ქართველი ქალისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირბოროტო თემა - დედამთილია ქართული რეალობისთვის და ზოგადად, ქართველი ქალისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირბოროტო თემა - დედამთილია, აქედან გამომდინარე მოდით დედამთილების საკითხიც გავავრცოთ ასტროლოგიური კუთხით და ვნახოთ ზოდიაქოს რომელ ნიშანზე დაბადებული დედამთილი შეიძლება იქცეს რძლისთვის ყველაზე დიდ თავის ტკივილად..
დედამთილი ვერძი
თუ თქვენი დედამთილი ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა, ის დროა რკინის ამჯარი ჩაიცვათ და თავზე უსაფრთხოების ყველაზე მაგარი ჩაფხუტი დაიფაროთ, იმიტომ რომ ვერძი დედამთილის გაბრაზებისას, ოჯახში თეფშები, ჭიქები, ჩანგლები და სხვა საოჯახო ნივთები დიდი წარმატებით და რეაქტიული სიჩქარით იფრენენ ჰაერში, თუმცა თავად მასაც ასეთივე სისწრაფით გადაუვლის გაბრაზება. ამიტომ ზემოთხსენებული ჩაფხუტით შეგიძლიათ პერიოდულად ბავშვები ათამაშოთ ხოლმე. სამაგიეროდ დედამთილი ვერძი, არასოდეს ჩაერევა თქვენი და თქვენი ქმრის პირად ცოვრებაში, ზოგადად ვერძებს სხვისი პირადი ცხოვრება ნაკლებად ადარდებთ და არც ზედმეტად "ფეთიანი დედების" კატეგორიას განეკუთვნებიან, საიმისოდ რომ შვილის დაჩაგვრისთვისთვის რძალზე შორსმიმავალი შურისძიების გეგმები დასახონ .
დედამთილი კურო
თუკი თქვენ, კურო დედამთილთან ერთად გეგმავთ სამომავლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას, ის დროა, კარგი კულინარიული სახელმძღვანელო შეიძინოთ ან სულაც კულინარიის შემსწავლელ კურსებზე იაროთ. ამასთან ერთად კი სხვადასხვა სახის ეფექტური დიეტების ცოდნითაც შეიარაღდეთ. ალბათ გიკვირთ, რაში გჭირდებათ ამ ორი, ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავი რჩევის გათვალისწინება? საქმე იმაშია, რომ დედა კურო რომლის შვილებიც, ყოველთვის მოვლილ-დაპურებულები არიან მთელი ცხოვრების მანძილზე, არ გაპატიებთ იმას, რომ მისი შვილი შიმშილით მოკლათ ან ნახევარფაბრიკატებით კვებოთ, ამასთან ერთად თავად ისეთი კარგი მზარეულია, რომ მისი მომზადებული კერძების დაგემოვნებაზე ძნელად თუ ვინმე იტყვის უარს, შესაბამისად აუცილებლად დადგება თქვენს დღის წესრიგში, კარგი დიეტის ცოდნის აუცილებლობის საკითხი. ამას გარდა გაითვალისწინეთ ისიც, რომ სახლში დედამთილთან შეთანხმების გარეშე, არასოდეს გაბედოთ ავეჯის გადააგილება ან რემონტის წამოწყება. კუროს შეჩვეული გარემო უყვარს. გაბრაზება კი ყველა კურომ იშვიათი და ძაალიან საშინელი იცის. ჰოდა თუ არ გინდათ ეს გადაადგილებული ავეჯი რიგრიგობით მოგხვდეთ თავში, თქვენი შემოქმედებითი პოტენციალის გამოსავლენად, ის ტერიტორია იკმარეთ რომელიც გერგოთ - ანუ თქვენი ოთახი.
დედამთილი ტყუპები
იმ შემთხვევაში თუ თქვენი დედამთილი ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა, თამამად შეგიძლიათ სახლში არათუ ავეჯი გადაადგილოთ, სულაც სხვა უბანში გადაბარგდეთ საცხოვრებლად. თქვენი სიახლეების მოყვარული დედამთილი ამ ყველაფერს დიდი ენთუზიაზმით და მხიარული აჟიოტაჟით შეხვდება. გამომდინარე იქედან, რომ მას ყველანაირი სახის, სორტის და კატეგორიის ჭორები აინტერესებს, ახალ უბანში გადაბარგების ფაქტი, მისთვის სწორედ რომ ამ კუთხით იქნება სასიამოვნო, ამიერიდან ხომ მისი საჭორაო აუდიტორია, ახალ-ახალი კონტინგენტით შეივსება. თუმცა ზემოთხსენებული კომუნიკაბელურობის გამო, თუკი თქვენ სიმშვიდის მოყვარულთა კატეგორიას განეკუთვნებით, ასეთ "მოლაპარაკე" ქალთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, თქვენთვის ქრონიკული თავის ტკივილის კარგი პერსპექტივა შეიძლება გახდეს, ამიტომ მოგიწევთ ან დედამთილს აუბათ მხარი ჭორაობაში ან სხვა ბინა ეძებოთ საცხოვრებლად.
დედამთილი კირჩხიბი
თუკი თქვენი დედამთილი კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა, ისღა დამრჩენია გულწრფელად შეგიბრალოთ და მოგისამძიმროთ.საქმე ისაა, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალების უმრავლესობა, ე.წ „გიჟი დედების“, უკვე შემდგომში კი ყველაზე პრეტენზიული დედამთილ-სიდედროების სატუსს დამსახურებულად ამართლებს. აქედან გამომდინარე, ალბათ დიდი ძალისხმევა და ოფლის ღვრა დაგჭირდებათ საიმისოდ, რომ დედა კიბოს სიმპათიები დაიმსახუროთ და ისიც ნაწილობრივ, რადგან მუდმივად მისი მხრიდან შექება-წახალისებაზე ოცნებაც კი უტოპიაა. უმთავრესი წესი რაც ამ ქალთან მიმართებაში უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ არასოდეს შეეცილოთ მას სამზარეულოში, ისიც გეყოფათ რომ შვილის სიყვარულში ეცილებით!