"მე ხომ მამა ვიყავი, რომელსაც, შესაძლოა, რამდენიმე წუთის მერე საკუთარი შვილი მკვდარი ენახა..." "გზაში ყველა მოსახვევში რუსებს ვათვალიერებდით. ჩვენს 33-ე ბატალიონს კარალეთში დავეწიეთ. თბილისში მოვდიოდით და არ ვიცოდი, ჩემი შვილი ცოცხალი იყო თუ არა, არ ვიცოდი, მეუღლემ, რომელიც სოფელში დავტოვე, გამოსვლა მოასწრო თუ არა."
ყველა ომს მოაქვს ისეთი ამბები, რომლებიც სამუდამოდ რჩება. აგვისტოს ომის შემდეგაც მეომრები ხშირად იხსენებდნენ ჯარისკაცის მამას, რომელიც ბრძოლის ველზე თავის შვილებს დაეძებდა და ამ დროს ხუთი ჯარისკაცის სიცოცხლე გადაარჩინა... "კვირის პალიტრამ" 2012 წელს მიაკვლია ჩვენი დროის ჯარისკაცის მამას თამაზ მეთაფლიშვილს. გთავაზობთ მის სულისშემძვრელ ისტორიას "კვირის პალიტრის" არქივიდან:
თამაზ მეთაფლიშვილი:
- შეიარაღებულ ძალებში 1996 წლიდან ვმსახურობ. 2002 წლიდან სასწრაფო დახმარების მძღოლად ვმუშაობდი, 2008 წლის აგვისტოში თავდაცვის სამინისტროს მესამე ბრიგადის 33-ე ბატალიონის სასწრაფო დახმარების მძღოლი ვიყავი. ბრიგადა მაშინ ქუთაისში იდგა.
5 აგვისტოს საბრძოლო მზადყოფნის შესახებ ბრძანება მივიღეთ. მანქანებში ჩავსხედით და ბაზის დატოვების ნიშანს დაველოდეთ. ვიცოდით, რომ ცხინვალში მივდიოდით. მოსალოდნელ ომზეც გვქონდა ლაპარაკი, თუმცა რას ვიფიქრებდით, ფაქტის წინაშე თუ დავდგებოდით. ერთმანეთს ვეუბნებოდით, თუ რამე იქნება, უკან არავინ დავიხევთო. 6 აგვისტოს, დილით, ბრიგადამ ბაზის დატოვება ეტაპობრივად დაიწყო. ეს მთელი დღე გრძელდებოდა. გზაზე, ზესტაფონში, ხალხი ქუჩაში იყო გამოსული და გამარჯვების შეძახილებით გვხვდებოდა. ზოგი სიგარეტს გვაწვდიდა, ზოგი მინერალურ წყალს, ყველას უხაროდა. გზადაგზა ბიჭები მანქანებს აჩერებდნენ, გადმოდიოდნენ, გვესალმებოდნენ, ხელის ჩამორთმევას და გამხნევებას ცდილობდნენ. წინ ერთი მანქანა გადაგვიდგა, იქიდან ხნიერი, მთასავით კაცი გადმოვიდა, ხელები გაშალა, თითქოს მთელი სამხედრო კოლონის გულში ჩაკვრა უნდაო და - თქვენ გენაცვალეთ, ბიჭებოო, დაიგუგუნა. იმ კაცის ხმა ახლაც ჩამესმის. გორში რომ შევედით, ჟრუანტელმა დამიარა - მთელი ქალაქი გარეთ იყო გამოფენილი (მე თავად გორის რაიონიდან ვარ, სოფელ ხიდისთავიდან). ჯარის დანახვაზე ხალხი ტიროდა. ქალები ხმამაღლა გვლოცავდნენ და შინ მშვიდობით დაბრუნებას გვისურვებდნენ, ცრემლმორეული კაცები რომ შევნიშნე, თავი ვერც მე შევიკავე, ჩემს ექიმს რომ გადავხედე, ცრემლი მასაც მორეოდა. ის დღე არასოდეს დამავიწყდება...
ჩემი ორი ვაჟიც ჩემთან ერთად მესამე ბრიგადაში მსახურობდა. ლევანი 31-ე ბატალიონში მეტყვიამფრქვევე იყო, გიორგი - მომარაგების დარგში. გზად ვცდილობდი, ლევანს შევხმიანებოდი, სატელეფონო კავშირი ჭირდა. ბოლოს, გორში რომ შევედით, როგორღაც დავუკავშირდი. მითხრა, - წინ მივიწევთო...
6 აგვისტოს ღამე ცხინვალის მისადგომებთან, ვაშლის ბაღებში გავათენეთ. მთელი ღამის განმავლობაში ოსური მხარე ნიქოზს, შინდისს, ფხვენისს ბომბავდა. ვარიანამდე ყოველი გოჯი მიწა იბომბებოდა, ცა წითლად ვარვარებდა. გაგრძელება