დღეს დაიკარგა ოჯახში სუფრის გაშლის ტრადიციაც. რესტორანი და კაფე კარგია, მაგრამ სახლში საუბარი და სტუმრის მიღება სხვაა მსახიობი თამრიკო მაყაშვილი თანამედროვედ მოაზროვნე, მაგრამ იმავდროულად ტრადიციული ქალბატონი გახლავთ, ცდილობს შეინარჩუნოს ისეთი ტრადიციები, რაც დღევანდელობამ ნელ-ნელა გადაშენების პირას მიიყვანა.
- ძალიან ტრადიციული ადამიანი ვარ და ჩემს ოჯახში დღემდე შენარჩუნებულია სტუმრის სახლში მიღების ტრადიცია, შეიძლება არაფერი გქონდეს, მაგრამ არაა აუცილებელი, გოჭზე იქეიფო, მთავარი ერთად ყოფნა და დროის სასიამოვნოდ გატარებაა. ხალხი ოჯახურ გარემოში სტუმრობას იმდენად მონატრებულია, რომ დაპატიჟების შემთხვევაში ყველა დიდი სიამოვნებით მოდის. სამწუხაროდ, ეს ტრადიცია თითქმის აღარ არსებობს, მეტიც, ბევრ ოჯახში სუფრის გასაშლელი მაგიდაც აღარ არის და პუფების დონეზე არიან დარჩენილები. მე კი მაქვს დიდი მაგიდა, რომელიც იშლება და კარგ სუფრებს მასპინძლობს. დღეს უმრავლესობა კაფეებსა და მსგავს ადგილებში იმაზე მეტს ხარჯავს, რაც სტუმრის სახლში მიპატიჟება დაუჯდება, რასაკვირველია, რესტორანი და კაფე კარგია, მაგრამ სახლში საუბარი და სტუმრის მიღება სხვაა.
- ჩვენთან მეზობლობის ტრადიცია განსაკუთრებულად აქტუალური იყო, ახლა კი თითქოს ეს ნელ-ნელა ქრება.
- ბედნიერი ვარ, რომ არაჩვეულებრივი მეზობლები მყავს, რომლებიც ნათესავებზე მეტნიც კი არიან. არაფერს ვამბობ კარის მეზობელზე, რომელთანაც დაკაკუნების გარეშე შევდივარ, ანალოგიური სიტუაციაა ჩემთანაც, სადაც სახლის კარი არ იკეტება. მეტიც, არ დაგვვიწყებია სადილის მიწოდების ტრადიცია, თითქმის მთელი სადარბაზო ერთმანეთს ვუგზავნით კერძებს, მართალია, ძირითადად ძველი მეზობლები ვართ ჩვენს ეზოში, მაგრამ ვინც კი ახალი შემოგვემატა, ისინიც მეტ-ნაკლებად შემოგვიერთდნენ და მოერგნენ ჩვენს სიტუაციას. თუმცა ვიცი და გამიგია ისიც, რომ არიან ოჯახები, რომლებიც არათუ სადარბაზოს მეზობლებს, კარის მეზობელსაც კი არ იცნობენ, მე ისეთი ტიპი ვარ, სადაც უნდა ვიცხოვრო, შევაჭრი და თვითონ გავიცნობ მეზობლებს, სხვანაირად არ შემიძლია.
- როგორც ვხედავ, თქვენ მეზობლებში გაგიმართლათ, თუმცა სამეზობლოში ხშირია ჭორაობა, პირადი ცხოვრების განხილვა და ა.შ.
- ჩვენთან ყურადღება არავის მიუქცევია იმისთვის, ვინ მოვიდა ღამის 3 საათზე და ვინ დილის 9 საათზე, ჭორაობა კი ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის იყო, არის და იქნება. ეს მარტო მეზობელზე არაა დამოკიდებული, რადგან შეიძლება, შენი ამბავი ოჯახის წევრმა გაიტანოს გარეთ. ისე, ჭორის გარეშე ჩვენი ქალაქი არ არსებობს, ადამიანი, რომელიც თავის საქმეს არ აკეთებს, კავდება სისულელეებით და იწყებს განსჯას, ვინ ვის რა უთხრა, სად იყო და ა.შ. ამას მე ''ციგნის ფოსტას'' ვეძახი, რომელიც ყოველთვის იარსებებს, ყველაზე კარგი გამოსავალი ისაა, რომ ყურადღება არ მივაქციოთ, ხომ გაგიგიათ გამონათქვამი - ილაპარაკოს, რა, ნისკარტი მოუცვდებაო?!
- ქუჩაში ხშირად ვხედავთ ბიჭებს საყურით, პირსინგით, ვიწრო შარვლით, მათი შემხედვარე საზოგადოების ნაწილი ამბობს, გადაჯიშდა ქართველი ერიო, ეთანხმებით ამას?
- მსგავსი გარეგნობის, ჩაცმულობისა და ვიზუალის ბიჭები ყოველთვის იყვნენ. პირადად მე მამაჩემის უზარმაზარი ჩექმითა და პიჯაკით რომ დავდიოდი, ხალხი შოკში ვარდებოდა. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ჩაცმულობა ინტელექტს არ განსაზღვრავს. მამათმავლობაც ყოველთვის არსებობდა, მაგრამ მაშინ დაფარული იყო, დღეს კი მოდურია. ან როგორ არ იქნება მოდური, როცა დღეს სკოლებში ტუჩზე კონტურგაკეთებული მამრობითი სქესის მასწავლებლებს ვხვდებით?! ეს მე აღმაშფოთებს. მსგავსი ორიენტაციის ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ კონტაქტი გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვებთან, თორემ მერე და მერე, როცა ადამიანი ჩამოყალიბდება, ვისთანაც უნდა, იმასთან იურთიერთებს.
მე ვიყავი ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც არატრადიციული ორიენტაციის მქონე ტიპებთან ერთად ჩნდებოდა ქალაქში, რაც სალაპარაკო ხდებოდა. მიუხედავად ამისა, არ გამიხარდება, რომ ჩემი შვილები მათ გაზარდონ. ჩემ ირგვლივ მყოფ მსგავს ადამიანებს გაცნობიერებული აქვთ თავიანთი ''ავადმყოფობა'', მაგრამ დამიჯერეთ, მათთან კონტაქტისას, სუფრაზე მოხვედრისას ვერ მიხვდებით, რომ ისინი არ არიან ნატურალები, ამას ხაზს არ უსვამენ, რადგან ისინი ინტელექტუალები გახლავან. განათლებული ადამიანი არასდროს უსვამს ხაზს არც თავის წარმომავლობას, არც თავის ორიენტაციას და არც თავის რელიგიურ მრწამსს. მე წლების განმავლობაში მყავდა მეგობარი, რომელიც თურმე ბუდიზმის მიმდევარი ყოფილა და ეს ძალიან გვიან, მრავალწლიანი მეგობრობის შემდეგ გავიგე.
- შვილებისთვის მეგობრების შერჩევის საკითხს როგორ უყურებთ?
- რასაკვირველია, გინდა, შვილი კარგ წრეში გყავდეს, ამიტომ თავიდანვე ცდილობ, კარგი ადამიანების გარემოცვაში მოხვდეს, შემდეგ კი თავად გადაწყვეტს, ვისთან უნდა იმეგობროს და ვისთან - არა, თუმცა ყოფილა შემთხვევა, როცა ზრდასრულობაშიც ჩავრეულვარ ამ საკითხში.
- შვილების პირად ცხოვრებაში თუ ჩარეულხართ?
- დიახ, რჩევა მიმიცია, არ დაუჯერებიათ და ცხვირით დასჯახებიან პრობლემას, მაგრამ ეს თითქმის ყოველთვის ასე ხდება. მერე კი იხსენებენ, შენ ხომ ასე თქვიო.
- ქალბატონო თამარ, მარად სადავო ქალიშვილობის ინსტიტუტზე რას ფიქრობთ?
- ახლა ნაკლებად ინტერესდება ხალხი, რას იტყვის მეზობელი და ამიტომ სექსუალური ცხოვრება უფრო თავისუფალი გახდა. თორემ, ვინ თქვა, 60 წლამდე მაინცდამაინც ქალიშვილი იჯექიო? ვისაც რა უნდა, ის აკეთოს. თუმცა დღემდე არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, ჩემი შვილი ქალიშვილი უნდა იყოსო. ეს ყველაფერი სისულელეა, ჩამორჩენილობა...
- არსებობენ მამაკაცები, რომელთაც მაინცდამაინც ქალიშვილი ცოლი უნდათ.
- ჰოდა, უმეტესად მასეთებს გამოჰყავთ ბორდელიდან ცოლები.
- ოჯახი ერთჯერადი ღალატის გამო უნდა დაინგრეს?
- ალბათ, არა. ეს ძალიან ინდივიდუალურია. ერთია, როცა ფიზიკურად გღალატობენ, რაც ჩემთვის არაფერია და მეორეა, როცა თავიდან ბოლომდე, სულით გღალატობენ. იხილეთ სრულად