოს კისერზე. დღეს გოგონები უფრო ადვილად შოულობენ შემოსავლის წყაროს. ბიჭისთვის რთულია, როდესაც მეუღლეს ჯიბის ფული აქვს, თავად კი უმუშევარია და სიგარეტის ფულის თხოვნა ქალისთვის უწევს. ოჯახი და რელიგია ის ორი ორგანიზმია, რომელიც სახელმწიფოს ასაზრდოებს.
- ქმრის ღალატზე რას ფიქრობთ?
- ღალატი არავის ეპატიება. გააჩნია, ვინ რას ეძახის ღალატს. ზოგადად, ბიოლოგიური ბუნებიდან გამომდინარე, მოღალატე უფრო კაცია, ვიდრე ქალი. ქალი ვერ დათანხმდება მამაკაცთან ფიზიკურ კავშირს, თუ ძალიან არ მოსწონს იგი, კაცს კი შეუძლია. კაცი თუ ლტოლვას აჰყვება, ეს ღალატი არ არის. მტკივნეულია ის ფაქტი, როდესაც სერიოზული კონკურენტი გიჩნდება. ამ დროს შენს ქმარს სხვა უყვარდება...