მათ მიატოვეს კარგი სამსახურები და უკვე 6 წელია ზღვაში ცხოვრობენ კანადელი ცოლ-ქმარი ჟენევიევა და ებენ სტოლცები 6 წელია ზღვაში ცხოვრობენ. ამასობაში ორი ქალიშვილი გაუჩნდათ, თუმცა ამანაც ვერ დააბრუნათ მიწაზე. იახტით მოგზაურობენ აფრიკიდან ინდოეთამდე, ნახულობენ სხვადასხვა ქვეყანას და ბავშვებსაც ამოგზაურებენ. ბავშვები ნამდვილ ზღვის ლეკვებად იქცნენ – იციან, იახტაზე როდის როგორ უნდა მოიქცნენ, საოცრად ყვინთავენ, ცირავენ წყალში და მეგობრობენ ზღვის ცხოველებთან. ერიასი და ელია ბედნიერ ბავშვობას ატარებენ, ყოველდღე თავგადასავლებში არიან და ახალ-ახალ შთაბეჭდილებებს იღებენ.
სანამ ზღვაზე ცხოვრებას გადაწყვეტდნენ, ჟენევიევა მასწავლებლად მუშაობდა. ახლა მთელ დროს შვილებს უთმობს და ყველაფერს ასწავლის, რაც საჭიროა. უფროსი გოგონა 5 წლისაა, უმცროსი – 3-ის.
როცა სრულიად შეცვალეს ცხოვრების წესი და მთელი დანაზოგით იახტა იყიდეს, ებენი მაშინ მენეჯერად მუშაობდა. სამსახურს დიდი შემოსავალი მოჰქონდა, მაგრამ იმავდროულად დიდი სტრესი და უძილობაც. ბოლოს დაანება ყველაფერს თავი, ცოლთან ერთად მიატოვა სამსახური, გაყიდა სახლი და წავიდა სამოგზაუროდ. იქვე გაუჩნდა შვილები. ახლა მცირე, მაგრამ სტაბილური შემოსავალი აქვს სხვადასხვა საწყლოსნო საშუალებების გაქირავებითა და შეკეთებით (როცა ნაპირზე გადის). გარდა ამისა, შემოსავალი მოაქვს ბლოგს, რომელსაც ჟენევიევა აწარმოებს. იქ წერს თავისი მოგზაურობების შესახებ.
თუმცა წყვილი იმაზეც ფიქრობს, რომ ერთხელაც მოუწევს ჩვეულებრივ ცხოვრების წესთან დაბრუნება – მხოლოდ იმიტომ, რომ შემოსავალი აღარ ექნებათ იმდენი, რომ საცხოვრებლად ეყოთ და თანაც, ბავშვებს სასკოლო განათლება დასჭირდებათ. ამასაც ეგუებიან და ცდილობენ, ეს დრო მაქსიმალურად გამოიყენონ, რათა სამუდამოდ დაამახსოვრდეთ მოგზაურობაში გატარებული ბედნიერი წლები.