გოგონები ერთმანეთთან ღვიძლის ნაწილით არიან დაკავშირებული ფოტოზე გამოსახული ულამაზესი გოგონები სიამის ტყუპია. თებროლე და თამარ ვაშაყმაძეები სამი თვის წინ, 12 მარტს, თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დაიბადნენ. გოგონები ერთმანეთთან ღვიძლის ნაწილით არიან დაკავშირებული და დამოუკიდებლად ცხოვრებას ოპერაციის გარეშე ვერ შეძლებენ. პატარა დებს დროულად სჭირდებათ დახმარება. მათი სხეულები უნდა გაცალკევდეს, რათა დები სრულფასოვნად განვითარდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია საშურია, შესაძლოა, მისი ჩატარება გაჭიანურდეს, რადგან
საქართველოში მსგავსი ტიპის ოპერაცია არასოდეს გაკეთებულა, უცხოეთში სამედიცინო მომსახურებისთვის საჭირო თანხები კი ტყუპის ოჯახს არა აქვს.
პატარები ქუთაისში ცხოვრობენ. მათ ათი წლის და ჰყავთ, რომელიც სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. გოგონების დედის, მარიამ ლეჟავას თქმით, რომ არა სიამის ტყუპისთვის მახასიათებელი პათოლოგია, ჩვილი ტყუპიც სრულიად ჯანმრთელია.
მარიამ ლეჟავა: - როგორც მითხრეს, ჩემი გოგონები საქართველოში დაბადებული პირველი სიამის ტყუპია. ბავშვები ჩვეულებრივად ვითარდებიან.
ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ღვიძლის მარცხენა წილებით. დანარჩენი ორგანოები ერთმანეთისგან დამოუკიდებელი აქვთ. ორივე სრულიად ჯანმრთელია, მაგრამ თუ ოპერაცია დროულად არ გაკეთდება, დაიწყება გართულებები, რაც დროთა განმავლობაში სერიოზულ პრობლემებს შექმნის.
- ამ ეტაპზე პატარების მდგომარეობა როგორია, მათ ძირითადად წოლა უწევთ?
- დიახ, ორივე გვერდზე წევს, მონაცვლეობით, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ. ასეთი შეზღუდული მდგომარეობა თავის ქალის დეფორმაციის საშიშროებას ქმნის.
- ოპერაციის გაკეთებას სად აპირებთ?
- ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც ბავშვები დაიბადნენ, გვირჩიეს, რომ გერმანიაში ან ისრაელში მოგვეძია კლინიკები, რომლებიც მსგავს პათოლოგიებს იცნობენ და ოპერაციებს აკეთებენ.
ამ ეტაპზე არჩევანი შევაჩერეთ კიოლნის კლინიკაზე, რომელსაც გამოცდილება აქვს, მაგრამ ოპერაცია 85 000 ევრომდე ჯდება. ჩვენთვის ეს არის საარაკო თანხა, რომელსაც ვერ მოვაგროვებთ.
გაგრძელება