ყველაზე დიდი ცოდვა სასოწარკვეთილებით იწყება, ერს კი ამ ცოდვისგან ხსნა მხოლოდ სულიერი თანადგომით შეუძლია ჩვენს ქვეყანაში მომხდარ სტიქიურ მოვლენებს ყველა სხვადასხვაგვარ ახსნას უძებნის. საინტერესოა, როგორ აფასებს ამას ეკლესია და სასულიერო პირები. მით უფრო საინტერესოა ეს პატრიარქის ხმაურიანი განცხადების შემდეგ.
რა შემთხვევაში უშვებს უფალი ასეთ განსაცდელებს? რა სულიერი დახმარება შეგვიძლია გავუწიოთ დაზარალებულებსა და რა შეგვიძლია მოვიქმოდოთ გარდაცვლილთათვის. ამ და სხვა კითხვებს წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია) პასუხობს:
- რას გულისხმობდა პატრიარქი თავის განცხადებაში ეკლესიის ზარებისა და ზოოპარკის შესახებ. რატომ მოყვა ამას აურზაური?
- უწმინდესი ყველას მოგვიწოდებს სიწმინდისკენ. ფაქტის დაფიქსირებას აქვს ადგილი, ეს ეხებოდა ზოოპარკს და არა იმ ადამიანებს, რომელნიც გარდაიცვალნენ. ცოდვებს შეწირულნი რომ ყოფილიყვნენ, ლოცვით შეწევნასაც არ დააწესებდა პატრიარქი, იტყოდა, "ცოდვებმა უწიათ" და არ მოიხსენიოთ ლოცვებში.
- რა შემთხვევაში უშვებს უფალი ასეთ განსაცდელებს? ბევრ მორწმუნეს მიაჩნია, რომ ამით ღმერთი გვსჯის.
- -განსაცდელის ერთი კონკრეტული შემთხვევა არსებობს, როდესაც ერი მიატოვებს ღმერთს და მისი შიში არა აქვს. პატრიარქ აბრაამის მაგალითიდან ვიცით, რომ 10 მართლისთვისაც არ დაისჯება ქვეყანა. ნუთუ 10 მართალიც არ ჰყავს იმ ერს, რომელსაც ცოდვებისა გამო დასჯილად მივიჩნევთ? ვინმეზე გაბრაზებული თუ ვართ და იმ ადამიანს რაიმე განსაცდელი შეემთხვევა, მაშინვე ვიტყვით: ,,ცოდვამ უწია“, სინამდვილეში ჩვენი სურვილია ასეთი, რადგან თავს მართალ ადამიანად მივიჩნევთ და გვინდოდა ღმერთს დაესაჯა იგი. ეკლესიის ისტორიამ იცის ყველაზე უდიდესი ერეტიკოსების ცხოვრება, ზოგიერთი მათგანი ,,არაჩვეულებრივად“ აღესრულა, მაგრამ დღემდე უკუღმართობის ნაყოფს ვიწვნევთ. უცხო რელიგიის დამფუძნებლები, გარყვნილების მოთავეები ვიცით ამქვეყნად ტკბობას მიეცნენ, მაგრამ უფალს არ აღუკვეთია მათი გარყვნილება. ადამიანის სულისთის ,,სამსჯავრო“ არ არის ეს ქვეყანა. მთავარი განსჯა მოგველის იქ. ღმერთი ყველაზე მეტად მათ უვლენს განსაცდელს ვინც ქრისტიანად მიიჩნევს თავს და უდიერად ცხოვრობს. ერისთვის ყველაფერი სამაგალითო უნდა იყოს. ზოგიერთი რამ გაუთვალისწინებლობის, უყურადღებობისა და დაუფიქრებლობის გამო ხდება. ცოდვა ყოველთვის ,,ვინმეს“ კისერზეა, რადგან ჩვენ ყველანი ერის შემადგენელი ნაწილი ვართ. ისე არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს ვინმეს კონკრეტული დანაშაული განაპირობებს სასჯელს, სასჯელი ჩვენი არაღიარებული ცოდვებია და არა სიკვდილი. სიკვდილი ყველას მოუწევს, მნიშვნელობა არა აქვს რა შეგვიწირავს, მთავარია ვინ როგორ ვცხოვრობთ! ზოგიერთი წმინდანი ლომმა დაგლიჯა, თუმცა ეს განსაცდელი ცოდვის შედეგი არ ყოფილა. ლუკას სახარებაში საინტერესო მაგალითია მოყვანილი: " ან იქნებ გგონიათ, რომ ის თვრამეტი კაცი, რომლებსაც დაეცა სილოამის გოდოლი და ისინი გასრისა, უფრო მეტად ბრალეულნი იყვნენ, ვიდრე იერუსალიმის ყოველი მკვიდრი?არა, გეუბნებით თქვენ; მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით. „ ბრალეულობაზე საერთოდ არ არის საუბარი, ნებისმიერი მღვდელი შეიძლება ამ სტიქიას შეწირვოდა. ღვთის განგებულებას სრულად ვერ ჩავწვდებით, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ: ,,მე არ ვიცი ის, რაც მე არ ვიცი“.
- მოსახლეობა შეძლებისდაგვარად ეხმარება სტიქიით დაზარალებულებს. ამ დროს უფრო შესაფერისი ხომ არ არის კიდევ, რომელიმე ხატი მივართვათ? ან რაიმე განსაკუთრებული ლოცვა ხომ არ არის ამ დროს დაწესებული?
- რითაც შეგვიძლია, იმით დავეხმაროთ. ამ მომენტში ფიზიკური თანადგომა სჭირდებათ. შესაძლოა სურვილისამებრ საგულე ღვთისმშობლის ხატები ვუსახსოვროთ დაზარალებულებს. განსაკუთრებით საკუთარი სიტყვებით ვთხოვოთ უფალს, "დაგვიფაროს უბედური შემთხვევებისგან და გვიხსნას განსაცდელისგან". გულში დავაწესოთ შეწევნის ლოცვა. რაიმე სპეციალური ტიპიკონი არ არსებობს.
- რა შეიძლება გარდაცვლილთათვის გავაკეთოთ?
- უდიდესი ნუგეში არის ჯვარცმულ უფალთან ლოცვა, რომელმაც ტკივილი და ტანჯვა განიცადა, მას შეუძლია დატანჯულთა ნუგეშინისცემა. პანაშვიდი, გარდაცვლილთათვის სპეციალურად დაყენებული საღმრთო ლიტურღია სულისთვის უდიდესი შვებაა. ჩვენი მისართმეველი ლოცვითი მსხვერპლია უფლისადმი მიცვალებულთათვის.
- ზოგმა შეიძლება ამგვარი კითხვა დასვას, რატომ გაიმეტა უფალმა ეს ადამიანები? ახალგაზრდები?
- ღმერთი არავის იმეტებს. ზოგჯერ ვამბობთ "ცხოვრებას აზრი არა აქვს"! როდის ჰქონდა აზრი? ახალგაზრდა თუ გარდაიცვალა, ეს არ ნიშნავს მის წარწყმედას. წელთა სიმრავლე არ განსაზღვრავს ცხოვრების სიდიადეს. ადამიანისთვის მთავარია უფლის გვერდით ყოფნა. ხანგრძლივი ცხოვრება ყველას გვახარებს და გვწყურია კიდევაც. როდესაც ფიზიკურად გვტოვებს ადამიანი, გული გვეწვის, არა იმიტომ, რომ სულის არსებობისა არ გვწამს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენს გვერდით აღარ არის. რაღა თქმა უნდა გვიჩნდება კითხვა: ეს რატომ, ღმერთო? უამრავი ჩვილი წმინდანები ვიცით, მათ დღემდე განვადიდებთ: ცხრა ყრმა კოლაელთა, იროდის მიერ მოწყვეტილი ჩვილები და ა.შ. ყველანი წმინდანები არიან და აქეთ გვეწევა მათი სული. არავინ ამბობს მათზე: რატომ გაიმეტა ღმერთმა ასეთი პატარები? ვუცქერთ ყოველდღიურად მათ ფრესკებს და მხოლოდ ლოცვისთვის განგვაწყობს.
- საპატრიარქომ გამოაცხადა, რომ თითო დაზარალებულ ოჯახს თითო ეკლესია დაეხმარება სულიერების ფარგლებში. რას გულისხმობს ეს განცხადება?
- უწმინდესი არაფერს იშურებს, არც ფიზიკურ თანადგომას და არც სულიერს (ამის მაგალითია საკვებით დახმარება მოხალისეებისთვის, ასევე მრევლის გაგზავნა დაზიანებულ ტერიტორიაზე დასახმარებლად). სულიერი ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, რა სჭირდება ადამიანს განსაცდელის დროს, მაგრამ პატრიარქმა იცის, რომ ყველაზე დიდი ცოდვა სასოწარკვეთილებით იწყება, ერს კი ამ ცოდვისგან ხსნა მხოლოდ სულიერი თანადგომით შეუძლია.
თეა ცაგურიშვილი