''იღბლიან ბორბალში'' ბინა მოიგო, მაგრამ დღემდე არ იცის, მიიღებს თუ არა მოგებულ პრიზს ''თქვენ მოიგეთ ბინა'' - ამ სიტყვების გაგონებაზე ყველა ოცნებობს. რამდენიმე წელია, სხვადასხვა გასართობ შოუსა თუ კონკურსზე ყველაზე მნიშვნელოვანი პრიზი ბინაა, რომელიც ხშირად სკანდალის მიზეზი ხდება. თუმცა, რასაკვირველია, ყველა შემთხვევა ერთმანეთს არ ჰგავს, კმაყოფილიც უამრავი ადამიანი გვინახავს, ზოგი ფიქრობს, რომ ''ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯება'', ბევრი რამ არ მოსწონთ, მაგრამ ხმამაღლა არ ლაპარაკობენ და მხოლოდ მადლობას იხდიან.
დიტო ლაგვილავა წლების წინ მუსიკალურ პროექტ ''ვარსკვლავების აკადემიის'' გამარჯვებული გახდა და ბინა მოიგო. ''ის ბინა გავყიდე და სხვა ვიყიდე, ისევ ახალ კორპუსში. პროექტის პერიოდში ბინა შენდებოდა და თეთრი კარკასი ორ წელიწადში ჩა-მაბარეს. საწუწუნო არაფერი მქონდა, რადგან დაპირებული ბინა გადმომცეს, არავის უთქვამს, რომ რემონტი იქნებოდა გაკეთებული. ბინა ხედის გამო გავყიდე, მაგრამ არ ვწუწუნებ, სასაფლაოს გადაჰყურებდა. უკანა მხარეს ჰქონდა ასეთი ხედი. მე-18 სართულზე რომ ხარ და სასაფლაოს გარდა ვერაფერს ხედავ, სასიამოვნო არ არის (იცინის)''.
ალბათ, ყველას გახსოვთ 2011 წლის ''ნიჭიერის'' გამარჯვებული პატარა ბიჭი ვანო ფიფია, რომელმაც ბინა ბათუმის ბულვარში მოიგო. ორი წლის შემდეგ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა ვრცელი მასალა, სადაც ვკითხულობდით, რომ ვანოს ბინა, რომელიც კონტრაქტით 2012 წლის ოქტომბერში უნდა გადასცემოდა, იქამდე არ მიუღია. კომპანიამ, რომელმაც ბინა გაათამაშა, კომენტარში აღნიშნა, რომ სამშენებლო ვადებზე გამარჯვებულთან ვალდებულება არ ჰქონია და ბავშვს ბინა მალე გადაეცემოდა.
ინტერნეტმედიაში აგორებული სკანდალის შემდეგ მალე ოჯახს ერთოთახიანი გარემონტებული ბინა გადაეცა.
მაცაცო თოხაძე მომღერალი და რადიოწამყვანია. გარკვეული პერიოდის წინ გადაცემა ''იღბლიან ბორბალში'' ბინა მოიგო, მაგრამ დღემდე არ იცის, მიიღებს თუ არა მოგებულ პრიზს.
- დაახლოებით ორი თვის წინ ერთ ჩემს ახლობელს გავყევი გადაცემაში და ძალიან უნდოდა, როგორც მის გულშემატკივარს, მემღერა, მაგრამ ადგილზე გაირკვა, რომ სტუმარს არ შეიძლებოდა ემღერა და თუ მონაწილეობას მივიღებ-დი, არ იქნებოდა პრობლემა. გადაცემის შემდეგ ჩემი მონაცემები დავტოვე და ერთ თვეში დამირეკეს. ჩემი სურვილიც იყო, რადგან ძალიან მიყვარს ეს გადაცემა. მანამდე ამ გადაცემაში ასეთი ღირებულების პრიზი არ გათამაშებულა. ჩემი აზრით, ვერ დაუშვეს, რომ მონაწილე სუპერთამაშს დათანხმდებოდა, ბორბალზე ბინა ამოვიდოდა და მოთამაშე მოიგებდა. გადაცემის გასვლამდე სამი დღით ადრე რეკლამები დაიწყო, სადაც ჩანდა, რომ ბინა მოვიგე. ამ ამბიდან მეორე დღეს იმ სამშენებელო კომპანიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, რომ კონტრაქტი ბოლომდე არ იყო ხელმოწერილი და უარს აცხადებდნენ ჩემთვის ბინის გადმოცემაზე. ტელეკომპანიაში ერთთვიანი ვადა მთხოვეს, ამ დროში ან სამშენებლო კორპუსი და ბინა, რომელიც კომპანია მოეგებოდა გონს და ბინა გადმომეცემოდა, ან იზარალებდნენ და ბინას თავად მიყიდდნენ, ან კომპენსაციას მომცემდნენ.
ოცი დღის შემდეგ დაგვიანებით გადმომცეს კონტრაქტი, სადაც წერია, რომ პრიზის გადაცემაზე ვალდებულება აქვს სამშენებლო კომპანიას. ხელშეკრულებას ხელი საგრიმიოროში მოვაწერე და ჩემი დანაშაულია, რომ არ წამიკითხავს. სხვების კონტრაქტები არ მინახავს და არ მინდა ვიფიქრო, რომ ამ სიტუაციას მოარგეს ჩემი კონტრაქტი. უბრალოდ, ვერ ვხვდები, თუ საბუთები მოწესრიგებული აქვთ, რატომ გადაიხდიან კეთილი ნებით თანხას. ჩემი ეჭვით, რაღაც გაუგებრობა მოხდა ტელევიზიასა და სამშენებლო კომპანიას შორის. ფაქტია, რომ მე ვარ ყველაზე მართალი ამ სამ მხარეს შორის. ერთი თვე რამდენიმე დღეში გადის და თუ ამის შემდეგ არავინ შემეხმიანა ტელევიზიიდან, აუცილებლად შევხვდები გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას, მისი აზრი ძალიან მაინტერესებს. მერე არ ვიცი, რას ვიზამ, უამრავი ადვოკატი მიკავშირდება, რომ დრო არ დავკარგო და პროცესი დავიწყოთ. გაგრძელება