"ღამეები მითენებია შვილებისთვის. ერთი ტყუპი რომ ტირილს იწყებდა, სხვა ოთახში გამყავდა, მეორე რომ არ გაეღვიძებინა" მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი სტერეოტიპების მიმართ არცთუ ისე კეთილგანწყობილია, თუმცა, ზოგიერთ მათგანს არა სტერეოტიპად, არამედ ობიექტურ რეალობად აღიქვამს.
-"რას იტყვის ხალხი?" - ყოფილა შემთხვევა, როცა ხალხის აზრი არ გაგითვალისწინებიათ?
- ხალხის აზრი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა - გადამწყვეტი. ზოგჯერ ნამდვილად ჯობია, არ გაითვალისწინო, რას იტყვის ხალხი... მე მაინტერესებს, რას იტყვის საზოგადოების ის ნაწილი, ვინც საღად აზროვნებს. საერთოდ, სტერეოტიპები ხომ ადამიანების მოგონილია?! ისინი ცდილობენ, კონკრეტული მოცემულობა მოაქციონ სისტემაში.
- "ქალი უნდა იყოს მაღალი და გამხდარი!"
- ქალი უნდა იყოს მომხიბვლელი. მოვხიბლულვარ არცთუ ისე მაღალი და არცთუ ისე გამხდარი ქალითაც.
- როგორ ფიქრობთ, ქალის მთავარი დიპლომი გემრიელი კერძების ცოდნაა?
- არაჩვეულებრივია, თუ ეს შეუძლია, მაგრამ მთავარი და გადამწყვეტი, რა თქმა უნდა, არ არის.
- "კაცს ღალატი ეპატიება!"
- ღალატი არავის ეპატიება, განსაკუთრებით კი - საქმისა და სამშობლოს ღალატი. რაც შეეხება ამ თემის გენდერულ დაყოფას, არ ვეთანხმები. პასუხი ერთნაირად მოეთხოვება ქალსაც და მამაკაცსაც.
- "ლამაზი ქალი სულელია"?
- ბევრს სულელად არა მხოლოდ ლამაზი, არამედ სუსტი სქესის ყველა წარმომადგენელი მიაჩნია. ბუნებრივია, ასე არ არის.
- "ყველა ქალი ერთნაირია"?
- ქალები უცნაურები ხართ.
- "გათხოვდება და ქმარი მიხედავს!"
- ზედმეტად მოძველებული შეხედულებაა. ადამიანმა თვითონ უნდა მიხედოს საკუთარ თავს. ყველას უნდა ჰქონდეს განვითარების საშუალება. ვისაც რისი პოტენცია აქვს, იმის გამოვლინების შანსი უნდა მიეცეს. ზოგი დემოგრაფიულ პრობლემებზე იზრუნებს და გემრიელ სადილს მოამზადებს, ზოგი კი ოჯახის გარეთ უფრო მეტ სარგებელს მოიტანს.
- "ბავშვის მოვლა მხოლოდ დედის საქმეა". თქვენ მონაწილეობდით შვილების გაზრდაში?
- ერთადერთი, რძეს ვერ ვაჭმევდი.
- ღამეებს უთევდით ტყუპს?
- დიახ. როცა ერთი ტირილს იწყებდა, სხვა ოთახში გამყავდა, რომ მეორე არ გაეღვიძებინა. გაგრძელება